Accessibility links

ევროკომისია აფხაზეთში ''მივიწყებული კრიზისისადმი'' ყურადღებას იჩენს


ევროკომისიამ დასავლეთი საქართველოსთვის, მათ შორის - აფხაზეთისთვის 4 მილიონი ევროს ჰუმანიტარული

დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა თითქმის უგულვებელყოფს იმას, რაც აფხაზეთის მოსახლეობას კონფლიქტმა მოუტანა.

ორ თვეზე ცოტა მეტია, რაც საქართველომ დონორების საერთაშორისო კონფერენციიდან მილიარდი დოლარი მოიპოვა. თუმცა, არაფერი თქმულა ჰუმანიტარული ღონისძიებების დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაზე. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი ისეთი ვითარებაა, რომ რეფორმების გატარებამდე აუცილებელია მოსახლეობას სასწრაფოდ გაეწიოს ჰუმანიტარული დახმარება. "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას ევროკომისიის ჰუმანიტარული ოფისის "ექოს" მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელმა ფილიპ როიანმა ვითარება ასე აწერა:

[როიანის ხმა]
"გაჭირვებაა ყველაფერში, უმთავრესი კი მათ შორის საჭმელია. სურსათი არის აფხაზეთშიც და სურსათი არის სამეგრელოშიც. პრობლემაა ის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ამ სურსათის ყიდვა. ბევრს აქვს თავშესაფრის პრობლემა, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათ არა აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებაც. სწორედ აღნიშნული სამი სფერო მოექცევა 2004 წლის განმავლობაში "ექოს" მოქმედების არეალში".

ევროკომისიის დოკუმენტში აფხაზეთი მოხსენიებულია როგორც "განადგურებული რეგიონი". აღნიშნულია აგრეთვე, რომ აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა ომამდელი 500 ათასიდან დაახლოებით 100-150 ათსასმდე შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის თითქმის ერთი მეხუთედი სიღატაკეში ცხოვრობს, მათი უმეტესობა ხანდაზმულები არიან.

ევროკომისიის ანგარიშში ისიც წერია, რომ აფხაზეთის ეკონომიკა ბოლო 15 წლის მანძილზე 80-90 პროცენტით შემცირდა, უმუშევრობა 90 პროცენტს აღწევს.

მინიმალური სასურსათო კალათა აფხაზეთში დღეს 30 ევროს შეადგენს. პენსიის ოდენობა კი იქ 3 ევროს უტოლდება.

როიანის თქმით, ევროკავშირის 90 მილიონიანი დახმარება გასუილ საუკუნის 90-იანი წლების ბოლოსკენ ამოიწურა. საერთაშორისო დონორებმა თითქოს ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები აფხაზეთში.

ევროკავშირის ჰუმანიტარული ოფისი აფხაზეთსა და მის მიმდებარე რეგიონს 2002 წელს მიუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ივნისში საქართველოს მილიარდ დოლარს დაპირდნენ, არაფერი თქმულა ჰუმანიტარული საქმიანობის დაფინანსების რაიმე ახალ წყაროებზე.

ფილიპ როიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები ყველას ვერ აძლევს შეღავათს:

[როიანის ხმა]
"ჩვენი მიზანია გარკვეული როლი ვითამაშოთ იმ პროცესებში, რაც საქართველოში მიმიდნარეობს. ვგულისხმობ ნოემბრის შემდეგ გამოცხადებულ რეფორმებს და განვითარების ზოგიერთი პროგრამის დასრულებას, რომლებიც ფერხდებოდა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სირთულეების გამო. "ექოს" შეუძლია აქ გარკვუელი როლის შესრულება: ვგულისხმობ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის დახმარების გაწევას, რომელიც ახლო მომავალში ვერ იხეირებს განვითარების პროგრამების შედეგებით".

როიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და სეპარატისტთა შორის არსებული წინააღმდეგობა ხელს ვერ შეუშლის დახმარების პროგრამის განხორციელებას, თუმცა, მცირე სირთულეები გარდაუვალია:

[როიანის ხმა]
"შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდის მანამდე, სანამ ჩვენი საქმიანობა აფხაზეთსა და საქართველოში გამიჯნულია. ჩვენ არც თუ ურიგო ურთიერთობა გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ამის მოწმენი გავხდით მაშინ, როცა ადგილზე ჩავედით და შევხვდით იქაური ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა, არის პრობლემებიც. მაგალითად, ძალიან მარტივ მაგალითს მოვიტან – ძალიან რთულია ზუგდიდიდან სოხუმამდე იმოგზაურო მანქანით, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული".

ბრიუსელში ამბობენ, რომ "ექო" მას შემდეგაც განაგრძობს დასავლეთ საქართველოში მუშაობას, რაც ახლახან გამოყოფილი 4 მილიონი ევრო ამოიწურება. ამ თანხის დახარჯვა კი 15 თვეშია გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG