Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამას წინათ რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეულ პროგრამაში


ამას წინათ რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეულ პროგრამაში

"ოქროს საუკუნე” გიამბეთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მერილენდის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე “ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა”, პროექტზე, რომლის ავტორები ამტკიცებენ, რომ ადამიანის უფლებები არასდროს ყოფილა უცხო ქართული კულტურის ისტორიისთვის.

მაგრამ “აირის ცენტრის” კონკურსი მიზნად ისახვდა არა მხოლოდ კულტურის ისტორიის კვლევას. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც თანამედროვე ქართულ ხელოვნებას იკვლევენ. გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ: ხელოვნებათმცოდნეები - ალექსანდრა გაბუნია და ნინო გუჯაბიძე, კინორეჟისორი ქეთევან გუჯაბიძე. მათი ინიციატივით ქართველმა მხატვრებმა მოაწყვეს ფოტოგამოფენები, პერფომენსები... გამოუშვეს საფოსტო ბარათები “ადამიანის უფლებები და კულტურა”, რომელშიც ზოგან ფიროსმანის, გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის ცნობილი ტილოებია გათამაშებული. მაგალითად, ფიროსმანის “მეთევზეს” დართული აქვს წარწერა “ადამიანს აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება”, დავით კაკაბაძის ერთ ცნობილ კოლაჟს ასეთი წარწერა ახლავს: “საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 23.2 დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა”.

...და, რაც მთავარია, შესაძლებელი გახდა დოკუმენტური ფილმის გადაღება, სახელწოდებით “რამდენიმე განმარტოებული კადრი... რამდენიმე ეული არსებისა და საგნის შესახებ”... ფილმისა, რომლის ჟანრს სურათის ავტორი ქეთევან გუჯაბიძე ასე განსაზღვრავს: “დოკუმენტური ფილმი, მცირედი მხატვრული ელემენტებით”. თუმცა ქეთევან გუჯაბიძე აქ თავმდაბლობას იჩენს – ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმში მხატვრული ელემენტი საკმაოდ ბევრია... მხატვრულ ფილმებს კი, სამწუხაროდ, საერთაშორისო ფონდები, ფაქტობრივად, არ აფინანსებენ... ფილმის პროდიუსერის ალექსანდრა გაბუნიას თქმით, ამიტომაც გაუჭირდათ პროექტის ავტორებს თანხების მოძიება “განმარტოებული კადრების” გადასაღებად:

[ალექსანდრა გაბუნია] “ეს ფილმი ჩაფიქრებული იყო 1999 წელს, სოროსში შევიტანეთ პროექტი... მე მივუტანე კონცეპტუალისტ მხატვარ ვიქტორ პივოვაროვს... პროექტი არ დაფინანსდა, ვერაფრით ვერ მოვიპოვეთ ვერაფერი; მერე, როცა გამოცხადდა ეს კონკურსი... ჩავდეთ პატარა ლიტერატურული სცენარი ამ კონკურსში – დაფინანსდა. ოღონდ გათვალისწინებული იყო 15 წუთიანი ფილმი, ქუჩაში უნდა გვეჩვენებინა, ვიდეოპროექტორით, მაგრამ შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, სინათლე გვაქვს, ქუჩის შეკრებები აღარ არის აქტუალური, მასალაც შეგროვდა ფანტასტიკური, საარქივო მასალა იყო საინტერესო, ამიტომ გაკეთდა 50 წუთიანი ფილმი.”

გამოდის, რომ ქეთევან გუჯაბიძის ფილმი მხატვარ ვიქტორ პივოვაროვის პროექტის თავისებური ეკრანიზაციაა. “ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს ეული – ამტკიცებს მხატვარი-კონცეპტუალისტი და მარტოობის ოთხ ფორმას (როგორც ფილმშია მითითებული, “ოთხ საფეხურს”) გვათავაზობს: ტრაგიკული, ანუ ეგზისტენციური, კოსმიური, მეტაფიზიკური და ნეტარი, ანუ აბსოლუტური... ე.ი. ვიღაცისთვის მარტოობა –ტრაგედიაა, ვიღაცისთვის – ვნება, ვიღაცისთვის - ნებაყოფლობითი არჩევანი, ვიღაცისთვის კი - “აბსოლუტური ნეტარება”. ქეთევან გუჯაბიძის განმარტოებულ კადრებში სწორედ ამ ადამიანების სახეები ჩნდება. რეჟისორი თბილისის ქუჩებში გადის, ჩადის მიწის ქვეშ, მეტროში, და ცდილობს ასახოს მარტოობისგან დატანჯული თუ მარტოობისგან ბედნიერი ადამიანების სახეები.

[ფილმის ხმა. მეტრო. ბოლოსკენ]

ეს თბილისის მეტროა – ფილმის ავტორთა განმარტებით, “დისფუნქციური ქვეყნის სახე”... მიწისქვეშეთი, სადაც იშვიათად ნახავთ გაღიმებულ ადამიანებს. დროდადრო კამერის მოძრაობას ეგრეთ წოდებული “სტოპ-კადრები” ცვლის. განსაკუთრებული ოსტატობა არაა საჭირო იმისათვის, რომ ამ ადამიანთა სახეები კინოპორტრეტად აქციო. მარტოობისგან თუ გაჭირვებისგან დაღლილი ადამიანის მზერა ზოგჯერ ცარიელია, არაფრისმთქმელი, მაგრამ ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ოპერატორ დავით გუჯაბიძის ეს “სტოპ-კადრი” კი ავტორის მოწოდებაცაა: ჩადით თბილისის მეტროში და ცოტა ხნით დააკვირდით ადამიანთა სახეებს.

[ფილმის ხმა, ედუარდ შევარდნაძე]“მე გარწმუნებთ, ერთ, ორ წელიწადში საქართველო იცხოვრებს ისე, რისი ღირსიცაა ჩვენი ხალხი... მე გადავდგები მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, როცა ჩემი ვადა ამოიწურება. მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, საქართველოს მხარდაჭერის იმედი მაქვს. სანამ ერთად ვართ, არ გადავდგები, მტრის ჯინაზე არ გადავდგები.”

ეს - საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკაა. ქეთევან გუჯაბიძის ფილმში, ედუარდ შევარდნაძის გარდა, სხვა პოლიტიკოსებიც გამოჩნდებიან – ჯემალ გოგიტიძით დაწყებული, ბილ კლინტონით და ჯორჯ ბუშით დამთავრებული... ეს “მიწისზედა სამყაროა”, რომელმაც ზოგჯერ არ იცის, რა ხდება “ქვესკნელში”, რომელსაც ზოგჯერ ავიწყდება, რომ ამ ახალ “მეტროპოლისში” ადამიანები შიმშილისგან იხოცებიან. “ზევითაც” იგივე ხდება. როგორც ქეთევან გუჯაბიძე ამბობს, ფილმის გადაღების იდეა მას ერთი ადამიანის გაცნობის შემდეგ დაებადა – თბილისში, ისტორიის მუზეუმის წინ, მოწყალების იმედით საათობით იჯდა ვინმე “ძია ლევანი”. ქეთევან გუჯაბიძეს მასზე ფილმის გადაღება მოუნდა, მაგრამ როცა სურათზე მუშაობა დაიწყო, ვეღარ იპოვა. “ძია ლევანი” გარდაცვლილა. ქეთევან გუჯაბიძემ ფილმი გარდაცვლილ მათხოვარს მიუძღვნა და იმათ, ვისაც ამ მიწის ქვეშაც და ზევითაც დაკარგული აქვს უფლება იცხოვროს თავისი ცხოვრებით.

[ფილმის ხმა] “შოთა ჩხაიძე. მე გახლავართ ინჟინერი, ტექნოლოგ-მანქანათმშენებელი... ერთი პერიოდი ვმუშაობდი ქობულეთშიც, მრავალდარგოვანი ფაბრიკის დირექტორი ვიყავი. ახლა აღარ ვმუშაობ და აი, ამ საქმიანობას ვეწევი დაახლოებით ხუთი წელია... საეკლესიო... ზოგს თავად ვაკეთებ, ზოგი კიდევ მოაქვთ ჩემთან, მაბარებენ.”

ეს ადამიანი “მიწის ზევით” მუშაობს – ქრისტიანულ ატრიბუტიკას ყიდის ტროტუარზე. ფილმის რეჟისორი ბატონ შოთა ჩხაიძეს და კიდევ ერთ კაცს, რომელიც ქუჩაში მათხოვრობს, კინოს სახლში ეპატიჟება ანდრეი ტარკოვსკის ფილმების, “ნოსტალგიისა” და “მსხვერპლშეწირვის”, სანახავად. ესაა, როგორც ფილმის ტიტრებიდან შევიტყობთ, “სეანსი ორისათვის”... ანუ “დოკუმენტური კინო, მხატვრული ელემენტებით”... ამ ძალიან გრძელი ციტატით ფილმის რიტმი ირღვევა, თუმცა სათქმელი უფრო მკაფიოდ გაისმის – მარტოობა გლობალური პრობლემაა, მთელ მსოფლიოში დღეს უამრავი ადამიანია გაუცხოებული... კინოსეანსზე დაპატიჟებული ორი მამაკაცი ყურადღებით უყურებს ტარკოვსკის ფილმების კადრებს და ცრემლი ერევა.

ქეთევან გუჯაბიძემ დაახლოებით ათი წლის წინ დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი – დიდი რუსი რეჟისორის მარლენ ხუციევის სახელოსნო. ხუციევის გავლენა აქ აშკარაა. თავისი სახელოვანი მასწავლებლის მსგავსად, ქეთევან გუჯაბიძესაც სჯერა, რომ სინამდვილე, ცხოვრება თავადაა “მხატვრული ნაწარმოები”, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ “აღბეჭდვა” და ფაქტის პოეტურ სახედ გადაქცევა სჭირდება. თავისი სახელოვანი მასწავლებლის მსგავსად, ქეთევან გუჯაბიძეც ვერ ემიჯნება პათეტიკურ ვნებებს. ფილმის ბოლოს კიდევ ერთ წარწერას რთავს: “ცოტაოდენი პათეტიკა ცივი ცის ქვეშ” და სამების ტაძრის მშენებელთა პორტრეტებს გვიჩვენებს... როგორც ჩანს, იმის სათქმელად, რომ მარტოობა ვიღაცისთვის “ნეტარებაა”... თუმცა, საეჭვოა, ყველა “ნეტარი” გახდეს. საქართველოში ხელისუფლება გამოიცვალა, “ვარდების რევოლუციაც” მოხდა (ეს კადრებიც ჩართულია გუჯაბიძის ფილმში) - “მიწისქვეშეთში” კი კვლავ არ იღიმებიან ადამიანები.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG