Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის ქუჩებში ბუშის საწინააღმდეგო მიტინგები იმართება


30 აგვისტო ნიუ-იორკში შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ყრილობის პირველი დღეა. თუმცა ყრილობას ბუშის საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილო ათასობით ადამიანის მღელვარება ახლავს.

საპროტესტო მსვლელობა ნიუ-იორკის ქუჩებში ჯერ კიდევ 29 აგვისტოს დაიწყო, როდესაც დემონსტრანტთა კოლონა მანჰატანის ცენტრის დაახლოებით 4-კილომეტრიან ზოლზე გადაიჭიმა. ორგანიზატორთა მტკიცებით, საპროტესტო მსვლელობაში დაახლოებით 500 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა, პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, დემონსტრანტთა რიცხვი 120 ათასს არ აღემატებოდა.

30 აგვისტოს ნიუ-იორკში გაიხსნება რესპუბლიკელთა 4-დღიანი ყრილობა, რომელმაც ჯორჯ ბუში საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელოს. თუმცა კვირას, ანუ ყრილობის გახსნის წინა დღით, ნიუ-იორკში ხალხის ძლიერი მღელვარება დაიწყო. ისინი, ძირითადად, ბუშის საგარეო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

პიტერ ბიტლი და მისი მეუღლე კვირას ქუჩაში ორ შვილთან - 8 წლის ნოასა და 6 წლის ჯაკობთან - ერთად გამოვიდნენ:

{პიტერ ბიტლის ხმა} “რაც ახლა ხდება, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ვთქვათ – ჩვენ არ გვინდა, რომ ბუშმა ხალხის სახელით წარმართოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, შეურაცხყოს 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნა და გაანადგუროს ის, რაც, ჩვენი გაგებით, ამერიკული ცხოვრების წესია."

რეიჩელ ბიტლის თქმით, აუცილებელია მისმა შვილებმა დაინახონ, რომ ამერიკის მოქალაქეებს თავიანთი ნააზრევის გამოხატვის საშუალება აქვთ:

{რეიჩელ ბიტლის ხმა} "იმედია, აქ ყოფნა ბავშვებისთვის უსაფრთხო იქნება. მაგრან ჩვემ გვინდოდა შვილებისთვის გვენახვებინა, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი აზრის გამოხატვა შესაძლებელია. ჩვენ მათ მომავალზე ვფიქრობთ და არ მოგვწონს გზა, რომლითაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავთ. არ მოგვწონს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა. შეერთებულ შტატებში დემოკრატიაა და ჩვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ, რაც არ მოგვწონს."

ამერიკელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აჯობებდა რესპუბლიკელებს ყრილობა რომელიმე სხვა, მათდამი უფრო სიმპათიით განწყობილ, ქალაქში ჩაეტარებინათ. თუმცა ყრილობის ჩასატარებლად რესპუბლიკურმა პარტიამ საგანგებოდ შეარჩია 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების სამიზნე - ნიუ-იორკი, როგორც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.

ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, კვირას დააკავეს 200 დემონსტრანტი, მათ შორის, ცხრა – პოლიციელებზე თავდასხმისათვის. ოფიციალური ინფორმაციით, ამგვარი შეტაკებების დროს სხეულის მსუბუქი დაზიანება სამმა ოფიცერმა მიიღო. საერთო ჯამში, ხუთშაბათიდან მოყოლებული, დაკავებულია დაახლოებით 500 ადამიანი მათგან, ვინც ბუშის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG