Accessibility links

logo-print

ბიოუსაფრთხოების გარანტიები საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 30 აგვისტოს, საქართველოს ეწვია აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ლუგარი.

სენატორმა და საქართველოს მთავრობის წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც შეერთებული შტატების დახმარებას 15-დან 30 მილიონ დოლარამდე ზრდის. ოღონდ ეს დახმარება მკაცრად მიზნობრივია: ფული დაიხარჯება ბიოლოგიური იარაღის გავრცელებისა და აქედან გამომდინარე საფრთხის შემცირებისათვის. ხელშეკრულება ცნობილია PLUS UP-ის სახელით და საქართველოში მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიის აშენებას გულისხმობს.

“მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბრძოლა ეფექტიანი ვერ იქნება. ამ საფრთხეს ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღისგან მომდინარე საფრთხის პრევენციაში საქართველოსთვის განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. ბოლო 13 წელიწადია, საფრთხის შემცირების პრობლემებზე ვმუშაობ. საქართველოშიც ვესტუმრები იმ ადგილებს, ბიოლოგიური იარაღისა და მასობრივი განადგურების საფრთხის შემცირებას რომ უკავშირდება. დღეს ხელმოწერილი პროგრამა მსოფლიოს დაანახვებს ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობას,” - განაცხადა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარმა.

მაინც სად ექმნება საქართველოში საფრთხე ბიოუსაფრთხოებას? აქ ლაპარაკი არ არის ბირთვულ ნარჩენებზე, რადიაციული გამოსხივების მქონე ნივთებზე, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ხანდახან აწყდებიან საქართველოს მოქალაქეები. მათი გაუვნებელყოფისათვის ცალკე პროგრამა არსებობს, - განმიცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სიხარულიძემ. შესაძლოა, გახსოვდეთ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის, თბილისში მუშაობის დროს ამერიკამ მცხეთის ატომური რეაქტორიდან გაიტანა კონტეინერი რადიოაქტიური ნივთიერებებით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

ბიოლოგიური უსაფრთხოების, ბიოლოგიური იარაღისაგან თავდაცვის საკითხები მსოფლიოში მას შემდეგ გამწვავდა, რაც იმატა ე.წ საფოსტო ტერორიზმის შემთხვევებმა: ტერორისტი მსხვერპლს უგზავნიდა ჩვეულებრივ კონვერტს, რომლის გახსნისას ადრესატი სიცოცხლისათვის საშიში ამა თუ იმ სენით ავადდებოდა და ხშირად კვდებოდა კიდეც. ცხადია, მსგავსი სასიკვდილო “იარაღის” გაგზავნა შეუძლებელია ბიოლოგიური ლაბორატორიიდან შესაბამისი ბაქტერიების მოპოვების გარეშე. ამიტომაც ასეთი ლაბორატორიების დაცვას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. 30 აგვისტოს სწორედ ამგვარი ლაბორატორიის მშენებლობას მოაწერეს ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ, რის გამოც კმაყოფილებას არ მალავდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი.

[ბეჟუაშვილის ხმა] “ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ სამი წლის წინ. ის კიდევ 8 თვეს გასტანს. მე მოხარული ვარ, რომ 8 თვეში საქართველოს ექნება ძალიან კარგად აღჭურვილი, რეგიონში ანალოგის არმქონე ლაბორატორია, რომელშიც შეინახება ასეთი საშიში ნივთიერებები.”

სად არის საქართველოში ბიოლოგიური იარაღის პოტენციური კერები? საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე ამბობს, რომ საშიში, პათოგენური ნივთიერებები დღეს თბილისში სხვადასხვა ადგილას არის დაცული: ე.წ. “შავი ჭირის” კვლევით ინსტიტუტში ასათიანის ქუჩაზე, გოთუას ქუჩაზე მდებარე “ბაქტერიოფაგში” და ა.შ.

[სიხარულიძის ხმა] “პროექტის მიზანია, ამ ყველაფერს თავი მოუყაროს ერთ, თანამედროვედ აღჭურვილ, კარგად დაცულ ადგილას, სადაც მეცნიერებს ექნებათ საშუალება, მოვიდნენ და იმუშაონ ამ პათოგენურ მიკრობებზე და შემცირდეს საფრთხე მათი დაკარგვის.”

დავით სიხარულიძე დასძენს, რომ მომავალში ლაბორატორია არავითარ შემთხვევაში არ იქცევა ქვეყნის გარედან შემოტანილი ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების შენახვის ადგილად. რაც შეეხება ხელშეკრულებაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ხელმოწერას, ლაბორატორიის უსაფრთხოებას სწორედ ეს უწყება დაიცავს.
XS
SM
MD
LG