Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირდა თუ არა კორუფცია საქართველოში


საქართველოში 2003 წლის ნოემბრის მოვლენების, ე.წ. “ვარდების რევოლუციის”, გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახელმწიფო სტრუქტურებში გამეფებული კორუფცია იყო.

შესაბამისად, ამ მოვლენების შემდეგ საპატიმროებში აღმოჩნდა კორუფციაში ეჭვმიტანილი უამრავი ყოფილი თუ მოქმედი სახელმწიფო მოხელე. ახლა მათი უმრავლესობა თავისუფალია, ეგრეთ წოდებული ”საკომპენსაციო თანხის” გადახდის წყალობით. ამდაგვარმა ბრძოლამ კორუფციასთან გამოიღო თუ არა შედეგი, ანუ შემცირდა თუ არა კორუფცია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში?

სახელმწიფო სტრუქტურებში გამეფებული კორუფცია ყველაზე მეტად უბრალო მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახება. სწორედ ამიტომ შევეცადე ქუჩაში გამვლელი მოქალაქეებისგან გამეგო, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იგრძნეს თუ არა კორუფციის შემცირება.

[მოქალაქეების ხმა] ”არა მგონია, რომ ისევ ისეთი მდგომარეობა იყოს, კორუფციის მხრივ, არა მგონია, იმიტომ რომ ასე აშკარად აღარავინ არაფერს ითხოვს. მაგრამ საერთო მდგომარეობა მაინცდამაინც დიდად არ შეცვლილა.”

ამ ქალბატონის მსგავსად, კორუფციის შემცირების შესახებ მესაუბრება კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც კორუფციის შემცირების მიზეზებიც გამოვკითხე.

[მოქალაქის ხმა] ”ჩემი მოსაზრებით, შემცირდა. შიშის, შიშის სინდრომი მოქმედებს. მე ვფიქრობ, გაუმჯობესებულია მდგომარეობა, უფრო ჯანსაღი სულისკვეთებაა, უფრო ჯანსაღი ახალგაზრდობა მოდის...”

საქართველოს დანარჩენი მოსახლეობაც რომ ამ მოქალაქეების მსგავსად ფიქრობს, ამაზე საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტის, ”გორბის”, გამოკითხვის შედეგებიც მეტყველებს. ეს ორგანიზაცია უკვე მეოთხე წელია საქართველოში კორუფციისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას აკვირდება და წელს წინა წლებისგან განსხვავებული ტენდენცია შეამჩნია. ასე მაგალითად, თუ 2003 წელს მოსახლეობის 46%-ს მიაჩნდა, რომ კორუფციაში თითქმის ყველა თანამდებობის პირი იყო ჩართული, წელს ეს ციფრი 22 პროცენტამდე შემცირდა.

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ”თუ თამამად შემეძლო გასულ 3 წელს მეთქვა, რომ კორუფცია საქართველოში ისეა გავრცელებული, როგორც ხაჭაპური, ახლა ასე აღარ არის.”

“გორბის” პრეზიდენტის მერაბ ფაჩულიას ეს განცხადება სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში - როგორც ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოებაში - უცებ რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. მერაბ ფაჩულია საქართველოში კორუფციის გავრცელების ტენდენციების კლებას რევოლუციურ ეიფორიას უწოდებს. საზოგადოება ჯერაც რომ არაა მთლიანად განთავისუფლებული კორუფციის სენისგან, ამაზე თუნდაც “გორბის” გამოკითხვის ერთი შედეგიც მეტყველებს - კერძოდ კი, მოსახლეობის 57 პროცენტი ფიქრობს, რომ თანამდებობის პირისთვის ფულის შეთავაზება ყველაზე ეფექტური საშუალებაა პირადი პრობლემების წარმატებით გადასაჭრელად.

[მერაბ ფაჩულიას ხმა] ”და, აი, რომ დავივიწყოთ წინა წლებში გაკეთებული კვლევები და რომ გაგვეკეთებია დღეს პირველად, მაშინ საშინელ სურათს მივიღებდით. ამ ტიპის კვლევებს რომ გადავავლოთ თვალი, მივუახლოვდით ათი წლის წინანდელ ჩეხეთს და სლოვაკეთს.”

თუმცა ექსპერტები კორუფციის გავრცელების ტენდენციებს მაინც საიმედოდ მიიჩნევენ, რადგან კორუფციის პრობლემამ, შარშანდელთან შედარებით, მესამიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა ქართველები კორუფციაზე უფრო პრობლემატურად უმუშევრობას, სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დაბალ შემოსავლებს მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG