Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის დარჩება 100 მლნ ლარად შეფასებული ასლან აბაშიძისა და მისი ახლობლების ქონება?


აჭარის ყოფილ ლიდერს ასლან აბაშიძესა და მის ახლობლებს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევითა და სახელმწიფოსათვის მისი გადაცემით აჭარის პროკურორი

გიორგი პაპუაშვილი ემუქრება. პაპუაშვილმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი ზუსტად ერთი კვირის წინ შეიტანა. გამოძიება ყოფილ ლიდერს 100 მლნ ლარის ქონებას ედავება. აბაშიძეების ადვოკატმა შალვა შავგულიძემ პროცესის ერთი თვით გვიან დაწყება მოითხოვა, რის გამოც მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ მისი მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ჩამოსართმევი ქონების ნუსხაში ასლან აბაშიძის სიძე - თეიმურაზ კომახიძეც ფიგურირებს. მისი მეუღლისა და, ამავე დროს, ასლან აბაშიძის დის ნარგიზა აბაშიძისათვის გაუგებარია, რას ედავება გამოძიება მათ ოჯახს. რატომ გადაიდო დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა?

საცხოვრებელი ბინები თბილისსა და ბათუმში, შენობა-ნაგებობები და მიწის ფართობები, საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები საზღვაო ბანკსა და ინტელექტბანკის ბათუმის ფილიალში, მსუბუქი ავტომანქანები, გიორგი და დიანა აბაშიძეების საცხოვრებელი სახლები ბათუმში და არასაცხოვრებელი ფართობები - თუმცა ეს არ არის სრული სია იმ ქონების, რასაც აჭარის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ლიდერსა და მის ახლობლებს ედავება. პაპუაშვილმა, აბაშიძისა და მისი ახლობლებისათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით, სარჩელი სასამართლოში 24 აგვისტოს შეიტანა. სარჩელში აღნიშნული ქონება დაახლოებით 100 მლნ ლარის ღირებულებისაა. გამოძიება აბაშიძის 24 ფიზიკურ პირსა და 7 ორგანიზაციას ედავება. მათ შორის არის აჭარის კულტურის ყოფილი მინისტრი თეიმურაზ კომახიძე, რომელიც, ამავე დროს, ასლან აბაშიძის დის, ნარგიზა აბაშიძის, მეუღლეა. მას მწვანე კონცხზე მოზარდთა დასასვენებლ სახლსა და ავტომანქანა მერსედესბენცს ედავებიან. კომახიძე აცხადებს, რომ მისი შემოსავლები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს გამოძიებამ აჩვენა, და მას ხელფასზე არასოდეს უცხოვრია.

[თეიმურაზ კომახიძის ხმა] ,,ისინი დაეყრდნენ მარტო ჩემს ხელფასს 96 წლიდან დღემდე და ჩემი ხელფასი იყო 120 ლარი - მინისტრის ხელფასი. არ განიხილეს მეორე მხარე - პრემიებში აღებული თანხა, წიგნებში აღებული თანხა. მე მაქვს სოფელი განთიადში, ყოველწლიურად იქ დაახლოებით 10-12 ტონა მანდარინი იკრიფება. 5000 ლარი შემოსავალი მაქვს ყოველწლიური.

გაცილებით მდიდარია კომახიძის მეუღლე - ნარგიზა აბაშიძე. მას ეკუთვნის ერთ-ერთი უმსხვილესი - ხოფის - ბაზრობა, რომელსაც გამოძიება ედავება. იგი უარყოფს როგორც ბაზრის კუთვნილებას, აგრეთვე მწვანე კონცხზე მათი აგარაკის არსებობას. ნარგიზა აბაშიძისათვის გაუგებარია, რატომ მოხვდა მისი მეუღლის გვარი ჩამოსართმევი ქონების ნუსხაში.

[ნარგიზა აბაშიძის ხმა] ,,გაჭირვებული ხალხი არ ვიყავით, მოდის ეს ტრადიციულად, ეს ოჯახი არ იყო, მე ასჯერ ვთქვი, არც ღარიბი იყო და არც მდიდარი იყო ჩემი ქმრის ოჯახი. საზოგადოებასაც პატივს სცემდნენ და მოკეთეებსაც და ყველას და ყველა პატივს გვცემდა ჩვენ. ამით ვიყავით განებივრებული ხალხის და საზოგადოების სიყვარულით ნებისმიერ ფენაში.”(სტილი დაცულია)

აჭარის პროკურატურის სარჩელს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო ზეგ განიხილავს. გამწესრიგებელ სხდომაზე 13 მოპასუხიდან დღეს მხოლოდ 9 გამოცხადდა, რის გამოც პროცესი 2 დღით გადაიდო. ადვოკატ შალვა შავგულიძეს აბაშიძეების ინტერესების დაცვა გუშინ დაევალა. ამის გამო მან პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლა ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მისი სარჩელი პროცესის ერთი თვით გადადების თაობაზე მაინც არ დააკმაყოფილა. აჭარის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი ეჭვობს, რომ ბრალდებულ მხარეს პროცესის გაჭიანურება სურს.

[გიორგი პაპუაშვილის ხმა] ,,რომ არ გამოცხადდა მხარე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ან არ სურთ მოსვლა, ან სურთ გააჭიანურონ ეს პროცესი და ამ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს უფრო გამარტივებულ რეჟიმს: თუკი პირი მეორეჯერ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება, სასამართლოს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მის დაუსწრებლად გამოიტანოს.”

სარჩელის თანახმად, პროცესზე სხვადასხვა დროს 30 მოპასუხე იქნება გამოძახებული, მათ შორის - დიანა, გიორგი და ასლან აბაშიძეები, სოსო გოგიტიძე და სხვები. თუ სასამართლოს ძალით დადგინდება, რომ აღნიშნული ქონება, მართლაც, დაუსაბუთებელია, ის მთლიანად სახელმწიფოს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG