Accessibility links

logo-print

რამდენად და როგორ ცვლის დრო შეხედულებებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს უკავშირდება


10 წელზე მეტია, რაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების ძიებაშია. ამ პერიოდმა ერთადერთი თვალშისაცემი სიახლე გამოკვეთა:

თუ შევარდნაძის ხელისუფლება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის სამშვიდობო პოლიტიკას უალტერნატივოდ სახავდა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დამაჯერებლად არ პასუხობს შეკითხვას, როგორია მისი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - სამშვიდობო მოლაპარაკებებით თუ ომით. დრო თავისას შვრება, პოლიტიკურ პროცესებს სხვადასხვა მიზეზით შორდებიან ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლები გამოიარეს. 30 აგვისტოს თბილისში მოულოდენლად გარდაიცვალა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი. ის აფხაზეთში მშვიდობის ძალით დამყარების მომხრე იყო. რამდენად და როგორ შეცვალა დრომ ასეთი იდეისადმი დამოკიდებულება?

იდეას, რომელზეც ვსაუბრობთ, წლების მანძილზე თამაზ ნადარეიშვილი ახმიანებდა და რადგან აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის მისეულ ხედვას საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებდა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს უჩნდებოდა კითხვა: ვართ კი ღირსი დამოუკიდებლობის ან აფხაზეთის?

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “ თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ვიღაცა დაიჭრება, ვიღაცა გაიკაწრება, ვიღაცა დაიღუპება. რადგან ჩვენ ეს არ გვინდა, მაშინ არ ვყოფილვართ დამოუკიდებლობის ღირსი და, საერთოდ, სიმართლე რომ გითხრათ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აფხაზეთის ღირსიც არ ვყოფილვართ, იმიტომ რომ ასეთი გზით მივდივართ, სამწუხაროდ. “

ეს იყო ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც თამაზ ნადარეიშვილმა რადიო “თავისუფლებას” შარშან აფხაზეთის დაკარგვის 10 წლისთავთან დაკავშირებით მისცა. მას შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლებამ ღიად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი იყო მხარე კონფლიქტებისა, რომლებიც აფახაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში მოხდა და რომ მხარე არ შეიძლება თამაშობდეს კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო მისიას. შევარდნაძის ხელისუფლება გამორიცხავდა ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტაში ძალის გამოყენებას, დღევანდელი ხელისუფლება არ ამბობს, რომ სამშვიდობო პროცესმა თავისი თავი ამოწურა, თუმცა აჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში არც ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს. აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ძალის გამოყენებას ხედავდა თამაზ ნადარეიშვილი, ოღონდ ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ძალით მშვიდობა აფხაზეთში საერთაშორისო ძალებს უნდა დაემყარებინათ.

[ლონდერ ცაავას ხმა] “ამავე დროს, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის ნეგატიურ როლზე საუბროდა. ის საუბროდა იმაზე, რომ ეს არ იყო ეთნიკური კონფლიქტი, რომ ეს იყო სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი და მის უკან იდგა რუსეთი. დღეს ხელისუფლებაც ამას აცხადებს, ამ გზას ადგას. “

ეს იყო აფხაზეთის დევნილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლონდერ ცაავა. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებისადმი საქართველოს ხელისუფლების მიდგომებში ცვლილებები, მართლაც, არის, თუმცა ბუნდოვანია, რა გათვლებს ეფუძნება ეს ცვლილებები. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს სოხუმიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მზადდება დოკუმენტი, რომელიც განიხილავს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში. “როგორც მე ვიცი, ხაჯიმბასა და პუტინის შეხვედრაზეც იყო ამაზე საუბარიო,”- აღნიშნავს თავის ბოლო ინტერვიუში თამაზ ნადარეიშვილი. ადამიანი, რომლის ცხოვრების მიზანიც აფხაზეთში დაბრუნება იყო , რომელიც იყო ერთ-ერთი უშუალო მოწმე იმ ყველაფრისა, რაც აფხაზეთში ომამდე და ომის დროს ხდებოდა, იმისაც, რაც ომის შემდეგ აფხაზეთის პრობლემას უკავშირდებოდა, ცოცხალი აღარ არის.


შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლიდან 11 თვეში სოხუმში არძინბას ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. იქაც გადაწყვეტილებების მიღების უფლება ადრინდელ ომზე ნაკლებად პასუხისმგებელმა პირებმა უნდა ჩაიბარონ. შეძლებენ თუ არა ძველების შემცვლელები უარის თქმას ომზე, არავინ იცის.
XS
SM
MD
LG