Accessibility links

logo-print

1 სექტემბრიდან საბჭოთა პასპორტებმა საქართველოში მოქმედების ძალა დაკარგეს


მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები საქართველოში სამუდამოდ არქივის საკუთრებად იქცევა - პარადოქსია,

რომ ეს საბჭოთა კავშირის დაშლიდან და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან თითქმის 15 წლის შემდეგ ხდება. მოქალაქის პირადობის მაიდენტიფიცირებელი საბჭოთა პასპორტები საქართველოში ამიერიდან ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოში მოქმედ კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებს ამ დოკუმენტით ნებისმიერი სახის ოპერაციის შესრულება ეკრძალებათ. ეს უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით დააზარალებთ საბჭოთა პასპორტების მქონე იმ პენსიონერებს, რომელთაც ჯერ არ გაუვლიათ ხელახალი საპენსიო რეგისტრაცია.

[მოქალაქის ხმა]” ჯერ საბჭოთა მაქვს. რა ვიცი, ძვირი ღირდა და რა ვიცი, ფული არ მქონდა სამაგისო. ახლა 2 და რაღაცა ღირს, ხო. ახლა დღეიდან, ხვალიდან ან ზეგიდან გადავალთ ჩვენს პასპორტებზე.”
[ნ.მ.] “ და მთელი ამ ხნის მანძილზე არ დაგჭირვებიათ პასპორტი?”
[მოქალაქის ხმა]” არა, სიმართლე გითხრათ, არა. არ დამჭირვებია, არსად არ წავსულვარ, თბილისის გარდა, სულ თბილისში ვარ და თბილისში ნაღდად თბილისელ კაცს პასპორტი არა სჭირდება.”

პასპორტი, უფრო სწორად კი პირადობის მოწმობა, ჩემს თანამოსაუბრეს თბილისში ამჯერად ნამდვილად დასჭირდება: მას საპენსიო რგისტრაცია აქვს გასავლელი. ეს კი, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ პირადობის მოწმობის გარეშე იგი პრაქტიკულად კუთვნილ საპენსიო თანხასაც ვერ მიიღებს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საპასპორტო მაგიდებთან გამართულ რიგებში, ძირითადად, საპენსიო ასაკს მიტანებული ადამიანები ჩადგებიან. მით უფრო, რომ საბჭოთა პასპორტების მფლობელთა პროცენტულ უმრავლესობას სწორედ პენსიონერები შეადგენენ.

[გურამ ახალაიას ხმა]”საბჭოთა კავშირის პასპორტით უკვე არ გაიცემა პენსიები. ეს შექმნის გარკვეულ პრობლემას, მაგრამ ჩვენ არსებული დებულების ფარგლებში მივაღწიეთ შემდეგ გამარტივებას, რომ ის პენსიონერები, რომლებიც წარმოადგენენ საბჭოთა კავშირის პასპორტს, ორ ცალ ფოტო სურათს - არა აქვს მნიშვნელობა, ფერადი იქნება თუ შავ-თეთრი, ამ დათმობაზეც მივდივართ - და სახელმწიფო ბაჟის ქვითარს, ორი დღის ვადაში, სამი დღის ვადაში, მაქსიმუმ, კანონით გათვალისწინებულ დროში, - ეს არის ხუთი დღე, - ყველა მოქალაქე მიიღებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას.”

საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს უფროსის გურამ ახალაიას განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობების აღებას ნებისმიერ დროს შეძლებენ -ვადა შეზღუდული არ არის. ამ ლოგიკით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საბჭოთა პასპორტების მფლობელი ის მოქალაქეები, რომლებიც პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღებას არ იჩქარებენ, გარკვეულწილად, მოგებულებიც კი დარჩებიან: მათ ეძლევათ შანსი, პირდაპირ ქვეყნის ახალი სიმბოლიკის შესაბამისი ნიმუშის პასპორტები და პირადობის მოწმობები მიიღონ. ბატონ ახალაიას თქმით, ამ ნიმუშის ესკიზები მზად არის, მაგრამ ინვესტორის გამოჩენამდე და ესკიზების დამტკიცებამდე მათი გაცემის დაწყების თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ერთადერთი, რაც ამ დროისათვის დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საპასპორტო და სავიზო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.

[გურამ ახალაიას ხმა]” მიუხედავად იმისა, რა დროსაც არ უნდა შემოვიდეს ახალი ნიმუშის პასპორტები და პირადობის მოწმობები, გაცემულ ყველა პასპორტს და ყველა პირადობის მოწმობას ექნება ძალა თავისი მოქმედების ვადის მიხედვით,
ანუ 15 ნოემბრამდე რაც არის გაცემული პასპორტები, ხუთწლიანი ვადა აქვთ, კიდევ შეიძლება გაგრძელება. 15 ნოემბრიდან კი ახალი, ათწლიანი, ვადით გაიცემა პასპორტები.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება პრაქტიკულად უკვე ისტორიად ქცეულ ძველ საბჭოურ პაპორტებს, სტატისტიკის თანახმად, მათ საქართველოს მოსახლეობის 15-20 პროცენტი ჯერ კიდევ ფლობს. 1998 წლიდან დღემდე ამ პასპორტებს მოქმედების ვადა 4-ჯერ გაუგრძელდა. 2004 წლის 1 სექტემბერმა საბჭოური სიმბოლიკის პრაქტიკულად უკანასკნელ გადმონაშთს საქართველოში სამუდამოდ აუკრძალა არსებობის უფლება. საბჭოთა პასპორტების აკრძალვის შემდეგ რატომღაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის ასაღები სახელმწიფო ბაჟის ფასი შემცირდა: მოწმობა 2 ლარი და 50 თეთრი ღირს.
XS
SM
MD
LG