Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მოექცა.


თამარ ჩიქოვანი,თბილისი გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მოექცა. გარდა ამისა, პრესა ბევრს წერდა საქართველოში არსებული

კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე.

„ელოდეთ ომს, რუსები ოთხი მხრიდან შემოგვიტევენ“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს 25 აგვისტოს გაზეთი „რეზონანსი“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის პრესკონფერენციის ანგარიშს, რომელშიც პარლამენტარმა რუსეთი საქართველოს სამხედრო ინტერვენციის მცდელობაში დაადანაშაულა. გაზეთი წერს:

“ომის საფრთხე რეალურია. თუნდაც გასული დღეების ფაქტები, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევას იგივე რუსული ძალები გულმოდგინედ ცდილობდნენ, ცალსახად ამაზე მეტყველებს. საქართველოში მყოფი ევროკავშირის წარმომადგენელი სწორედ ამ საშიშროებაზე მოუთითებდა. ჰაიკი ტალვიტიე ვიზიტის პირველ დღეს აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოში მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს და ამაში გადამწყვეტი როლი რუსეთმა უნდა ითამაშოს.
საქართველოს პოზიცია ცნობილია. საქართველოს პრეზიდენტის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება იმის დამადასტურებელია, რომ საქართველო პრობლემის მოგვარების მშვიდობიან გზას ირჩევს. თუმცა, თავდასხმის შემთხვევაში, „თუ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიისკენ დაიძვრებიან, საქართველოს ხელისუფლება თავისი საზღვრის დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს,“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ, მოსალოდნელი ინტერვენციის შემთხვევაში, ქართულ მხარეს საკუთარი შეიარაღებული ძალების და საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს.“




როგორც 28 აგვისტოს გაზეთი „ხვალინდელი დღე“ წერს, მითი ახალი რუსეთისა და რეფორმირებული საქართველოს დამეგობრების შესახებ საბოლოოდ გაქრა. ჩრდილოელი მეზობელი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალ შეტევას იწყებს. გაზეთის ვარაუდით, ერთ-ერთი ბერკეტი, რომლის ამუშავებითაც რუსეთი საქარველოს შენარჩუნებას შეეცდება, სავიზო რეჟიმია. შემთხვევითი არ არის, რომ 27 აგვისტო თბილისში რუსეთის საელჩომ დასვენების დღედ გამოაცხადა და ვიზების გაცემა შეაჩერა. გაზეთი წერს:


“აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიები რომ ქართული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, მთელი მსოფლიო აღიარებს. ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დე ფაქტო სეპარატისტულ მთავრობებს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს, არც მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს მიიჩნევს ვინმე ლეგიტიმურად. „დემოკრატიის საუკუნეში“ ეს თითქოს აბსოლუტურად საკმარისი უნდა იყოს კონფლიქტების ქართული მხარის სასარგებლოდ გადასაწყვეტად, თუმცა იმპერიის საძირკველზე ახლად აშენებულ რუსულ სახელმწიფოში ასე არ ფიქრობენ.
როგორც ჩანს, კრემლში საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას რუსული სახელმწიფოსთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობის“ საკითხად მიიჩნევენ. მოსკოვში იციან, რომ სამხრეთ ოსეთის ქართულ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებას თავისთავად აფხაზეთიც უკან მიჰყვება - რა ეშველება ამ შემთხვევაში ძლევამოსილ იმპერიას, რომელიც ზღვაზე გასასვლელს საბოლოოდ დაკარგავს?
მიუხედავად იმისა, რომ შიდაქართული კონფლიქტების ინტერნაციონალიზაციის შემთხვევაში მორალური და სამართლებრივი უპირატესობები ქართული მხარის სასარგებლოდ იმუშავებს, მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ „ლოზუნგების ომის“წამოწყებას ამჯობინებს. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მოსკოვში, საქართველოს საელჩოს შენობასთან, „ოსი და აფხაზი ხალხის დასაცავად ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო.“ რუსეთის მილიციის მონაცემებით, საქართველოს საელჩოსთან მიმდინარე მიტინგი სანქცირებულია. მიმდინარე ტერიტორია მილიციის ალყაშია მოქცეული, დაყენებულია გადამღობი გისოსები. რუს სამართალდამცავთა თქმით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იმის გამოა მიღებული, რომ საქართველოს დიპლომატიური მისიის შენობას უცნობებმა ქათმის კვერცხები დაუშინეს.“




23 აგვისტოს გაზეთ „24 საათის“ ცნობით, მოსკოვის ექსპერტთა საზოგადოებაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთის პრეზიდენტის უხილავი მრჩევლები უკვე აყალიბებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის მოდელს. ბუნებრივია, ეს პროცესი კრემლის აქტიური მონაწილეობის გარეშე არ ჩაივლის. ამიტომ მოსკოვში სურთ დაიჯერონ, რომ არც მიხეილ სააკაშვილი იქნება წინააღმდეგი, განიხილოს სტანისლავ ბელკოვის ავტორობით ამ ერთი წლის წინ შექმნილი საქართველოს ფედერალიზაციის მოდელი, რომლის მიხედვითაც, „მგლებიც მაძღრები რჩებიან და ცხვრებიც - უვნებელნი.“
გაზეთი წერს:




“კრემლის ერთ-ერთმა წამყვანმა ნიუსმეიკერმა, სერგეი კარაგანოვმა, უკვე გამოაცხო ოპუსი, სათაურით „მშვიდობით, საქართველო?“ პოლიტილოგი აშკარად კეკლუცობს, როცა წერს, კითხვის ნიშანი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გამოსწორების იმედით დავსვიო. ჩეჩნეთის პატრონი რუსული ელიტა ქართულ მხარეს ისეთ მაღალ მატერიებს შეახსენებს, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, კარაგანოვმა კარგად იცის, სად და როგორ იწერება მსგავსი სცენარები. ამიტომაც იგი სერიოზულად და დიდი ხნით ემშვიდობება საქართველოს.
კარაგანოვს რომ თავი დავანებოთ, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია ბოლო დღეების რუსული პრესაც, სადაც ანტიქართულმა რიტორიკამ თავის პიკს მიაღწია და მოსკოვში, საქართველოს საელჩოს წინ, ახალგაზრდების პერმანენტულ აქციას დაემსგავსა. მოსკოველი ექსპერტების აზრით, ვაშინგტონელი მრჩევლების აქტიური ჩართვის შემდეგ, საქართველოს საკითხში პუტინის კაპიტულაციას ზედ დაერთო საქართველოს პრეზიდენტის მოჩვენებითი კაპიტულაციაც, როცა მან ცხინვალის მისადგომებთან უკვე დაკავებული სტრატეგიული სიმაღლეები სამშვიდობოებს გადასცა. მოსკოვში ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ამ „გადაცემას“ რეალურად კონფლიქტის ფორმატის შეცვლა აღარ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი და დროებითია. რუსი ექსპერტების აზრით, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს გაერთიანებისთვის უკან აღარ დაიხევს. რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ უკვე კარგად გაიცნობიერა, რომ საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ფეხზე წამოყენების სიმძიმე იტვირთა, ბოლომდე ივლის მიზნის მისაღწევად. მოსკოვი ყველაზე მეტად ამ რეალობას უფრთხის და ძველ საქართველოს ემშვიდობება.“



„საქართველოს ხელისუფლების 5 გამოწვევა“ - ამ სათაურით ბეჭდავს 26 აგვისტოს გაზეთი „რეზონანსი“ ინტერვიუს ექსპერტთან იურიდიულ საკითხებში ზაქარია ქუცნაშვილთან. მისი აზრით, დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე 5 გამოწვევაა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სიღატაკის დაძლევა, ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარება, კორუფციის დამარცხება.“ მისი აზრით, ხუთივე საკითხი, თავისი აქტუალურობიდან გამომდინარე, პრიორიტეტული უნდა იყოს ხელისუფლებისთვის და გამოწვევათა ნუმერაციას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს ზაქარია ქუცნაშვილის ინტერვიუდან:


“ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან იგრძნობა სურვილი და მცდელობა კორუფციის დამარცხებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. რაც შეეხება სიღატაკის დაძლევას, ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებას, ეს გამოწვევები რატომღაც უკანა პლანზეა გადატანილი. ბიუჯეტში პროფიციტის მიუხედავად, ეს გამოწვევები მეორეხარისხოვნად რჩება.
ამ გამოწვევების მეორე პლანზე გადაწევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ეს არის უცოდინრობით გამოწვეული პასიურობა ან პიარ-ტექნოლოგიებზე დამყარებული მართვის სტილისთვის უპირატესობის მინიჭება, რაც შემდგომში გამოიხატება: როცა პი-არ ტექნოლოგიებით მართავ, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი გამარჯვება უნდა მოაპოვებინო.
გამარჯვებებში იგულისხმება არა ახალი შენობის აშენებით გამოწვეული სიხარული, არამედ არსებულ შენობათა დაკავებით ან დანგრევით გამოწვეული მყისიერი წარმატებები.
სიღატაკის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება არადემოკრატიულ გარემოში ლამის შეუძლებელია. თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ ჩინეთის მსგავსი სახელმწიფო, სადაც სიტყვის და აზრის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები მხოლოდ საკონფერენციო ტერმინოლოგიას წარმოადგენს, ეს მიდგომა საქართველოსთვის საფუძველშივე მიუღებელია.“





„რით ჰგავს პრეზიდენტი სააკაშვილი რომის პაპს? რამდენი ვიზიტი ჰქონდა 7 თვეში საზღვარგარეთ და რამდენი საათი გაატარა ჰაერში? „ - ამ კითხვებს უპასუხებს 28 აგვისტოს გაზეთი „ალია“, რომელიც მკითხველს შეახსენებს, რომ აქამდე მსოფლიოში ყველაზე მოგზაურ ადამიანად რომის პაპი იოანე პავლე მეორე ითვლება. თუმცა, „ ალიას“ ვარაუდით, შესაძლოა, ამ მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მას მეტოქეობა გაუწიოს. კერძოდ, გაზეთი წერს:





„თუ პრეზიდენტის 7 თვიან მოგზაურობებს დავაჯამებთ, გამოვა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა 7-თვიანი პრეზიდენტობის მანძილზე ჰაერში, სულ მცირე, 183 საათი გაატარა ანუ დახლოებით 8 დღე ჰაერში იყო. მიხეილ სააკაშვილმა 7 თვეში უკვე იმოგზაურა იმდენი, რასაც რომის პაპი ორწელიწად-ნახევარს ანდომებს. რომის პაპს წელიწადში, საშულოდ, 4 ვიზიტი აქვს ხოლმე. მიხეილ სააკაშვილმა კი 7 თვეში 19 ვიზიტი მოასწრო. ჯერჯერობით იოანე პავლე მეორე მას მონახულებული ქვეყნების რაოდენობითღა უსწრებს, მაგრამ ისიც 26 წლიანი სტაჟის წყალობით, თორემ სააკაშვილმა 7 თვიანი პრეზიდენტობის პერიოდში 15 ქვეყანა მოინახულა.”
“ალიასთვის” ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდა სახელმწიფოს პრეზიდენტის ზემოთ ხსენებული ვიზიტები, თუმცა კანცელარია დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში ამ ინფორმაციასაც მოგვაწვდის.
XS
SM
MD
LG