Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მოვაჭრეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა


საქართველოს ხელისუფლება წესრიგის დამყარებას ისევ ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს. სხვადასხვა პრობლემის გადასაწყვეტად ხალხთან სპეცრაზმის მიგზავნა მის

უცვლელ მეთოდად იქცა. მოვაჭრეებისგან ბათუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიის გათავისუფლებაც ბათუმის ადმინისტრაციამ სპეცრაზმის გამოყენებით სცადა, რასაც მოჰყვა სერიოზული დაპისრისპირება სპეცრაზმსა და მოვაჭრეებს შორის. ბათუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების შედეგად, დაზიანებულები ორივე მხარეს არიან. რა მოხდა იქ, რატომ მივიდა საქმე დაპირისპირებამდე?



ოთხშაბათ დილით დიდი ხმაური ახლდა ბათუმის ცენტრალურ ბაზარში სპეცრაზმის გამოჩენას. ქალაქის ადმინისტრაციამ ის იქ ბაზრის ტერიტორიის მოვაჭრეებისგან გასათავისუფლებლად გაგზავნა. მოვაჭრეებმა მსგავსი სიტუაციებისთვის მზადყოფნის მაღალი დონე აჩვენეს - სპეცრაზმის შემოტევა მედგრად მოიგერიეს და მის წარმომადგენლებს უკან დაახევინეს. თუმცა ბათუმის მერია უკან დახევას არ აპირებს. ქალაქის ხელისუფლება ირწმუნება, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას აღასრულებს და ბათუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიიდან მოვაჭრეებს ქალაქის გარეუბანში, ახალ ბაზარში, გადაიყვანს.

ბათუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე შეტაკების შედეგად, დაშავებულები არიან სპეცრაზმის წარმომადგენელთა შორისაც და მოვაჭრეებს შორისაც. ბაზრის ტერიტორიაზე ნაპოვნია მასრები. მოვაჭრეების განცხადებით, რამდენიმე გასროლა სწორედ პოლიციის მხრიდან მოხდა. ქალაქის პოლიციაში კი მხოლოდ პოლიციელთა დაშავებას აღნიშნავენ:

[ბათუმის პროკურორის ხმა] “პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით. ახლა 9 პოლიციელია დაშავებული და 3 სპეცრაზმელი.”

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც სწორედ დაშავებული პოლიციელები და სპეცრაზმელები მოინახულა.

[კობა ხაბაზის ხმა] “ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, აქ არის საუბარი ქალაქის მოწესრიგებაზე, ქალაქის კეთილდღეობაზე. “

ქალაქის მოწესრიგებაზე ზრუნვა ძალისმიერი მეთოდებით ხდება. ბათუმის პროკურორი პირობას დებს, რომ აუცილებლად დააკავებს იმ მოვაჭრეებს, რომლებმაც პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იურისტების თქმით კი, მოვაჭრეების ქმედება აუცილებელი მოგერიების ჩარჩოებში ჯდებოდა და, ამდენად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარება. მოვაჭრეების უფლებებს პარლამენტარი კობა დავითაშვილი იცავს. მისი განცხადებით, სპეცრაზმის მისვლა ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე უკანონო იყო, რამდენადაც მოვაჭრეების სხვა ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით მერიის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მისი აღსრულება არ შეიძლება:

[კობა დავითაშვილის ხმა] “ მერიის ის გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მივიდნენ, არის შეჩერებული და მე ვსვამ პოლიციის უფროსის - როგორც ქალაქის, ისე სამხარეო პოლიციის უფროსის - პასუხისმგებლობის საკითხს. თუ ეს ხალხი 3 დღეში არ იქნება გათავისუფლებული, დავიწყებ აქციებს ვარშალომიძის გადადგომის მოთხოვნით. “

კობა დავითაშვილს ჩვენ ბათუმში დავუკავშირდით. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ განცხადებები, თითქოსდა, ბათუმის ცენტრალური ბაზრიდან მოვაჭრეები გარეუბანში მათთვის სავაჭროდ გამოყოფილ ტერიტორიაზე გადაჰყავთ, ტყუილია, რადგან ეს ტერიტორია სხვა მოვაჭრეებს უკავიათ. კობა დავითაშვილის თქმით, საქმე ისაა, რომ ცენტრალური ბაზრის ტერიტორიის გათავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლება მოვაჭრეებს, ფაქტობრივად, არაფერს სთავაზობს.

ბათუმის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების შემდეგ აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაზე გაჩნდა წარწერა: “ბაბუ, მოდი! მიშა, წადი! “ როგორც ჩანს, ხელისუფლების ძალისმიერი ქმედებები მოსახლეობის ნაწილში არცთუ კარგი წარსულის ნოსტალგიას იწვევს.
XS
SM
MD
LG