Accessibility links

logo-print

მოსკოვი თბილისთან კონტაქტებს წყვეტს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დიპლომატიური ომი მოსკოვსა და თბილისს შორის გრძელდება. 27 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით,

ამ ეტაპზე რუსეთი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქართველოს მხარესთან მოლაპარაკების გაგრძელებას ე.წ. დიდი ხელშეკრულების პროექტისა და საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხებზე. ამ გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში რუსეთის საელჩოს შენობასთან მიმდინარე „ვაკხანალიას“ ასახელებს.
რატომ შეწყვიტა რუსეთმა საქართველოსთან კონსულტაციები?


გავრცელებული ცნობებით, საქართველოში რუსეთის საელჩო ორშაბათიდან მუშაობას ძველი რეჟიმით გააგრძელებს. როგორც იცით, საელჩოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო - სწორედ ამ აქციას უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაკხანალიას - საელჩომ 27 აგვისტოს შეაჩერა მუშაობა და ვიზების გაცემა. აქცია რუსეთის საელჩოს შენობის წინ დაიშალა.
სამაგიეროდ, საპროტესტო აქციების ტალღა ძლიერდება მოსკოვში, საქართველოს საელჩოს შენობასთან. ოსი და რუსი ახალგაზრდები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. უახლოეს დღეებში აქციებს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრებიც შეუერთდებიან.
მოსკოვში რუსეთის საელჩოს შენობასთან მიმდინარე „ვაკხანალიის“ მიუხედავად, საქართველოს საელჩოს რუსეთში მუშაობა არ შეუწყვეტია. არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განუცხადებია, რომ უადგილოდ მიაჩნია რუსეთთან მოლაპარაკების წარმოება ჩარჩო ხელშეკრულების ან სხვა სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტების თაობაზე. რეალურად, რუსეთის ხელისუფლებამ ამჯერადაც სათავისოდ გამოიყენა საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვის ფაქტი: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - განუსაზღვრელი ვადით გადადო ქართულ მხარესთან ქვეყნის ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების განსაზღვრა - როგორც ცნობილია, ამ თემაზე მხარეების მორიგი შეხვედრა სექტემბერში უნდა გამართულიყო. და მეორე - ისევ განუსაზღვრელი ვადით გადადო რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების დოკუმენტის ტექსტის შეთანხმება. გავრცელებული ცნობებით, შესათანხმებლად მხოლოდ სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული საკითხებია დარჩენილი.
კიდევ უფრო ადრე, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ირგვლივ არსებული ვითარების გამო, პრეზიდენტმა პუტინმა მიზანშეუწონლად მიიჩნია შემოდგომაზე საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლა - ამ ვიზიტის თაობაზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ჯერ კიდევ თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში პირველი ვიზიტისას, შეთანხმდნენ. ასე რომ, თითქოსდა, განაწყენებული კაცის პოზაში აღმოჩენილმა კრემლმა ამ ეტაპზე, დიპლომატიური ომის შედეგად, აქტივში რამდენიმე ქულა ჩაიწერა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მოახერხა დროში გაეწელა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზების გაყვანის თარიღის განსაზღვრა.
XS
SM
MD
LG