Accessibility links

logo-print

ქართველ ცისფერჩაფხუტიანთა ოცეული ავღანეთში სამშვიდობო მისიით გაემგზავრა


საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ნაწილებზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. კოსოვოსა და ერაყის შემდეგ ქართველ ცისფერჩაფხუტიანებს

სამშვიდობო მისიის შესრულება საკუთარ სამშობლოში, ცხინვალის რეგიონშიც, უწევთ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სამშვიდობო ძალების კონტინგენტის გაზრდის აუცილებლობის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მაინც გადაწყვიტა ქართველი ცისფერჩაფხუტიანები კიდევ ერთ კონფლიქტურ რეგიონში - ავღანეთშიც - გაეგზავნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის ოცეული, რომელიც სამომავლოდ ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, 29 აგვისტოს გერმანიაში გააცილეს. ცერემონია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის მონაწილეობით, ალექსეევკის შვეულმფრენთა საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

[გიორგი ბარამიძის ხმა] ”ეს არის მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს - პირველ ყოვლისა, ევროპული სახელმწიფოების - მისია, რომლითაც ისინი თავის წვლილს შეიტანენ ამ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დემოკრატიის აღდგენის საქმეში.”

გიორგი ბარამიძის სიტყვებიდან ჩანს, რომ საქართველო, თავისი გაძლიერებული სამშვიდობო ოცეულით, ცდილობს ევროპის დიდ ოჯახში ჩაეწეროს და ამისთვის ავღანეთში, გერმანიის გავლით, 50 სამხედრო მოსამსახურეს გზავნის.
მათგან 6 ოფიცერია, 44 კი - რიგითი და სერჟანტი. ოცეულს კაპიტანი შავლეგ ტაბატაძე მეთაურობს.

[შავლეგ ტაბატაძის ხმა] ”მე არ მიმყავს არსად ისეთი ხალხი, ვისაც არ ვენდობი. ყველა ეს ხალხი სანდოა და მე ყველას იმედი მაქვს და ნებისმიერ ადგილზე შემიძლია მათთან ერთად წავიდე. ამათ აქვთ ამერიკელებთან ჯითების პროგრამა გავლილი, აქვთ სამშვიდობო ოპერაციების პროგრამა ბრიტანელ და ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად.”

სამშვიდობო მისიის წარმართვის უფრო უკეთ შესასწავლად ქართველი ცისფერჩაფხუტიანები გერმანიაში 2 კვირიან წვრთნას გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვევიან ავღანეთს სამშვიდობო მისიის შესასრულებლად.

თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, გერმანია - საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ის, რომ ქართული სამშვიდობო ოცეული ავღანეთში გერმანულ ცისფერჩაფხუტიანებთან ერთად დაიცავს მშვიდობას.
სწორედ გერმანული სარდლობა უხელმძღვანელებს ავღანეთში ქართველთა ოცეულს. მსგავსი გამოცდილება გერმანიის სამშვიდობო ძალების სარდლობას კოსოვოში დაუგროვდა.

ქართველ ცისფერჩაფხუტიანთა მისია ავღანეთში 90 დღეს გასტანს და ჯერჯერობით გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა იგი მომავალში. ქართველმა ჯარისკაცებმა არც ის იციან, თუ რა დავალებას მიიღებენ ქაბულში.

[თემურ რცხილაძის ხმა] ”ჩვენ რას შევასრულებთ, არ ვიცით წინასწარ. რაღაც უბანს დავიცავთ ან რაღაც ამდაგვარს გავაკეთებთ, ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს.”

ეს იყო სამშვიდობო ოცეულის რიგითი თემურ რცხილაძე. მან და მისმა მეგობრებმა ჯერჯერობით ზოგადად მხოლოდ ის იციან რომ ქართველებს, ძირითადად, ავღანეთში არჩევნების წინა პერიოდში და შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებსა და სამხედრო ბაზის შიგნით პატრულირება მოუწევთ.
ქართველი ცისფერჩაფხუტიანების ასეთ მოკრძალებულ მონაწილეობას ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, ისევე როგორც ერაყსა თუ კოსოვოში უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე წმინდა სამხედრო.

მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის საქართველო იშვიათი გამონაკლისია, რომელიც გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და გაეროს მოწოდებას ავღანეთში სამშვიდობო მისიის გაძლიერების შესახებ.

თუმცა ქართველთა მიერ ცხელ წერტილებში მიღებული სამშვიდობო გამოცდილება უკვალოდ არ დაიკარგება: გაწვრთნილი და გამოცდილი მშვიდობისმყოფელები საქართველოს ჩვეულებრივ სამხედროებზე მეტად სჭირდება ცხინვალის კონფლიქტურ რეგიონში.
XS
SM
MD
LG