Accessibility links

logo-print

რუსეთი ტერორიზმის სერიული შეტევის სამიზნე ხდება


1 სექტემბერს, განახლებული სასწავლო წლის პირველ დღეს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში დაახლოებით 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი სკოლის შენობაში შეიჭრა და

რამდენიმე ასეული ადამიანი მძევლად აიყვანა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლებს შორის 200 მოსწავლეა. დღევანდელი ფაქტი გუშინ რუსეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების ერთგვარი გაგრძელებაა. 31 აგვისტოს მოსკოვში, მეტრო სადგურ რიჟსკაიას შესასვლელთან, კამიკაძე ქალის მიერ თავის აფეთქებამ ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ძლიერი აფეთქების შედეგად, დაახლოებით 50-მა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ტერორიზმის ბოლოდროინდელი შემოტევა რუსეთში გასულ კვირას ორი სამგზავრო ლაინერის განადგურებით დაიწყო. მოგითხრობთ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ვერსიებზე.

დაახლოებით 20 შეიარაღებული პირი ქალაქ ბესლანის პირველ საშუალო სკოლაში სწორედ მაშინ შეიჭრა, როდესაც მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ. ასაფეთქებელი ქამრებით აღჭურვილი მოძალადეები, პოლიციის წინააღმდეგობის შემთხვევაში, სკოლის აფეთქებით იმუქრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მიერ მძევლად აყვანილთა შორის დაახლოებით 200 მოსწავლეა. თუმცა მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა გაქცევა მოახერხა. მათ შორის იყო ზაურბეკ ცუმარტოვიც:

{ზაურბეკის ხმა} “ჩვენ ვიდექით ჭიშკართან და არა სკოლის ეზოში, სადაც საზეიმო ღონისძიების მონაწილე ბავშვები იდგნენ. ისმოდა მუსიკის ხმა. მერე მე დავინახე სამი კაცი, რომლებიც მორბოდნენ ავტომატებით ხელში. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო. მაგრამ მერე მათ ჰაერში სროლა დაიწყეს. ჩვენ გაქცევა მოვასწარით.”

საშუალო სკოლის გარშემო სიტუაცია კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. სროლის შედეგად არის მსხვერპლი.

ბესლანელთა მძევლად აყვანის ფაქტს, 31 აგვისტოს მეტრო რიჟსკაიას შესასვლელთან მომხდარ აფეთქებასა და გასულ კვირას ორი რუსული სამგზავრო ლაინერის განადგურებას ექსპერტები ერთმანეთს უკავშირებენ. ძირითადი ვარაუდით, სამივე შემთხვევა სათავეს ჩეჩნეთში იღებს. რამდენიმე დღეა რუსეთის მედია ავრცელებს ვერსიას, რომ ხსენებულ თვითმფრინავებში თავი, ცალ-ცალკე, ორმა გროზნოელმა მეგობარმა ქალმა აიფეთქა. როგორც ამბობენ, ისინი რამდენიმე დღით ადრე ავტობუსით ერთად ჩამოვიდენ მოსკოვში. ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ მათ ცხედრებს ახლობლებმა არ ჩამოაკითხეს.

ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 აგვისტოს მეტრო რიჟსკაიას მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების უკან ერთ-ერთი თვითმფრინავის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თვითმკვლელი კამიკაძის და დგას. ამბობენ, რომ მოსკოვში ისიც იმავე ავტობუსის მარშრუტით ჩამოვიდა. თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ ვერსიებია და ჯერჯერობით არაფერია დაზუსტებული. ჯერჯერობით ხსენებულ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობას ალ-ყაიდასთან დაახლოებული ისლამ ბულის დაჯგუფება იღებს. პარალელურად საუბარია ამ დაჯგუფების ჩეჩნეთთან კონტაქტზეც.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩეჩენ სეპარატისტებს ალ-ყაიდასთან კავშირს უკვე კარგა ხანია აბრალებს და მათთან დიალოგზე უარის თქმის მიზეზად სწორედ ამ ფაქტორს ასახელებს. თუმცა მოსკოველი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი მიიჩნევს, რომ ეს
ბეცი პოლიტიკაა და რომ ამგვარი იგნორირება ჩეჩნებს სულ სხვა ქმედებისკენ უბიძგებს:

{პიონტკოვსკის ხმა}”უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ბოლო ტერაქტების საერთო შტრიხი ის არის, რომ მოთხოვნებს არავინ გვიყენებს, ხოლო პასუხისმგებლობას მომხდარზე საერთაშორისო ისლამური ქსელის მოკავშირე, ბურუსით მოცული ტერორისტული დაჯგუფება იღებს. აშკარად ვხედავთ, რომ ჩეჩენ მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი სწორედ ამ ქსელის რიგებს უერთდება და მისი რეზერვი ხდება. ეს ჩეჩნეთში ჩვენ მიერ ბოლო წლებში წარმოებული მოუქნელი პოლიტიკის შედეგია.”

ეს იყო მოსკოველი პოლიტოლოგი – ანდრეი პიონტკოვსკი.
XS
SM
MD
LG