Accessibility links

logo-print

სარწმუნოების გამომხატველი აქსესუარების აკრძალვა საფრანგეთის სკოლებში ორი ჟურნალისტის სიცოცხლის წილ


ევროპის სახელმწიფოები რიგ-რიგობით იძულებული ხდებიან ერაყელ მეამბოხეთა ულტიმატუმებს გაუწიონ ანგარიში.

ახლა ჯერი საფრანგეთზეა. "ერაყის ისლამური არმიის" წარმომადგენელთა მიერ ფრანგი ჟურნალისტების გატაცებამ კვლავ გააღვივა დისკუსია საფრანგეთის სკოლებში რელიგიური სიმბოლოების აკრძალვის კანონის შესახებ. ორშაბათს ღამით გამტაცებლებმა კიდევ ერთი დღე-ღამით გააგრძელეს ულტიმატუმის ვადა. იმავე დაჯგუფების წევრებმა გასულ კვირაში იტალიელი ჟურნალისტი მოკლეს იმის გამო, რომ იტალიის ხელისუფლებამ არ შეასრულა მათი მოთხოვნა ერაყიდან იტალიელი სამხედროების გაყვანის თაობაზე. საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ახლობლებზე, მართლაც აქვთ ღელვის საფუძველი. თუმცა, არავინ ფიქრობს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება გაზაფხულზე მიღებულ კანონს გააუქმებს და ასეთი სურვილიც რომ ჰქონდეს, ამის გაკეთება ერთ დღეში შეძლოს. ამ კრიზისულ ვითარებას შეეხება "ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვება, რომელიც ნინო გელაშვილმა მოამზადა:

ვითარება მართლაც კრიზისულია, რადგან, ცხადია, "ერაყის ისლამური არმიის" მოთხოვნა (მით უმეტეს, ორ დღეში) არ შესრულდება. ჟურნალისტების – ქრისტიან შენოსა და ჟორჟ მალბრიუნოს განთავისუფლებისთვის ყველა ღონეს ხმარობენ როგორც ფრანგი, ისე სხვა ქვეყნის დიპლომატებიც. ამ კრიზისის ფონზე საფრანგეთში განახლდა დისკუსია, რომელიც თავის დროზე კანონის მიღებას ახლდა თან. უმთავრეს პროტესტს მაშინ ის მუსულმანებში აღძრავდა, რომელთა ერთ ნაწილს სკოლაში მუსულმანური თავსაფრის აკრძალვა რელიგიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიაჩნდა. სწორედ ამგვარ მიდგომას ეხმიანება იმ ერაყელთა განცხადება, რომლებმაც ფრანგი ჟურნალისტები დაატყვევეს. "ერაყის მუსულმანური არმიის" ულტიმატუმში ნათქვამია, რომ თავსაფრების აკრძალვა არის ისლამისა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული აგრესია.

საფრანგეთის მუსულმანური საზოგადოება ყველაზე დიდია ევროპაში და 5 მილიონს აღწევს. მათი უმრავლესობა მხარს უჭერდა კანონის მიღებას და დღეს ჟურნალისტთა განთავისუფლებას ითხოვს. საფრანგეთის მუსულმანური სარწმუნოების საბჭოს ხელმძღვანელი დალილ ბუბაქარი აცხადებს:

[ბუბაქარის ხმა]
"ჩვენმა ძმებმა ერაყში უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ფეთქებად ვითარებაში ვართ და მათ ამის გაგებას ვთხოვთ. ვთხოვთ, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ორი ფრანგი ჟურნალისტი, დაუბრუნონ ისინი თავიანთ ოჯახებს".

ბუბაქარი ამბობს, რომ ზოგიერთი მუსულმანი ქალბატონისგან ასეთი რამაც მოუსმენია: "თუკი ჩვენი თავსაფრები სისხლით შეიღებება, ჩვენ აღარ გვინდა მათი ტარებაო".

საქმე ის არის, რომ სკოლებში რელიგიური კუთვნილების მაჩვენებელი აქსესუარების აკრძალვის შესახებ კანონის საპროტესტო კამპანია მცდარ საფუძველს ემყარებოდა. ახალი კანონი ხომ მხოლოდ მუსულმანურ აქსესუარებს არ ეხებოდა, იქ საუბარია ასევე ებრაულ თავსაბურავსა და დიდი ზომის ქრისტიანულ ჯვრებზეც. მარსელის სენტ ეგზიუპერის სკოლის დირექტორ ჟორჟ ტიურენს არ ჰგონია, რომ თავსაბურავებისა და ჯვრის აკრძალვით სახელმწიფო სკოლისა და რელიგიის გამიჯვნას შეძლებს:

[ტიურენის ხმა]
"ახალი კანონი, უპირველეს ყოვლისა აღქმული იყო, როგორც ერთი რელიგიის – ისლამის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა. საჭირო იყო ამ შეცდომის თავიდან აცილება. კანონს ებრძვიან. მან არ მოიტანა კონსენსუსი რელიგიების წარმომადგენლებს, მათ შორის პედაგოგებსა და მშობლებს შორის. ჩვენ ეს საქმეს ძალიან გვირთულებს, რადგან არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, თუ რა არის სეკულარიზმი და როგორ ეხება ის სკოლებს".

ფრანგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თავსაფრების აკრძალვასთან დაკავშირებული დისკუსია რადიკალური ისლამური დაჯგუფებების მიერ არის წამოწყებული და უბრალოდ – საფრანგეთში მათივე პოზიციების გამაგრებას ისახავს მიზნად.

კანონის მომხრეთა ნაწილი, მათ შორის ჩვენი რესპონდენტი სკოლის დირექტორი ჟორჟ ტურენიც ფიქრობენ, რომ სეკულარიზმი მოსახლეობას უნდა მიეწოდოს პოზიტიური და არა აკრძალვის გზით:

[ტიურენის ხმა]
"სეკულარიზმი არ არის რელიგიის აკრძალვა, ან სულსა და ცნობიერებაზე ზეწოლა. პირიქით, ეს არის სწორედ იმის აღიარება, რომ რელიგია პირად სფეროს მიეკუთვნება და ამ გზით ადამიანებს ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრებისა და მრავალკულტურული და მრავალრელიგიური საზოგადოების შენების საშუალება ეძლევათ."

ბუნებრივია, კანონის ამოქმედებას მიზანშეწონილად მიიჩნევს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ ბარნიე. ის ახლა ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და ფრანგი ჟურნალისტების ტყვეობიდან განთავისუფლებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. მიშელ ბარნიე დღეს იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. კაიროში ყოფნისას ბარნიემ განაცხადა:

[ბარნიეს ხმა]
"ჩვენი კონსტიტუცია და კანონები ყოველთვის თანაბრად უზრუნველყოფენ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას. საფრანგეთში მცხოვრები 5 მილიონი მუსულმანიც, დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად არიან თავისუფლები და დაცულები საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ და ეს ჩვენ გვეამაყება".

საფრანგეთის ისლამური ორგანიზაციების კავშირის თავმჯდომარე ლაჟ თამი ბრეზი ერაყელ გამტაცებლებს "ისლამის მტრებს" უწოდებს. ბრეზი განმარტავს, რომ კანონი კრძალავს საეჭვო რელიგიურ ჩაცმულობას და არა რელიგიურ აქსესუარებს მთლიანად. ბრეზი ამბობს:

[ბრეზის ხმა]
"კანონი კრძალავს რელიგიის საეჭვო ნიშნებს და არა ხილულ ნიშნებს ზოგადად. სკოლებს კი სურთ ყველა ხილული რელიგიური ნიშნის აკრძალვა. ჩვენ არ დავიცავთ გოგონებს, რომლებიც გრძელი თავსაფრებით მივლენ სკოლებში, მაგრამ დავიცავთ გოგონებს, რომლებიც ნაკლებად თვალშისაცემი თავსაფრებით, ან თავსაბურავებით დაიფარავენ მხოლოდ თმებს და არა კისერს და დასავლური, თანამედროვე ტანსაცმელი ეცმევათ".

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დღეს რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში იმყოფება. ის იქ რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს ხვდება. შირაკმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ფრანგი ჟურნალისტების განთავისუფლება.
XS
SM
MD
LG