Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალდანიშნულ ელჩებს ქცევისა და მუშაობის წესებს აცნობენ


1 სექტემბერს დაიწყო და 2 სექტემბერს დასრულდება ორდღიანი სემინარი, რომელიც ახალდანიშნული ელჩებისათვის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის

პრიორიტეტებისა და ამოცანების გაცნობას ისახავს მიზნად. სემინარის მოწყობის იდეა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. მინისტრი ელჩებს “ახალი სტილის დიპლომატებს” უწოდებს და საზღვარგარეთ გამგზავრების წინ მათ საქმიანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ავარჯიშებს.

“თქვენ ახალი სტილის ელჩები ხართ. საზღვარგარეთ მიდიხართ არა დასასვენებლად და პირადი საქმეების საკეთებლად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ ქვეყნის ინტერესების დასაცავად,” - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს, დილის ათის ნახევარზე, საგარეო უწყებაში ორდღიან სემინარზე მისულ ელჩებს.

სემინარზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და მთავრობის წევრები საზღვარგარეთ აკრედიტებულ ელჩებს აცნობენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, საინფორმაციო და კულტურულ სფეროებში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველ დიპლომატებთან ამ ტიპის შეხვედრები მომდევნო წლებშიც გაიმართება და მათზე არა ზოგად, არამედ უფრო მეტად სპეციფიკურ საკითხებზე იმსჯელებენ:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] “ვაპირებთ, რომ ყოველ წელს ჩავატაროთ ასეთი კონფერენცია ელჩებთან ერთად, როცა ისინი ჩამოვლენ შვებულების პერიოდში, და მოვამზადოთ… შემდეგ წელს, ალბათ, გაიმართება უფრო სპეციფიკურ თემებზე. წელს უფრო ზოგადი არის, რომ გაეცნონ მუშაობის მეთოდებს, რას ვითხოვთ დღევანდელი ელჩებისგან დღესდღეობით.”

მინისტრი დიპლომატიური კორპუსისგან იმ ქვეყნების უკეთ გაცნობასაც ითხოვს, სადაც ელჩებს წლების მანძილზე მოუწევთ მუშაობა.

“ უნდა იცოდეთ რას ფიქრობენ საქართველოზე იმ ქვეყნის ხელმძღვანელები, სადაც თქვენ მიდიხართ და რა პოლიტიკური ვითარებაა იქ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა და კიდევ ერთხელ გაუმეორა ელჩებს, რომ ისინი საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან და არა დასასვენებლად.

მინისტრის ამ გამონათქვამის კომენტირება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვე. შეგახსენებთ, რომ კოტე გაბაშვილს ელჩად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სწორედ რომ, წინა ხელისუფლების დროს დაუგროვდა.

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ქალბატონ სალომეს, ჯერ ერთი, კარგად არა აქვს წარმოდგენილი, როგორ მუშაობდნენ საელჩოები ადრე და თუ გულისხმობს, რომ იქ რომელიმე ელჩი ისვენებდა, ალბათ, მისი ნაცნობი რომელიმე ელჩი ისვენებდა. მე არ მახსოვს ჩემი ნაცნობი ელჩების უმრავლესობა დასვენებით ყოფილიყო დაკავებული… იყვნენ, რასაკვირველია, ასეთი ელჩები და, ალბათ, იმათ გულისხმობდა ან, შეიძლება, არავის გულისხმობდა და საერთოდ თქვა, რომ ელჩები მიდიან არა დასასვენებლად, არამედ სამუშაოდ. ეს გასაგებია: მინისტრს უნდა, რომ სიმკაცრე გამოავლინოს და ავლენს.”

დაბოლოს: საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ანუ სემინარის დასასრულს, სალომე ზურაბიშვილი ელჩებს საზეიმო ვითარებაში გადასცემს სახელმწიფო ატრიბუტიკის ნაკრებსა და ელექტრონულ ცნობარს, რომელშიც ქვეყნის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული და რომელიც ქართველ დიპლომატებს საზღვარგარეთ საკუთარი ქვეყნის უკეთესად წარმოჩენაში დაეხმარება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG