Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგამა


554-ე გამოშვება.


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 554-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით ერთ კონკურსზე, რომელიც ლიტერატურული პერიოდიკის ფინანსურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად; გარდა ამისა შემოგთავაზებთ სიუჟეტს ქართველი სტუდენტების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე, რომელსაც ეწოდება "ათნახევარი დღე გერმანიაში"; მოგითხრობთ ცნობილი ქართველი მუსიკათმცოდნის, გულბათ ტორაძეზე; აგრეთვე გაგაცნობთ ერთ პროექტს, რომელიც თბილისის ჰერალდიკას ეხება; ჩვენი დღევანდელი გამოშვების სტუმარია ათენის ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის წევრი, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ირინა მატოიანი.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ბიუჯეტი ლიტერატურულ პერიოდიკას კონკურსის წესით დააფიანანსებს

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ წელს პირველად გამოაცხადა კონკურსი სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემაზე. სამინისტრო მზადაა წლის ბოლომდე 12-12 ათასი ლარით დააფინანსოს კონკურსში გამარჯვებული რამდენიმე პერიოდული სალიტერატურო გამოცემა - ჟურნალი ან გაზეთი. სიახლე უდაოდ იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას, ვინაიდან აქამდე ქართული სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები მხოლოდ საკუთარი საქმიანი ალღოს, უფრო სწორად კი "მარიფათის" წყალობით ახერხებდნენ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას. ვინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა გარანტირებულ დაფინანსების, ვის კი მხოლოდ მკითხველისა და მეცენატების წყალობით ედგა სული. უფრო მეტს ამ საკითხის შესახებ ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.

- ჰონორარი ხომ არ არის შემთხვევით?

[ქალბატონის ხმა ] “იცით რა, სამწუხაროდ არა, ჯერჯერობით არ არის და ალბათ სექტემბრის 20-მდე არაფერი არ იქნება.”

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
ეს არის ის სტანდარტული პასუხი, რომლის მოსმენაც სისტემატურად უწევთ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში მომუშავე ავტორებს. მწირი და თვეობით დაგვიანებული ჰონორარი ქართული ლიტერატურული პერიოდიკის ერთგვარ საფირმო ნიშნად იქცა. არადა სახელმწიფო ცალკეული გამოცემების დასაფინანასებლად ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ათობით ათას ლარს გამოჰყოფდა ხოლმე, თუმცა იმის გამო, რომ თანხები კონკურსის გარეშე ნაწილდებოდა, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი შესაბამის ეფექტს ვერ იძლეოდა. თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა საქართველოში გამომავალ ლიტერატურულ-ჟურნალ გაზეთებს, მწერალ შადიმან შამანაძის, ჟურნალ “არილის” მთავარი რედაქტორის შემდეგი სიტყვებიდანაც კარგად ჩანს.

[შადიმან შამანაძის ხმა ] “ძალიან მინიმულრი ხარჯებით ვცემდით, “არილი” ისეთ ქაღალდზე გამოდის… ლევან თითმერია ძალიან დიდ პატივს გვცემს, 3-4 ათასი ლარი ვალი გვქონია სტამბის და მაინც დაუბედავს. ჰონორარს რაც შეეხება, ხელფასი და რაღაცა თითქმის არ გვაქვს, ან თუ გვაქვს მინიმალური. სხვა არ ვიცი რაღაც გრანტებით გადიან ფონდს… არ ვიცი, ყოველშემთხვევაში არც არსებობს “არილის” გარდა (“ცისკარი” და “მნათობიც” რაღაცას ახერხებენ) ასე პერიოდულად რომ გამოდიოდეს არც არის ეგეთი ჟურნალი. ერთი-ორი გამოვა და მაშინვე დაიხურება.”


ვითარების შესაცვლელად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ წელს პირველად გამოაცხადა კონკურსი სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემაზე. მინისტრის მოადგილის ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს და დააფინანსოს ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები 2004 წლის ბოლომდე.
“კონკურსის ამოცაა სტიმულირება გაუწიოს ახალი ნაწარმოებების შექმნას, თარგმნას და გამოქვეყნებას, გაზარდოს საზოგადოების ინტერესი ლიტერატურის მიმართ და დააკმაყოფილოს მკითხველის მოთხოვნილება თანამედროვე და მაღალმხატვრული კრიტერიუმების შესაბამისი სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემაზე”, ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი და დასძენს.

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა ] “აუცილებლდა გამოიწვევს მაღალი ხარისხის ლიტერატურის მისაწვდომობის უფრო გაიოლებას ფართო საზოგადოებისთვის. ეს აუცილებლად გამოიწვევს პროფესიული სამწერლობო სივრცის კიდევ უფრო გაძლიერებას, კიდევ და კიდევ ახალი სახეების გამოჩენას ჩვენს ლიტერატურულ ასპარეზზე. ეს გამოიწვევს დიდ იმედს, რომ ნებისმიერი კვალიფიციური და მაღალხარისხოვანი ლიტერატურა იქნება აუცილებლად ბოლომდე საზოგადოებისთვის მისაწვდომი, გამოცემის თუ პოპულარიზაციის მხრივ”.

და ბოლოს, 2004 წლის 10 სექტემბერი - ეს არის კონკურსის პირობებით, პროექტის სამინისტროში განსახილველად წარდგენის უკანასკნელი ვადა. ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, კონკურსის წესით დაფინანსება მომავალი წლიდან სამინისტროს მუშაობის სტილად იქცევა.

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ათნახევარი დღე გერმანიაში

ბიძინა რამიშვილი:
მალე ზაფხულის არდადეგები დასრულდება და მოსწავლეების და სტუდენტების ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. თუმცა, ალაბთ, ზაფხულის შთაბეჭდილებები ბევრ მათგანს დიდხანს გაყვება. მით უფრო, თუ ეს უცხოეთში პირველი მოგზაურობით გამოწვეული შთაბეჭდილებებია და თუ ეს მოგზაურობა, ასე ვთქვათ, საქმიან ხასიათს ატარებდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული პროფესიების ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილების მეოთხე კურსის 12 სტუდენტი ზაფხულში გერმანიაში მოგზაურობდა. მოგზაურობის შედეგია დოკუმენტური ფილმი „ათნახევარი დღე“, გერმანიის კულტურასთან შეხვედრით გამოწვეული ემოციები და ახალი გეგმები. მოგითხრობთ თამარ ჩიქოვანი.

[ პაატა შენგელიას ხმა] „ მე რას გადავიღებდი? ჩვენ ვმუშაობთ ანიმაციურ ფილმზე, რომელიც დაფუძნებულია ვან გოგის ნახატებზე.“

თამარ ჩიქოვანი:
პაატა შენგელიას ეს აღიარება გასაგებს ხდის, გერმანიაში ქართველი სტუდენტების მიერ გადაღებულ ფილმში „ათნახევარი დღე“ რატომ ჩერდება კამერა მუზეუმში ყველაზე დიდხანს ვან გოგის ‘“მზესუმზირებთან“. გადამღები ჯგუფის წევრების შინაგან განწყობაზე, ალბათ, ფილმის ბოლო კადრებიც მეტყველებს, როცა ისინი გერმანიას წვიმიან ამინდში ემშვიდობებიან, თითქოს ძალიან უჭირთ განშორება.
ამ თავისებური კინო ექსპედიციის წევრების აღიარებით, ათნახევარი დღე ძალიან ცოტაა ახალი ქვეყნის ახლოს გადაცნობად. თუმცა, როგორც ჩანს, საკმარისია მეგობრებისა და გულშშემატკივრების გასაჩენად. კურსის ხელმძღვანელის, რეჟისორ გელა კანდელაკის თქმით, გერმანიის კინოსკოლაში ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ნამუშევრების მიმართ ინტერესი ნამდვილად გაჩნდა - აქვე გეტყვით, რომ ერთი ფილმის გარდა, სტუდენტებმა გერმანიაში ჩრდილების თეატრის წარმოდგენაც გამართეს.
[გელა კანდელაკის ხმა] „ თუ ნაემტანი არ გავიგიჟეთ თავი და მოსფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნორმალურ ფარგლებში ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, იმედიანად ვარ განწყობილი. ახლა, რომ ჩავედით, ამათ მოახდინეს ჩემი სახელის რეანიმაცია. ჩემდამი ინტერესი უფრო გაღვივდა. ძალიან ბევრი შეთავაზებაა და, ვფიქრობ, ადვილად შეიძლება შევქმნათ ერთობლივი სტუდია. მე შემიშლია კონკრეტულად ვთქვა, რომ ამ ახალგაზრდების მიმართ გერმანიაში ად ჩვენი პროდუქციის მიმართ დიდი ინტერესია. რა ფორმას მიიღებს ეს - მარტო ჩვენს ურთიერთობაზე არ არის დამოკიდებული. პოლიტიკურად ქვეყანა ქვეყანას უნდა დაესმგავსოს. თუ დაემსგავსება - პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ვერა - საერთოდ, ვინმეს რამე დასჭირდება?“
შოთა თურქიას დაკვირვებით, გერმანიაში სასწავლო პროგრამა დიდად არ განსხვავდება იმ პროგრამისგან, რომლითაც ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ - აქ კიდევ ერთი განმარტება იქნება საჭირო - ეს კურსი ექსპერიმენტულია. ანუ აუცილებელი საგნების გარდა, სტუდენტები ინდივიდუალური პროგრამით მეცადინეობენ. შესაბამისად, შოთა თვლის, რომ მათი თეორიული მომზადება, შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს.
[შოთა თურქიას ხმა] „ ჩვენი სწავლა სჯობია. ჩვენ ექსპერიმენტული ჯგუფი ვართ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის მეთოდი, რომელიც ჩვენმა პედაგოგებმა აირჩიეს, მართლაც საუკეთესო და სწორია. ბევრ რამეში ემთხვევა მათ პროგრამას, მაგრამ, მე მგონი, ჩვენი უფრო საფუძვლიანია. სხვა მხრივ, იქ პირობები უკეთესია, რა თქმა უნდა...“
სხვათაშორის, ისევ და ისევ ახალგაზრდების პირველი შთაბეჭდილებით, ჩვენ და გერმანელები საკმაოდ განვსხვავდებით ერთმანეთისგან - პირველ რიგში, პაატა შენგელია ურთიერთობების კულტურას გულისხმობს:
[პაატა შენგელიას ხმა] „თითქოს, ერთი შეხედვით, ძალიან განსხვავდებიან იმით, რომ თითქოს უფრო ცივები არიან, პედანტურები - სულ წუთებს უყურებენ, მაგრამ ისეთიც არის ხალხი, ასეთიც...“
სამაგიეროდ, ამ ახალგაზრდებს არ გაკვირვებიათ გერმანელების განსაკუთრებული დამოკიდებულება დროისადმი. ამის ახსნას გელა კანდელაკი კურსის განსაკუთრებული სასწავლო პროგრამით ხსნის:
[გელა კანდელაკის ხმა] „ეს ახალგაზრდები ყოველდღიურად შრომობენ 10-12 საათი. ამიტომ გერმანიაში მათ ეს არ გაურკვირდებოდათ. სხვა რამ იყო - მათ დაინახეს, რომ მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს. ამიტომ, გამიადვილდება, უფრო მომთხოვნი ვიყო.“
თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი გეგმების მიუხედავად, ამ ახალგაზრდების მომავალი დღეს საკმაოდ ბუნდოვანია - საქმე ის გახლავთ, რომ აქამდე მათ სწავლის ფული პრეზიდენტის ფონდიდან ირიცხებოდა
[გელა კანდელაკის ხმა] „ეს ჯგუფი ფინანსდებოდა პრეზიდენტის ფონდიდან. წელს როგორ იქნება საქმე - არ ვიცი. თუ უსმენენ ამ გადაცემას ხელისუფალნი - მივმართავ მათ, რომ ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ სწავლის ფულის გადახდა, რადგან ისინი ამას იმსახურებენ.“
რატომ იმსახურებენ? - თუნდაც იმიტომ, რომ ეს ჯგუფი რეალურად უკვე დამოუკიდებელი სტუდიის ფუნქციას ასრულებს - ყველა სტუდენტი ფლობს არა მხოლოდ რეჟისორის, არამედ ოპერატორის, სცენარისტის, ხმის ოპერატორის ჩვევებს. გარდა ამისა, მათ საკმაოდ ეფექტურად ჩაანაცვლეს ჩრდილების თეატრის დასის ძველი შემადგენლობა და დღეს საკმაოდ პროფესიულ დონეზე მართავენ წარმოდგენებს. და ბოლოს - ამ კურსის ყველა სტუდენტი აფხაზეთიდან დევნილია. ადრე თუ გვიან, როცა აფხაზეთის პრობლემა მოგვარდება, ამ ახალგაზრდების სახით აფხაზეთში დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული სტუდია იარსებებს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


ჟურნალისტიკა - ცნობილი ქართველი მუსიკის მცოდნის ჰობი

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში არც თუ ბევრია ადამიანი, რომელიც ძირითადი პროფესიის გარდა, კიდევ სხვა და ამასთან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობით არის დაკავებული. მათ რიცხვს განეკუთვნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, მუსიკის მცოდნე გულბათ ტორაძე. იგი დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, რაც აქტიურად მუშაობს სპორტული ჟურნალისტიკის ჟანრში. ამ ორიოდე წლის წინ კი, პუბლიცისტიკაშიც მოსინჯა კალამი, - თავის უფროს მეგობარს საინტერესო წიგნი მიუძღვნა.
გულბათ ტორაძეს ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
გულბათ ტორაძის ჟურნალისტური მოღვაწეობა, ბავშვობის ორ გატაცებას, ფეხბურთსა და ჭადრაკს უკავშირდება. საინტერესოა, რომ 1945 წელს მან ითამაშა საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა პირველობაზე ლენინგრადში. საქართველოს ღირსებას იქ იცავდა იმჟამად თბილისში მცხოვრები კიდევ ერთი ახალგაზრდა, მომავალი მსოფლიო ჩემპიონი, ტიგრან პეტროსიანი.

პირველი საჭადრაკო პუბლიკაციით გულბათ ტორაძემ სწორედ ეს ამბავი გაიხსენა: 1969 წელს, ბიულეტენში, რომელიც პეტროსიან-სპასკის მატჩისთვის გამოიცემოდა, დაიბეჭდა მისი წერილი სათაურით: 24 წელი გავიდა.

[ტორაძის ხმა]“ამის შემდეგ ერთგვარად მადა გამეხსნა. ჩემი ახლო მეგობარი იყო მიხეილ ტალი. მისი თბილისში ყოფნისას სულ ერთად ვიყავით.
დაწერილი მაქვს მოგონებები ტალზე, პატროსიანზე და უკვე ბოლო პერიოდში მოხუც ბოტვინიკს დავუმეგობრდი. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ მოხდა ეს”.

1938 წელს ამსტერდამში გაიმართა “ავროტურნირის” სახელით ცნობილი ასპარეზობა მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეთა მონაწილეობით. მათ შორის იყვნენ მსოფლიო ჩემპიონი ალიოხინი, ექს-ჩემპიონები კაპაბლანკა და ეივე, მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ბოტვინიკი.
სულ რაღაც ერთ წელიწადში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ უნიკალური ტურნირის შესახებ წიგნის დასაწერად ვერავინ მოიცალა.

50 წლის შემდეგ ეს დანაკლისი გულბათ ტორაძემ შეავსო.
ის, რომ წიგნი მზადაა, თავად მიხეილ ბოტვინიკს 1990 წელს ტელეფონით ამცნობს ცნობილი ეტიუდისტი გია ნადარეიშვილი და გარკვეულ თანადგომას სთხოვს წიგნის გამოსაცემად. ჭადრაკის პატრიარქი სიამოვნებით თანხმდება, რის შემდეგ გულბათ ტორაძე მოსკოვში ჩადის და თავად ურეკავს ბოტვინიკს.

[ტორაძის ხმა] “ჰოდა, იღებს ყურმილს და მოულოდნელად მესმის: “ო, ზდრავსვუეტე, გენაცვალე, როგორ ბრძანდებით?”
წარმოგიდგენიათ, ქართულად მომმართა.
ცოდნია ცოტა ქართული - ჰყავდა ქართველი მეგობრები, მაგალითად, თენგიზ გიორგაძე, სხვა მოჭადრაკეებიც. სოხუმში ისვენებდა ხოლმე ხშირად”.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვში წიგნის გამოცემა ვერ მოხერხდა. “ავროტურნირი-1938” საქართველოში გამოიცა მიხეილ ბოტვინიკის წინასიტყვაობით...

გულბათ ტორაძის ერთმა საფეხბურთო პუბლიკაციამ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიც კი ააფორიაქა. საქმე ის არის, რომ 1967 წელს ცნობილმა საფეხბურთო მოღვაწემ და მოსკოვის “სპარტაკის” ერთ-ერთმა მესვეურმა , ნიკოლაი სტაროსტინმა ჟურნალში “სპორტივნიე იგრი” გამოაქვეყნა წერილი, სადაც არაობიექტურად საუბრობდა თბილისის “დინამოს” გუნდზე თითქმის ოცდაათი წლით ადრე გამართულ ერთ-ერთ შეხვედრასთან დაკავშირებით. გულბათ ტორაძემ საპასუხო წერილი დაბეჭდა რესპუბლიკურ პრესაში.

[ტორაძის ხმა] “სულ გავაქარწყლე მისი არგუმენტები და გარდა ამისა სრულიად ლოგიკური კონტრარგუმენტები მოვუყვანე, რომ ბერიას და სტალინს რომ სდომებოდათ, თბილისის “დინამო” ყოველ წელს გახდებოდა ჩემპიონი და თასის მფლობელი. მაგრამ ეს ასე არ იყო”.

სტაროსტინი ამ წერილს რომ გაეცნო, კიდევ ერთი პუბლიკაცია მოამზადა, ამჯერად საქართველოში დასაბეჭდათ. გულბათ ტორაძემაც არ დააყოვნა და გაამზადა წერილი, რომელსაც მისი კერპი, ბორის პაიჭაძე აწერდა ხელს. და აქ უკვე საქმეში პარტიული იდეოლოგები ჩაერივნენ: თბილისში საკავშირო ცკ-დან ჩამოვიდა ფუნქციონერი, გვარად პოტაპოვი და რესპუბლიკური პრესის მესვეურთ უბრძანა, - პოლემიკა შეწყვიტეთო...

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გულბათ ტორაძემ ოცი წერილი დაბეჭდა რუსეთის ჟურნალ “ფუტბოლში”. სტატიები ეძღვნება წარსულის ცნობილ ქართველ და რუს ფეხბურთელებს, მათ შორის, ბორის პაიჭაძესა და ვსევოლოდ ბობროვს, გაიოზ ჯეჯელავასა და ალეკსანდრ პონომოარიოვსა და სხვებს. გულბათ ტორაძეს რუსულ ენაზე დაწერილი პუბლიცისტური ნაწარმოებიც ეკუთვნის. “ჩემი მეგობარი - ლევან ხაიდრავა”, - ასე ჰქვია ამ წიგნს.

[ტორაძის ხმა] “ლევან ხიანდრავა შესანიშნავი ქართველი მწერალი, თუმცა რუსულენოვანი. მას ჰქონდა ფრიად დრამატული ბიოგრაფია, დაიბადა ჩინეთში (სხვათა შორის, მამამისი ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე იყო), საქართველოში ჩამოვიდა 1947 წელს და ცოტა ხანში, როგორც კომუნისტებს სჩვევიათ, თავი უკრეს ციმბირში, როგორც ვითომდა ამერიკელ და იაპონელ ჯაშუშს. მერე უკვე 1955 წელს დაბრუნდა, რასაკვირველია და შემთხვევით გავიცანი. ძალიან დავმეგობრდით. ჩემზე უფროსი იყო 12 წლით”.

გულბათ ტორაძეს, რომელსაც შარშან შემოდგომაზე 75 წელი შეუსრულდა, ჟურნალისტურ მოღვაწეობაში დაგეგმილი აქვს ბოლო დროს გამოქვეყნებული წერილების ერთ წიგნად გამოცემა.


ახალი გერბი, დროშა და ბეჭედი თბილისისათვის

ბიძინა რამიშვილი:
ჰერალდიკით დაინტერესება საქართველოში გამოიწვია ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის შემოთავაზებამ. არაერთი საჯარო დისკუსია გაიმართა როგორც ახალი დროშით, ისე, განსაკუთრებით, ახალი გერბის გარშემო, რომელიც პარლამენტს ჯერაც არ დაუმტკიცებია სახელმწიფო გერბად. და აი, კიდევ ახალი გერბი და დროშა - ამჯერად არა ქვეყნის, არამედ მისი დედაქალაქისათვის. თბილისის ჰერალდიკა - ასე ჰქვია წიგნ-პროექტს, რომლის ავტორი, ზაქარია (ზაზა) კიკნაძე საზოგადოებას თბილისის დეტალურად დამუშავებულ და დასაბუთებულ სიმბოლიკას სთავაზობს. უფრო დაწვრილებით დავით პაიჭაძე გიამბობთ.

დავით პაიჭაძე:
გლდანის გერბი, ვაკე-საბურთალოს რაიონის შტანდარტი, დიდუბე-ჩუღურეთის ბეჭედი და საზეიმო გონფალონი თბილისის გერბის გამოსახულებით - ჩვენი მსმენელის ყურისათვის უჩვეულო ეს შესიტყვებები ამიერიდან კანონიკურს თუ არა საპროექტო დატვირთვას მაინც იძენს. წიგნის “თბილისის ჰერალდიკის” ავტორი ზაზა კიკნაძე არ დასჯერდა მხოლოდ დედაქალაქის სიმბოლიკის დამუშავებას და ცალ-ცალკე წარმოადგინა თბილისის რაიონთა გერბების, შტანდარტებისა და ბეჭდების პროექტები. ეს ყველაფერი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დასტამბა გამომცემლობა “დიოგენემ”.

“თბილისის ჰერალდიკა”, შესაძლოა, პირველი წიგნია ქართულ ენაზე, რომელშიც მკაფიოდ და ლაკონურად არის ახსნილი ძირითადი ჰერალდიკური ტერმინები, აღწერილია კანონები, განმარტებულია ჰერალდიკური ფერებისა და ფიგურების სემანტიკა.

რაც შეეხება თავად თბილისის გერბს, მისი ისტორია სათავეს იღებს 1843 წლიდან. 1878 წელს შეიქმნა თბილისის ახალი გერბი, რომელსაც ზაზა კიკნაძე საკუთარ პროექტს აფუძნებს.

[ზაზა კიკნაძის ხმა] “დღევანდელი გერბი ძველი გერბის ახალი რედაქციაა. ჩვენ ამოვიღეთ ნახევარმთვარე; ეს სიმბოლო ნიშნავს ქრისტიანობის გამარჯვებას მუსლიმანობაზე. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ეს არ იქნებოდა პოლიტიკურად კორექტული. ყვავილოვანი ჯვარი შევცვალეთ საქართველოში უფრო გავრცელებული ჯვრის ფორმით. ყვითელი ჯვარი, მოგეხსენებათ, ჰერალდიკაში ქრისტეს აღნიშნავს, ხოლო ლომის ოთხი “მოგლეჯილი” თავი - ლოგოსს, ქრისტეს სიტყვას. ფარის დამჭერებად წარმოვადგინეთ შევარდენი (თბილისის ლეგენდიდან) და ფარიდან გადმოსული ლომი. ფარი დაგვირგვინებულია ქართული სამეფო გვირგვინით”.

ასე აღწერს თბილისის გერბის წარმოდგენილ პროექტს ზაზა კიკნაძე. ქალაქის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე მე ვთხოვე თბილისის მერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, გამოეხატა დამოკიდებულება ზაზა კიკნაძის ნაშრომისადმი.

[ჭიაბერაშვილის ხმა] “თავად ეს წიგნი და აქ დამუშავებული სიმბოლიკა მე მომწონს. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არსებობენ სხვა ადამიანები, რომელთაც, შესაძლოა, თავიანთი ვარიანტები ჰქონდეთ დამუშავებული. ამიტომ გადაჭრით თქმა, რომ მაინცდამაინც ამ სიმბოლიკას მივიღებთ, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ყველაფერი საჯარო დისკუსიისა და განხილვის საგანია. სპეციალისტები გამოთქვამენ თავიანთ აზრს, თუ სხვა პროექტებიც იქნება, საკრებულო მოუსმენს ყველას და საბოლოო გადაწყვეტილებას ასე მივიღებთ”.

მოკლედ, თბილისის გერბი ჯერ პროექტის სახით არსებობს. მე დავინტერესდი, ამასობაში რა ბედი შეიძლება ეწიოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის შეთავაზებულ საქართველოს სახელმწიფო გერბს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ასეთად ჯერ არ დაუმტკიცებია. ინფორმაციისთვის პარლამენტის წევრს და სახელმწიფო სიმბოლიკის დამდგენი კომისიის თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას მივმართე. ელდარ შენგელაია ამბობს, რომ სახელმწიფო გერბის მიღება არავის დავიწყებია. პარლამენტარებმა არჩიეს კონტაქტი დაემყარებინათ სხვადასხვა ქვეყნის ჰერალდიკურ ასოციაციებთან. მათი ანალიზის შედეგები და ზოგიერთი რჩევა, ელდარ შენგელაიას თქმით, გერბის ავტორმა გაითვალისწინა და სექტემბერში პარლამენტს რამდენადმე სახეცვლილ ვარიანტზე მოუწევს მსჯელობა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ საქართველოს გერბს თურქეთიდან ლაზებიც გამოეხმაურნენ.

[ელდარ შენგელაიას ხმა] “ჩვენ მივიღეთ წერილი ლაზებისგან. ძალიან გახარებულები არიან, რომ ოქროს საწმისი არის საქართველოს გერბზე. ვინაიდან ჩვენ, ლაზები, ვართ კოლხები, კოლხური კულტურა არის ჩვენი, მეგრულ-ლაზური კულტურა და მისი წარმოჩენა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ისევ მოვიპოვეთ ჩვენი სამშობლო”.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის პრაღა.


ინტერვიუ ირინა მატოიანთან

ბიძინა რამიშვილი:
ათენის ოლიმპიადის თემა რადიომსმენელისთვის ახალი არ არის. ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ელგუჯა ბერიშვილი ყოველდღე აშუქებს ელადაში მიმდინარე სპორტულ ბატალიებს. მაგარამ მეათე სტუდიის დღევანდელ გამოშვებაში თქვენს ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობ ოლიმპიადის სამშობლოსკენ, რათა გაგაცნოთ იქ მცხოვრები ჩვენი ერთი თანამემამულე. საბერძნეთში ქართველი სპორტსმენების ექსპორტი ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ დღეს სპორტსმენთან არ მოგვიწევს შეხვედრა. თუმცა ირინა მატოიანის საქმიანობა, რომელსაც გადაცემის დაწყების წინ დავურეკე ათენში, პირდაპირ კავშირშია სპორტთან და ოლიმპიურ თამაშებთან. იგი ათენის ოლიმპიადის ორგკომიტეტის წევრია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ირინა წარსულში ცნობილი სპორტსმენის, სასტენდო სროლის დიდოსტატის, თემურ მატოიანის ქალიშვილი გახლავთ.

იხ. აუდიოვერსია

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულესთან, ათენის ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის წევრ ირინა მატოიანთან.

შეგახსენებთ, რომ მამამისი, თემურ მატოიანი ცნობილი სპორტსმენი გახლდათ, იგი სასტენდო სროლაში გამოდიოდა.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელსაც პრაღაში უძვებოდა ბიძინა რამიშვილი. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG