Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორწინების სხვა სახე: არაჰეტეროსექსუალური ოჯახი


ალბათ, შესაძლებელია ითქვას, რომ სექსი და სექსუალობა ყველა კულტურისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. სექსუალობის ირგვლივ გაჩაღებულ მორალურ,

რელიგიურ თუ სამეცნიერო დებატებს დიდი ხნის ისტორია აქვს; სექსუალობასთან დამოკიდებულება, ალბათ, ის სფეროა, რომელიც ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს საზოგადოების კონსერვატორულ, ლიბერალურ თუ პროგრესულ ორიენტაციას. თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ზოგადად სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთ ყველაზე ტაბუირებულ თემად რჩება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან კონტრასტს ქმნის ევროპის უმეტეს ქვეყნებთან, სადაც უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც სექსის ირგვლივ ღია საუბარი არავის უკვირს, ხოლო სექსუალური ორიენტაცია ადამიანის უფლებად არის მიჩნეული. დღეს გაგაცნობთ ადამიანს, რომელმაც ეს კონტრასტი საკუთარ თავზე გამოსცადა.

[რესპონდენტის ხმა]: “სამი წლის წინ წავედი თბილისიდან, მაგრამ მთავარი წასვლის მიზანი არ იყო ეს ჩემი პირადული საკითხები. უფრო სწავლას ეხებოდა. მაგრამ დიდი სურვილი მქონდა, რომ ევროპაში ვყოფილიყავი და არა საქართველოში. რა თქმა უნდა, აქაც ვისწავლე, დავამთავრე, სამსახურშიც ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ მაინც წავედი.”

ეს პიროვნება თბილისში გავიცანი. ის უყოყმანოდ დამთანხმდა ინტერვიუზე, ღიად და დაუფარავად მესაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე, ოღონდ მთხოვა ვინაობა არ გამემხილა. მისი ცხოვრებით ჩემი დაინტერესება უპირველესად იმით იყო გამოწვეული, რომ იგი დღეს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ჰომოსექსუალურ ქორწინებაში იმყოფება. საქართველოში სექსუალურ უმცირესობათა უფლებებს პრაქტიკულად არავინ იცავს და დევნისა თუ დისკრიმინაციის შემთხვევები, როგორც წესი, აღურიცხველი რჩება. მინდოდა გამეგო, რა გამოცდილება შეიძინა მან საქართველოდან ევროპაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, სადაც პარტნიორთან ლეგალური და სრულფასოვანი თანაცხოვრების საშუალება მიეცა. პირველ რიგში, მას საქართველოში გატარებული წლების გახსენება ვთხოვე:

[რესპონდენტის ხმა]: “მე ადრე ამას ვერ ვაფასებდი ნამდვილად; მეგონა, რომ ნორმალურად ვიყავი აქაც. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ სხვა ხალხთან ურთიერთობა არ მქონოდა, თუნდაც ქუჩაში სიარულის დროს. ნაკლებად დავდიოდი და დავდივარ ქუჩაში და ყოველთვის ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე მივდივარ ტრანსპორტით. თუ ვიღაც ქუჩაში - უბრალოდ, გამვლელი - ამას ცუდად მიიღებდა, ვცდილობდი პირიქით გამეღიზიანებინა. აი, თუნდაც, ვთქვათ, ვინმე მოვიდოდა და მეტყოდა – ‘გამარჯობათ, თქვენ გოგო ხართ თუ ბიჭი?’ – ამ დროს აშკარად იცის, რომ ბიჭი ვარ. ვეტყოდი - ‘გოგო ვარ’. ეს მე ვიყავი ასეთი, მაგრამ რამდენიმე მეგობარი მყავს და იმათთვის რომ ასეთი რაღაცა ეთქვათ, შეიძლება ეტირათ, გაგიჟებულიყვნენ, გაქცეულიყვნენ, ისინი გაჰკიდებოდნენ. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ იმ ადამიანის თვალში ვყოფილიყავი საცოდავი. ‘უი, ხო, გოგო ვარ’ – და ამით მას ვუქრობდი იმას... ვეცოდებოდი.”

არაჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დისკრიმინაციას ღრმა ფესვები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია მრავალ კულტურას იცნობს, სადაც ჰომოსექსუალიზმი თანაცხოვრების მიღებული ფორმა იყო, თანამედროვე სამყაროში სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს საკუთარი უფლებების დასაცავად კვლავ ბრძოლა უწევთ. ჰომოსექსუალობის ამორალურ და არანორმალურ მოვლენად შერაცხვას გვიანდელი 60-იანი წლების პოლიტიკურმა მოვლენებმა მოუღო ბოლო ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას შემდეგ იქ სამეცნიერო და საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში უკვე ჰომოსექსუალთა მიმართ გამოვლენილი სიძულვილის – ჰომოფობიის - ფსიქოლოგიური და სოციალური საფუძვლები მოექცა. ეს საფუძვლები მრავალნაირია: სხვისი ჩაგვრის ხარჯზე საკუთარი ‘ნორმალურობის’ და უპირატესობის დამტკიცების სურვილიდან, არაცნობიერი ვნებების დამალვამდე. მაგრამ რაოდენ დამაჯერებელიც უნდა იყოს ჰომოფობიის გამომწვევი მიზეზების მეცნიერული ახსნა, მისი პრაქტიკული გამოვლინება ჯერ კიდევ ხშირია. ჩემმა თანამოსაუბრემ საქართველოში მომხდარი შემდეგი შემთხვევები გაიხსენა:

[რესპონდენტის ხმა]: “რა თქმა უნდა, ფიზიკური აგრესიის შემთხვევებიც არის. ჩემი მეგობარი, მაგალითად, – მე არ შემმთხვევია ასეთი რაღაცა, ალბათ, კარგ დროს წავედი აქედან, – ჩემი ორი მეგობარი აქ, ვაკეში, უნივერსიტეტთან, შემთხვევით იდგნენ და საუბრობდნენ. მაგრამ ორივე ჩანთებით, რაღაც ისეთი, ცოტა სხვანაირი ჩაცმულები. ვიღაცები მოვარდნენ უცებ მანქანით, - ამ დროს, იყვნენ პოლიციელები, - ჩატენეს მანქანაში სრულიად უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ და იმიტომ, რომ ესენი ჰომოსექსუალები იყვნენ, დააბრალეს, რომ ‘თქვენ ახლა ქუჩაში რაღაცას აკეთებდითო.’ – არადა, ორივე ჩემი მეგობარია, ორივეს ძალიან ახლოს ვიცნობ. ესეთი რაღაცა გამორიცხულია, მე ხომ ვიცი. პოლიციაში არ წაიყვანეს, ქუჩაში სცემეს და აიძულებდნენ, რომ მოდი მეც... ჩემთანაც რაღაც მსგავსი გააკეთეო, ერთმანეთში რატომ აკეთებთო. ასეთი საშინელებები ხდება. მაგრამ მე პირადად არ მომსვლია. კიდევ ერთ მეგობარს მოუვიდა ასეთი რაღაცა: ტაქსი გააჩერა, უბრალოდ, და ამ ტაქსის შოფერმა ლამის გაიტაცა - უნდოდა, რომ მასთან ურთიერთობა დაემყარებინა. გაქანებული მანქანიდან გადმოხტა. მსგავსი ისტორიები ბევრი ხდება, მაგრამ მე პირადად მართლა არ შემქმნია რამე პრობლემა, დაცინვას და მაიმუნობას თუ არ ჩავთვლით.”

80-იანი წლების ბოლო პერიოდიდან ევროპის ბევრმა ქვეყანამ – მათ შორის, დანიამ, შვეციამ, ნორვეგიამ, გერმანიამ, ჰოლანდიამ და ბელგიამ - ჰომოსექსუალური წყვილების რეგისტრირების პრაქტიკა შემოიღო, რომელიც ზოგან სრულფასოვანი დაქორწინების შესაძლებლობაში გადაიზარდა. საქართველოდან წასვლის შემდეგ ჩემი თანამოსაუბრე ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში მოხვდა და დღეს იგი მამაკაცთან არის დაქორწინებული. როდესაც მას ოჯახურ ცხოვრებაზე შევეკითხე, პირველ რიგში, მაინტერესებდა, არსებობს თუ არა რაიმე განსხვავება ევროპული საზოგადოების დამოკიდებულებაში ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ოჯახების მიმართ:

[რესპონდენტის ხმა]: “არავითარი განსხვავება არ იგრძნობა. მე ისეთი შეშინებული შევედი ხელის მოწერის ბიუროში, ისეთი შეშინებული და მორცხვი ვიყავი... მაგრამ მაშინვე მომეხსნა ეგ კომპლექსი, იმიტომ რომ ისეთი ურთიერთობა დავინახე იმ ქალისგან, თუ ვინც იყო, ვინც ამ საქმეს აკეთებდა, რომ რა ვიცი, ჩვეულებრივად მივიღე. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ვინც ასე დაქორწინებული არიან, ჰომოსექსუალისტები. ძალიან ნორმალურად ცხოვრობენ. ჰეტეროსექსუალები უფრო მეტად ღალატობენ ერთმანეთს, ვიდრე ჰომოსექსუალები. ამას თუ გააკეთებ, იქ, რა თქმა უნდა, მართლა დიდი სიყვარული უნდა იყოს – ისე ამას ვერ გააკეთებ, მამაკაცთან დაქორწინებას.”

საუბრის ბოლოს შევეკითხე, როგორ აფასებს საქართველოში მცხოვრები არაჰეტეროსექსუალი მეგობრების მდგომარეობას. მას მიაჩნია, რომ ევროპაში ცხოვრებამ მნიშვნელოვნად აუხილა თვალი საქართველოში შექმნილ გარემოზე:

[რესპონდენტის ხმა]: “მე პირადად ყველა მეცოდება, ყველა ჩემი მეგობარი. რაღაც გრძნობა მიჩნდება, რომ ‘რატომ უნდა იყვნენ ასე’. ანუ ახლა ჩამოვედი, ისევ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რა სიტუაციაც დავტოვე სამი წლის წინ: ისევ იგივე პრობლემები ურთიერთობასთან დაკავშირებით, დამალული წასვლა სადღაც, დამალვით სადღაც შესვლა, ხმის დაბოხება, ჩაცმის შეცვლა, რომ ვიღაცამ რაღაცა არ თქვას. ეს უფრო დავინახე, უფრო გამაღიზიანა, ჩემი მეგობრები მეცოდება, თორემ მე ხვალ მივფრინავ და ამის პრობლემა არ მექნება იქ, სადაც მე ვცხოვრობ. იქ ჩემს თავს სრულფასოვანს ვხედავ, როგორც მინდა, ისე ვარ; ანუ რაც ვარ ბუნებით, იმას ვავლენ იქ. აქ დამალვით ყოფნა არ შემეძლო. რა თქმა უნდა, მირჩევნია იქ ვიყო და თავისუფალი ვიყო.”

ჩემი თანამოსაუბრის აზრით, ადამიანის უფლებების პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კულტურულ პრიორიტეტად დეკლარირების მიუხედავად, საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდება სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებებისა და ინტერესების შელახვა. ეს კი, თავის მხრივ, კვლავ ბევრ ადამიანს დატოვებს სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის პირისპირ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG