Accessibility links

logo-print

ეფ-ბი-აი პენტაგონიდან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას იკვლევს


უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო - ეფ-ბი-აი - გულმოდგინედ იკვლევს პენტაგონიდან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გარემოებებს.

საქმე ეხება სამხედრო უწყების ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ისრაელს გადასცა ეს ინფორმაცია.

ეფ-ბი-აი-ს გამომძიებლები უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლებს ესაუბრნენ იმის დასადგენად, მათი ნებართვით მოქმედებდა თუ არა ორგანიზაციის შედარებით დაბალი რანგის ანალიტიკოსი, ლოურენს ფრანკლინი, რომელიც ეჭმიტანილია ისრაელისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

როგორც იტყობინებიან, პენტაგონიდან ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის შესახებ გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს. თავად ფრანკლინი გამოძიებასთან კარგად თანამშრომლობს.

გამოძიება ამ დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა, ვინაიდან გასულ კვირაში ეს გასაიდუმლოებული საქმე გახმაურდა.

ფრანკლინი ეჭვმიტანილია იმაში, რომ მან ამერიკაში მოქმედ ებრაულ ორგანიზაციას - AIPAC-ს გადასცა გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ამერიკის პრეზიდენტის მითითებებს ირანის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე. ვარაუდობენ, რომ AIPAC-მა დოკუმენტი ისრაელს გადასცა. ეს ორგანიზაციაც და ისრაელიც უარყოფენ ბრალდებებს.

ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ახლოს არიან გამოძიების დასრულებასთან და მალე დააპატიმრებენ დამნაშავეებს. მათივე თქმით, შესაძლოა, ფრანკლინი დაპატიმრებულთა შორის იყოს.

პირველად ფრანკლინსა და AIPAC-ს შორის კონტაქტები შეამჩნიეს ერთი წლის წინ, როცა ეფ-ბი-აი-ს კონტრდაზვერვის აგენტები ებრაული ორგანიზაციის ერთ წევრს უთვალთვალებდნენ სხვა საქმესთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, აქვს თუ არა კავშირი მაშინდელ საქმეს ფრანკლინის მიმართ ბრალდებებთან.

ფრანკლინის საქმეს პიკანტურობას სძენს ის გარემოება, რომ ისრაელი შეერთებული შტატების ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ვაშინგტონში ისრაელის საელჩომ უარყო გავრცლებული ცნობები ისრაელისთვის ინფორმაციის გადაცემის თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლას მხარეები დაზვერვის გარეშე ახერხებენ.

დაბოლოს, როგორც ერთ-ერთმა დაკითხულმა პირმა განუცხადა ჟურნალისტებს, მას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეფ-ბი-აისთვის თავად ფრანკლინი იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც ადამიანები, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და რომლებიც დაინტერესებული შეიძლება ყოფილიყვნენ საიდუმლო ინფორმაციით.
XS
SM
MD
LG