Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ოქრო, ორი ვერცხლი - ქართველ სპორტსმენთა წარმატება თუ სპორტის ჩინოვნიკთა მარცხი?


სულ ახლახან დასრულებულ ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტულმა დელეგაციამ 202 ქვეყანას შორის, მედლების ხარისხის მიხედვით, 32-ე,

ხოლო რაოდენობის მიხედვით, 46-ე ადგილი დაიკავა. ორი ოქრო, ორი ვერცხლი - ასეთია ქართველ ოლიმპიელთა ბერძნული მონაგარი. ბევრი ქომაგი ამ შედეგს ქართული სპორტის უდავო წარმატებად მიიჩნევს, თუმცა მრავლად არიან ისეთები, რომლებიც სპორტის სფეროში ძირეული გარდაქმნების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. მათი აზრით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებები, სპორტის გარდა, თითქმის ყველა დარგს შეეხო.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც 10 სახეობის 12 დისციპლინაში მოასპარეზე 33 სპორტსმენი შედიოდა, ათენის ოლიმპიადაზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სპორტის ყველა გულშემატკივარი ერთხმად აღნიშნავს, რომ სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადასთან შედარებით, სადაც საქართველოს გუნდმა მხოლოდ ბრინჯაოს ექვსი მედლის აღება შეძლო, ათენში ჩვენმა ათლეტებმა, უდავოდ, დიდ წარმატებას მიაღწიეს. კმაყოფილნი არიან თუ არა სპორტის ქართველი ქომაგები?

[ქალბატონის ხმა] “რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი! უბრალოდ, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ დღესდღეობით, საქართველოს რომ ასეთი პრობლემები აქვს, კიდევ ძალიან დიდი მიღწევაა, მე მგონი.”

[მამაკაცის ხმა] “კმაყოფილი ვარ, დიახ, კმაყოფილი ვარ ჩვენი ბიჭების გამარჯვებით. ოქროს ბიჭებმა გაგვახარეს.”

[მამაკაცის ხმა] “რა თქმა უნდა! ოქრო იყო პირველი ისტორიაში და ძალიან კმაყოფილები ვართ ამით.”

ამგვარ კმაყოფილებას გულშემატკივრები, ძირითადად, ზურაბ ზვიადაურისა და გიორგი ასანიძის ჩემპიონობის გამო გამოთქვამენ, თუმცა არც ნესტორ ხერგიანისა და რამაზ ნოზაძის ვერცხლის მედლები ავიწყდებათ.

[მამაკაცის ხმა] “პირველი ოქროს მედალი, ძიუ-დოში რომ მოვიგეთ და ის იაპონელი რომ გადააგდო… იაპონია რომ ჩაუთვალეს - ეგ იყო ყველაზე დიდი სიხარული, მერე ხო იცი, ერთი ოქრო, მეორეს უკვე ნაკლები ემოცია ჰქონდა და მეასეს, ალბათ, აღარც გაგვიხარდება, ისე ავიღებთ.”

[ქალბატონის ხმა] “კიდევ - დამავიწყდა გვარი - ეგვიპტელთან რომ წააგო ფინალი, ვერცხლი რომ აიღო… ნოზაძე, ხო, აი, მაგაზეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ, მგონი, ცოტა ტენდენციური იყო მსაჯი.”

ქართველი ოლიმპიელების ათენში გამოსვლას სპორტის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებიც, უდავოდ, დიდ წარმატებად მიიჩნევენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ წარმატება ცალკეულ სპორტსმენთა თუ მწვრთნელთა პირადი დამსახურებაა და არა ქართული სპორტის მესვეურების. “რევოლუციურმა ცვლილებებმა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა დარგს შეეხო, რატომღაც სპორტის სფეროში ვერ შეაღწია,” ამბობს ჩემი რესპონდენტი და რეფორმების გატარებასა და საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს:

[მამაკაცის ხმა] “ყველა სფეროში რაღაცა შეიცვალა, იმავე სამართალდამცავ ორგანოებში, იქით-აქეთ, მაგრამ სპორტში ჯერ არაფერი არ შეიცვალა, მთლიანობაში რომ ავიღოთ, რა. რეფორმები არ გატარებულა, ის ადამიანები, ის ჩინოვნიკები, ვინც იყვნენ, ისევ თავის ადგილზე არიან - არავინ არ შეცვლილა.”

სპორტის მოყვარულები სიმპტომატურად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს დელეგაციამ მედლების მოპოვება მხოლოდ სპორტის ორ სახეობაში - ჭიდაობასა და ძალოსნობაში შეძლო. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალ ოლიმპიადაზე, რომელიც 2008 წელს პეკინში გაიმართება, საქართველო სპორტი სათამაშო სახეობებითაც იქნება წარმოდგენილი.

[ქალბატონის ხმა] “ძალიან კარგი იქნება, თუ მომავალში სხვა სფეროებშიც წავიყვანთ - ვთქვათ, კალათბურთში, ფეხბურთში, თუ იმ დონეზე მოემზადება ხალხი და იმ დონეზე ეყოლება სპორტსმენები, რომ სხვადასხვა სახეობებში გავიყვანოთ უფრო მეტი და მეტი.”

თუმცა პეკინამდე ქართველ ოლიმპიელებს თბილისში, კერძოდ კი, “თავისუფლების მოედანზე” ელიან. საქართველოს გუნდის პატივსაცემად თბილისის მთავრობა 30 აგვისტოს, ღამის 11 საათზე, გრანდიოზული დახვედრისა და კონცერტის გამართვას აპირებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG