Accessibility links

logo-print

გიორგი ცაბაძე – 80


24 აგვისტოს საქართველოს სახალხო არტისტს,

თბილისის საპატიო მოქალაქე გიორგი ცაბაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ცაბაძის შემოქმედების პოპულარობას, როგორც წესი, მისი მუსიკის მელოდიურობითა და სახიერებით ხსნიან. ყოველივე ეს სამართლიანია, თუმცა დღეს, როცა კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მელოდიურობა ვერ ამოწურავს ცაბაძის მუსიკის ფენომენს. დღეს ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე” გიორგი ცაბაძის სიმღერებს გავიხსენებთ. თავად განსაჯეთ – რატომ ვერ ივიწყებს ხალხი ცაბაძის მუსიკას?

1986 წელს გიორგი ცაბაძე საქართველოს რეგიონებში შემოქმედებით საღამოებს მართავდა. ერთ-ერთი კონცერტის დროს მას გულმა უმტყუნა - სცენაზე შეუძლოდ გახდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ გამოიცა ცაბაძის სიმღერების ნოტები, რომელსაც “ამ გულს სიმღერა თუ მითბობდა” უწოდეს. “გული, რომელიც მღერის!” – გიორგი ცაბაძის სიმღერებისგან განუყოფელი მუსიკალურ-პოეტური სახე გახდა. “გულით ნამღერი” ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, “გულღია მუსიკა” ხალხმა თავიდანვე აიტაცა – ჯერ კიდევ 1956 წელს, როცა ესტრადაზე პირველად აჟღერდა გიორგი ცაბაძის რომანსები და სიმღერები. სწორედ ამ წელს დაამთავრა მან თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი (იონა ტუსკიას კლასი) და მაშინვე ფილარმონიის საესტრადო განყოფილების გამგედ დაიწყო მუშაობა. საქართველოში კონსერვატორიადამთავრებული მუსიკოსებისთვის ესტრადა და ოპერეტა ყოველთვის არაპრესტიჟულად ითვლებოდა. ის კომპოზიტორები, რომლებმაც უფრო მეტად საესტრადო სიმღერებით გაითქვეს სახელი, განუწყვეტლივ შეახსენებდნენ საზოგადოებას, რომ დროდადრო სიმფონიებს და ოპერებსაც წერდნენ... თუმცა, როგორც წესი, ამ ნაწარმოებებს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. ამ მუსიკოსებისგან განსხვავებით, გიორგი ცაბაძეს მთელი ცხოვრება კარგად ჰქონდა გააზრებული თავისი შესაძლებლობები და მსუბუქი მუსიკის ჟანრებში მუშაობა არ ეთაკილებოდა. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრთან, რომლის რეპერტუარი ცაბაძემ თავისი 16 ოპერეტით გაამდიდრა. ერთ-ერთი ოპერეტა, “კურკას ქორწილი”, 1968 წლიდან თითქმის 80-იანი წლების ბოლომდე ანშლაგით იდგმებოდა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში. ცაბაძის სხვა ოპერეტებთან შედარებით, “კურკას ქორწილში” ყველაზე ორგანულად დაუკავშირდა ერთმანეთს სპექტაკლის დრამატურგია და მუსიკა. 60-იან წლებში, როცა პოპულარულმა საესტრადო ანსამბლმა “ორერამ” და ნანი ბრეგვაძემ გიორგი ცაბაძის სიმღერები თავიანთ რეპერტუარში შეიტანეს, ნათელი გახდა, რომ ცაბაძის მუსიკის პოპულარობა, პირველ რიგში, თბილისური ფოლკლორის ოსტატურმა ინტერპრეტაციამ განაპირობა.

[ხმა: “ორერა” და გიორგი ცაბაძე]

თბილისური მელოდიები, რომელიც განსხვავებული მუსიკალური კულტურების შეხამებით შეიქმნა, ყოველთვის მიმზიდველი მასალა იყო ქართველი კომპოზიტორებისთვის. თბილისური ფოლკლორის უსაზღვრო მრავალფეროვნებამ განაპირობა ეროვნული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლების - ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, მელიტონ ბალანჩივაძის, ვიქტორ დოლიძის - დაინტერესება ეგრეთ წოდებული “ქალაქური ინტონაციებით”. თუმცა 20-იან, 30-იან წლებში ვერც ეს კომპოზიტორები წარმოიდგენდნენ, ალბათ, რაოდენ პოპულარული გახდებოდა “თბილისური მუსიკალური ინტონაციები” ქართულ ესტრადაზე და, რაც მთავარია, როგორ აიტაცებდა ამ მელოდიებს ხალხი.

ამ თვალსაზრისით, გიორგი ცაბაძეს ბედმა გაუღიმა კიდეც – საბჭოთა მუსიკალური იდეოლოგია “თბილისური ფოლკლორის” დამკვიდრებას არ ეწინააღმდეგებოდა. ასეთი მუსიკა “ინტერნაციონალიზმის” გამოვლინებად მიაჩნდათ და 60-იან, განსაკუთრებით კი, 70-იან წლებში, გარკვეული თვალსაზრისით, იარაღიც კი გახდა ეროვნულ მუსიკალურ ფოლკლორთან საბრძოლველად. გარდა ამისა, “თბილისურ ფოლკლორში” აღმოსავლური მუსიკალური ინტონაციების გამძაფრება თავისთავად განდევნიდა ევროპულ მუსიკალურ ფორმებს, რომლისაც ძალიან ეშინოდათ “უძრაობის ეპოქის” კულტურულ იდეოლოგებს. 1972 წელს, როდესაც გიორგი შენგელაიამ პირველი ქართული (და პირველი საბჭოთა) მიუზიკლის, “ვერის უბნის მელოდიების”, გადაღება დაიწყო, მოსკოვი ქართულ კინოზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. ჰოლივუდის მიუზიკლების სტილში გადაღებული ფილმი შეიძლებოდა “თაროზეც შემოედოთ” იმ შემთხვევაში, თუ “ვერის უბნის მელოდიები” მეტისმეტად “დასავლური” აღმოჩნდებოდა. მაგრამ “თბილისურმა ფოლკლორმა”, დასავლურისა და აღმოსავლურის წონასწორობამ გადაარჩინა ეს სურათი. ბალანსი დაცული იყო ყველაფერში – დრამატურგიაში, ქორეოგრაფიაში და, განსაკუთრებით, მუსიკაში, რომელიც არა მარტო მელოდიურობით, არამედ სოციალური ტიპაჟის გამოკვეთილობითაც გამოირჩევა. ფილმის პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი ცაბაძის სიმღერებს მთელი საქართველო მღეროდა. უფრო მეტიც, “ვერის უბნის მელოდიების” მუსიკა რუსეთშიც აიტაცეს.

[ხმა: “ვერის უბნის მელოდიები”]

მაგრამ “ვერის უბნის მელოდიებმა” პრობლემებიც შეუქმნა გიორგი ცაბაძეს. ცოტა ხანში მომრავლდნენ “მეფაიტონესა” და ცაბაძის სხვა სიმღერების ორეულები. “ქალაქური ფოლკლორი”, რომელიც ცაბაძის შემოქმედების წყარო იყო, გადაიქცა “კიტჩად”; ყარაჩოხულ-დარდიანი ინტონაცია, გამოხატული პრიმიტიულზე პრიმიტიული ტექსტით, საფრთხეს უქმნიდა მთელ ქართულ ესტრადას. შესაბამისად, უფრო აქტიური გახდა მუსიკალური კრიტიკა, რომელიც ვერ ბედავდა გიორგი ცაბაძის წინააღმდეგ გალაშქრებას მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავდა, როგორ უყვარდა ეს სიმღერები ხალხს... თუმცა კულუარებში ეროვნული ესტრადის კრიზისს ხშირად სწორედ ცაბაძეს აბრალებდნენ. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა მუსიკის ისტორიაში – ორეულები, პირველ რიგში, დედნის სიხასხასეს ვნებდნენ ხოლმე. მაგრამ, როგორც ჩანს, გიორგი ცაბაძე ამისთვისაც მზად იყო. სიცოცხლის ბოლოს მან აქტიური საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყო – კომპოზიტორი თავად უკრავდა და თავად მღეროდა პოპულარულ სიმღერებს, რომელსაც ხალხი პირველად სხვების შესრულებით გაეცნო. გიორგი ცაბაძე – სხვანაირად მღეროდა. იმპროვიზაციის ხარისხი გამძაფრდა, ინტონაცია შეიცვალა, გადაადგილდა აქცენტები... იგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი მუსიკა არც ისე მარტივია, როგორც მას ხშირად აღიქვამენ და, რაც მთავარია, როგორც ასრულებენ.

[ხმა: გიორგი ცაბაძე]

“გულით დაწერილი მუსიკა” – ასე აფასებენ ქართველი მომღერლები გიორგი ცაბაძის სიმღერებს. ეროვნულ ესტრადაში თითქმის არ დარჩენილა მუსიკოსი, გიორგი ცაბაძის სიმღერა თავის რეპერტუარში რომ არ ჩაერთო. ცაბაძის სიმღერებს დღეს ახალგაზრდებიც მღერიან - ისინი, ვინც არც საბჭოთა კავშირს მოსწრებიან და არც ცოცხალი გიორგი ცაბაძე ახსოვთ. ორეულები ისევ მრავლდებიან, ისინი ხანდახან ისევ ვნებენ დედანს. მაგრამ დედანი ისევ პოპულარულია. გიორგი ცაბაძის მუსიკა დროს უძლებს... ალბათ, იმიტომ რომ “გულითაა დაწერილი”.
XS
SM
MD
LG