Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა ცხინვალში გრძელდება


დავით პაიჭაძე, თბილისი სამხედრო მოქმედებათა შეწყვეტის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონი დაძაბულობის კერად რჩება. ადამიანის გატაცება, თავდასხმა საქონლის მოპარვის მიზნით,

უმისამართო სროლა რეგიონში შედარებითი მშვიდობის დამყარების შემდეგ ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა. 31 აგვისტოც რამდენიმე ფაქტით აღინიშნა, რომელთაც კონფლიქტურ რეგიონში ნეგატიური პოლიტიკური ტონუსი შეინარჩუნეს.

31 აგვისტოს, დილით, ცხინვალის რეგიონის სოფელ ერედვის მოსახლეებმა მგზავრებით სავსე სამი ავტობუსი დააკავეს. დამკავებლები ქართველები იყვნენ, მგზავრები - ოსები. ქართველებმა ქალები და ბავშვები გაუშვეს, ხოლო მამაკაცები არსებითად მძევლად დაიტოვეს. მიზეზი: წინა საღამოს სამხედრო ფორმით შემოსილმა ოსებმა ერედველი სოსო მაისურაძე გაიტაცეს და აწამეს. სოსო მაისურაძე ეკლესიაში მიდიოდა და გზაზე შეიპყრეს. 31 აგვისტოს გათავისუფლებული ქართველი ტყვე ასე იხსენებს მომხდარს:

[მაისურაძის ხმა] “ძალიან ბევრნი იყვნენ, სულ შეიარაღებულები. მე ვუთხარი, რა გინდათ ჩემგან, ეკლესიაში მივდივარ სანთლების დასანთებად-მეთქი. თან ერთი ბოთლი ღვინო მქონდა. მომატრიალეს, ვიღაცას რაციით დაუკავშირდნენ, ველზე ჩამიყვანეს, იქ თავზე გადამაფარეს, რომ გზა არ მეცნო. ველზეც მცემეს და მერე ცხინვალში, მილიციაში, უარესად მირტყეს.”

მაისურაძის გათავისუფლება, გარკვეულწილად, მისი თანასოფლელების ქმედებამაც განაპირობა, თუმცა თავისი როლი აქ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ალეკო სუხიტაშვილმაც შეასრულა. ძნელი სათქმელია, მისი ძალისხმევა ეყოფოდა თუ არა სოსო მაისურაძის გამოხსნას, რომ არა ერედველთა, ფაქტობრივად, კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თავად ალეკო სუხიტაშვილი თანამოქალაქის გათავისუფლებას ცხინვალის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენელთა კეთილგანწყობით ხსნის:

[სუხიტაშვილის ხმა] “მინდა გითხრათ, რომ ცხინვალის ხელისუფლებაში, იქით მხარეს, არის ხალხი, რომელსაც კეთილი განწყობა აქვს ჩვენდამი. სწორედ მათი დახმარებით, მათი უშუალო მონაწილეობით გამოვიყვანეთ მაისურაძე. შეგნებულად არ დავაკონკრეტებ პიროვნებებს, რათა მათ პრობლემები არ შეუქმნან.”

სოსო მაისურაძის ინციდენტი უკვე ამოწურული იყო, რომ ცხინვალთან ახლოს ორი ტრაგიკული ფაქტი მოხდა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ კეხვთან და ჯავის რაიონის მახლობლად ნაღმზე აფეთქდნენ სამშვიდობო ძალების რუსი და ოსი მოსამსახურეები. დაიღუპა ერთი ოსი და ერთი რუსი ცისფერჩაფხუტიანი, ორმა რუსმა სამხედრომ კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ნაღმი აფეთქდა ოსური მხარის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

ამ მოვლენების ფონზე ვითარების დამძაბავ ფაქტორად შეიძლება სულ არ გვეხსენებინა რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტი ცხინვალში. დელეგაციას ფრაქცია “როდინას” ლიდერი დიმიტრი როგოზინი თავმჯდომარეობდა. დუმის წევრები შეხვდნენ ცხინვალის ხელისუფლების ლიდერს ედუარდ კოკოითის და დე ფაქტო ხელისუფლების სამ თვითგამოცხადებულ ოფიციალურ პირს. კოკოითის კურსს დუმელებმა, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირეს.
XS
SM
MD
LG