Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშვიდობო ბატალიონი თავდაცვის სამინისტროს ძალებით შეიცვალა


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობას, საქართველოს შინაგანი ჯარის ქვედანაყოფების ნაცვლად, თავდაცვის სამინისტროს ძალები იცავენ.

ქართულ სამშვიდობო ბატალიონში როტაციის პროცესი უკვე დასრულდა. კონფლიქტის ზონაში ქართულ სამშვიდობო ძალებს უკვე მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ძალები წარმოადგენენ. რას ნიშნავს ეს სიახლე?

თავდაცვის სამინისტროს რა ძალა შევიდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, კონკრეტულად რა ძალამ ჩაანაცვლა იქ საქართველოს შინაგანი ჯარის სამშვიდობო ბატალიონი, არ სახელდება. თავდაცვის სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცხინვალის რეგიონში აქამდე მყოფი ქართველი სამშვიდობოების - კერძოდ კი, შინაგანი ჯარის ნაწილის - ჩანაცვლება თავდაცვის სამინისტროს იმ ძალით მოხდა, რომელსაც მაღალი დონის მომზადება დასავლელმა ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს. ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გოგა ხაინდრავამ დაადასტურა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “რამდენადაც მე ვიცი, შევიდა თელავის ბატალიონი, რომელსაც წვრთნის და აღჭურვის პროგრამა აქვს გავლილი. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს ძალები უფრო მიზანშეწონილია სამშვიდობო ბატალიონისთვის - ამ შემთხვევაში დისციპლინაც უფრო მაღალია და უნარ-ჩვევებიც."

როტაცია ქართულ სამშვიდობო ბატალიონში უკვე დასრულებულია. ამ პროცესთან დაკავშირებით არც ოსურ მხარეს და არც რუსებს რაიმე პროტესტი არ გამოუხატავთ. სამივე მხარეს აქვს უფლება მოახდინოს როტაცია თავის სამშვიდობო ბატალიონში. ამდენად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შინაგანი ჯარის ნაწილების თავდაცვის სამინისტროს კარგად მომზადებული ძალებით ჩანაცვლება ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მოხდა. თუმცა მცირე პრობლემები იყო. როგორც ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური ამბობს, არსებოდა სურვილი, რომ თავდაცვის სამინისტროს შავნაბადას ბატალიონი, სამშვიდობო ძალის რანგში, სოფელ აჩაბეთში ცხინვალის გავლით შესულიყო, რის განხორციელებაც ვერ მოხერხდა. აღნიშნული ბატალიონი სოფელ აჩაბეთში ცნობილი შემოვლითი გზით შევიდა. ოსურმა მხარემ, იქვე - რუსეთის სამშვიდო ძალების სარდლობამ, ამ ძალის ცხინვალზე გატარება არ დაუშვა.

გოგა აფციაურის თქმით, კონფლიქტის ზონის ქართული მოსახლეობა თავდაცვის მინისტრს რამდენიმე დღის წინ დაჟინებით სთხოვდა რეგიონში დამატებითი ძალების შეყვანას. ეს მოთხოვნა არ შესრულებულა, თუმცა სამშვიდობო ბატალიონში განხორციელებული როტაციით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშავს იმას, რომ მოსახლეობას ომის განახლების შიში გაუნელდა:

[გოგა აფციაურის ხმა] “ შიშის მომენტი არის, არის გარკვეული შეშფოთებაც. ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს არის ქარიშხლის წინა სიჩუმე. თამარაშენელები ამბობენ, რომ ოსური მხარე ისევ მიმართავს პროვოკაციებს. მე ვესაუბრე ბერუაშვილების ოჯახის წევრებს. ისინი პატარ ლიახვის ხეობაში ცხოვრობენ.”

პატარა ლიახვის ხეობის ამ მცხოვრებლებმა გოგა აფციაურს უთხრეს, რომ ოსური სოფლიდან ცეცხლი მათ მარიამობა დღეს სასაფლაოზე ყოფნისას გაუხსნეს. ასე რომ, კონფლიქტის ზონაში მშვიდობა ჯერ არ დასადგურებულა. მხარეებს მოსალაპარაკებელი ბევრ საკითხზე აქვთ, თუმცა გოგა ხაინდრავა ფიქრობს, რომ, პირველ რიგში, საჭიროა შეთანხმება მონიტორინგზე, იმის გასარკვევად, ვინ როგორ ასრულებს სამშვიდობო შეთანხმებებს.
XS
SM
MD
LG