Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გადადგა


სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებმა დღეს ერთხმად დააკმაყოფილეს პალატის თავმჯდომარის ეროსი კიწმარიშვილის მიერ 14 აგვისტოს დაწერილი განცხადება

თანამდებობიდან წასვლის შესახებ. პრეზიდიუმის წევრები ახალი თავმჯდომარის ვინაობაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება 8 000-ვე წევრს აქვს. დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი გადაწყდა: ახალ თავმჯდომარეს პრეზიდიუმის 97 დელეგატი 30 სექტემბერს აირჩევს. დღევანდელ სხდომას ეროსი კიწმარიშვილი არ დასწრებია. მოგითხრობთ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ხუთთვიანი მოღვაწეობის შემდეგ სამრეწველო-სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თანამდებობიდან მიდის. ეროსი კიწმარიშვილი - როგორც ამას პალატაში აცხადებენ, ყველასათვის მოულოდნელად - 14 აგვისტოს გათავისუფლების შესახებ განცხადებას წერს, რომელსაც პალატის პრეზიდიუმის წევრები დღევანდელ სხდომაზე ერთხმად აკმაყოფილებენ. თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი შოთა მაქაცარია ასრულებს, რომელმაც, არ არის გამორიცხული, ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. დღევანდელ სხდომას ყოფილი თავმჯდომარე არ დასწრებია. ახალი თავმჯდომარის ვინაობაზე კი პალატის პრეზიდიუმის წევრებს საუბარი უძნელდებათ. სამრეწველო-სავაჭრო პალატაში 8000 იურიდიული პირია გაწევრიანებული. პრეზიდიუმის წევრს პეტრე ბერაიას არჩევანის გაკეთება უჭირს:

[პეტრე ბერაიას ხმა] ,,პრეზიდიუმის შემადგენლობაში ისეთი ცნობილი და ღირსეული პიროვნებებია, რომ ძალიან ძნელია დაასახელო. ძალიან ბევრია, დაახლოებით მთლიანი პრეზიდიუმის შემადგენლობა.”

სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის არჩევნები ღია კენჭისყრით ჩატარდება. კანდიდატებზე ხმის მიცემის უფლება წევრების მიერ არჩეულ 97 დელეგატს აქვს. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის აბსოლუტურად გაუგებარია კიწმარიშვილის ეს გადაწყვეტილება, თუმცა აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებს პალატის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. რევაზ ნაჭყებია იმ საკითხთა გრძელ ნუსხაზეც საუბრობს, რომელზეც ამჟამად პრეზიდიუმის წევრები მუშაობენ, და მათგან ყველაზე პრობლემატურად ახალ საგადასახადო კოდექსს მიიჩნევს:

[რევაზ ნაჭყებიას ხმა] ,,ჩვენთვისაც უცნობია, განცხადება რომ დაწერა, მასში არაფერი მიზეზი არა აქვს მითითებული. თქვენ გგონიათ მარტო კიწმარიშვილით წყდება აქ ყველაფერი? ჩვენ ჩვენი სამუშაო პროგრამა გვაქვს, რომელსაც ვახორციელებთ. ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგას ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არა აქვს. ის არ იქნება, ვიცე-პრეზიდენტი ხოა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას.”

სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეროსი კიწმარიშვილი 24 თებერვალს თავად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ წარადგინა. კიწმარიშვილმა ამ პოსტზე შევარდნაძის მძახალი გურამ ახვლედიანი შეცვალა. ბიზნესმენი ზურაბ ტყემალაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ეს დარგი ვერასოდეს ასრულებდა თავის მოვალეობას.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ,,სავაჭრო-სამრეწველო პალატა რაც არსებობს, არასდროს საქართველოს ბიზნესის განვითარებისათვის და მისი ხელშეწყობისათვის მხარდაჭერა, სიმართლე გითხრათ, მე არ მიგრძვნია. ეს არ ეხება ბოლო პერიოდს, როცა კიწმარიშვილი იყო, თავიდან პერიოდსაც ვგულისხმობ. რამ აიძულა - უკეთესი რამ შესთავაზეს თუ ვინმეს გაუნაწყენდა, ვერ გეტყვით.”

სავაჭრო-სამრეწველო პალატის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი გიორგი ზამბახიძე აცხადებს, რომ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წაყენების უფლება 8 000-ვე წევრს აქვს. მათ განაცხადი მომავალ სხდომამდე უნდა შეიტანონ.

[გიორგი ზამბახიძის ხმა] ,,კანდიდატურა შეუძლია წარმოადგინოს, რამდენადაც მე ვიცი, ნებისმიერმა ბიზნესმენმა. შემდეგ ირჩევს მას გაფართოებული სხდომა პრეზიდიუმის. ერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - დაინიშნა არჩევნები 30 სექტემბერს.”

დღეს გამართულ სხდომაზე პალატის პრეზიდიუმის წევრებმა მხოლოდ კიწმარიშვილის გადადგომისა და მომავალი სხდომის თარიღის შესახებ იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG