Accessibility links

logo-print

ტერორისტულმა აქტებმა რუსეთში შეიძლება პრეზიდენტ პუტინის პოპულარობას ავნოს


რუსეთის პრეზიდენტი რა ხანია ტერორიზმის დამარცხებით იმუქრება.

ბოლო დროს რუსეთში მომხდარი ტერაქტები მის დანაპირებს საფუძველს აცლის. მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ტერაქტების გახშირებამ შეიძლება მართლაც ავნოს პუტინის პოპულარობას, მხოლოდ – გარკვეული დროის შემდეგ. ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში სწორედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების დაპირებით მოვიდა. თუმცა, მისი მმართველობის ხანას რუსეთში უსაფრთხოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. რუსეთში ბევრს, ალბათ, უკვირს კიდეც ხელისუფლების უსუსურობა, როცა საქმე ტერაქტებთან დაკავშირებული კრიზისების გადაჭრას ეხება. ეს თავისთავად ბადებს მეორე – უფრო ზოგადი სახის ეჭვს – შეძლებს, თუ არა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებას ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოდესმე. რუსი პოლიტოლოგი კირილ კოკტიში ამბობს:

[კოკტიშის ხმა]
"ეს ტერორისტული თავდასხმები სერიოზული გამოწვევაა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს (ამ შეკითხვას ხმამაღლა ჯერ არავინ სვამს) რუსეთის ფედერალური ხელისუფლების ეფექტიანობის ხარისხს, მის მიერ პრობლემის გადაჭრის უნარს".

რუსი პოლიტოლოგი შენიშნავს, რომ თავდასხმები რუსეთში მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე ხდება. საწვავზე ფასების ზრდა რუსეთში სხვა საქონელზე ფასების ზრდასაც იწვევს და ეს ყველაფერი ერთად პუტინის რეიტინგს უქმნის საფრთხეს. რუსები თავიანთი პრეზიდენტისგან ელიან პასუხს იმაზე, თუ რატომ უარესდება ვითარება ქვეყანაში.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ალექსეი მალაშენკოს მიაჩნია, რომ თუკი ტერაქტების განხორციელება ისეთი სიხშირით გაგრძელდა, როგორც დღეს არის, პუტინი ნამდვილად იგრძნობს მოსახლეობის უკმაყოფილების "სიცხეს".

[მალაშენკოს ხმა]
"თუკი ტერაქტების ეს ერთგვარი სერიულობა შენარჩუნდება და დიდი დროის მანძილზე დარტყმის ქვეშ მუდმივად მოექცევიან დიდი ქალაქები, რასაც, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ, ბატონ პუტინს რამდენიმე შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა".

პუტინს მოუწევს განუმარტოს რუსეთის მოქალაქეებს რატომ არ შეასრულა 1999 წლის დანაპირები, რომ ტერორისტებისგან გაწმენდდა ქვეყანას და ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებდა ჩეჩნეთის პრობლემას.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის დაპირებიდან უკვე 5 წელი გავიდა, მის მიმართ კრიტიკული განზყობა უმაღლეს წერტილს ძალიან მალე მაინც ვერ მიაღწევს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ხელისუფლება რუსეთის პრესის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს და მოსახლეობას რეალური სიმძაფრით ვერ ხედავს იმას, რაც ჩეჩნეთში ხდება, უჭირს იქ მიმდინარე მოვლენების ტერაქტებთან დაკავშირება და უჭირს იმ პასუხისმგებლობის აღქმა, რომელიც ასეთ დროს ხელისუფლებას ეკისრება. ევროპელი ექსპერტი ნიქოლას რედმანიც ამას ადასტურებს:

[რედმანის ხმა]
"რაც შეეხება მის პოპულარობას, რასაკვირველია, ბოლო ტერორისტული აქტები ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენენ. მაგრამ ეს ფაქტებიც პრესაში ძალიან შეზღუდულად გაშუქდება, რადგან ჩეჩნეთის ამბების გაშუქებისას აქ მაღალი ხარისხის თვით-ცენზურა მუშაობს".

ევროპელი ექსპერტის აზრით, თუკი ტერაქტები გაგრძელდა, პუტინი შეიძლება იმაზე მალე აღმოჩნდეს საზოგადოების "მძევლობაში", ვიდრე თვითონ ჰგონია.

ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ტერორისტული აქტების გამო რუსეთის პრეზიდენტი ჩეჩნეთზე მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდება. შარშან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მიღებული ჩეჩნეთის კონსტიტუცია ხომ საფუძველშივე გამორიცხავს ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობას. ასე რომ, ჩეჩენ მეამბოხეებთან მოსალაპარაკებელიც არაფერია. აქ შეიძლება მოხდეს სულ სხვა რამ: ტერაქტების გახშირება შეიძლება გამოიყენონ იმათ, ვინც ჩეჩნეთში პირდაპირი სამხედრო მმართველობის მომხრეა, ანუ იმისა, რომ იქ თუნდაც ნომინალურად არჩეული პრეზიდენტის ნაცვლად ვითარებას მოსკოვის მიერ დანიშნული სამხედრო პირი აკონტროლებდეს. ალექსეი მალაშენკო ირწმუნება, რომ ქაოსის გაგრძელების შემთხვევაში ეს შეიძლება პრო-მოსკოვურად განწყობილმა ჩეჩენმა პოლიტიკოსებმაც მოითხოვონ:

[მალაშენკოს ხმა]
"სამხედროები ჩეჩნეთში არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი იყვნენ. ისინი იქ გენერალ-გუბერნატორის გაგზავნის მომხრენი იყვნენ. ცალკეული გვარებიც კი სახელდებოდა. სხვათაშორის ეს იდეა ჩეჩნებშიც პოვებს მხარდაჭერას. ახლახან დავბრუნდი არჩევნებიდან, ამ თემაზე ვესაუბრე ჩეჩნებს და მათ ეს იდეა, მართლაც, მისაღებად მიაჩნიათ".

ის, რომ რუსეთის მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით კი ტელევიზია კონტროლდება, ბესლანის კრიზისმაც დაადასტურა. გარდა ამისა, ჩვენს წინა გადაცემებშიც მოისმინეთ, თუ რა სირთულეები შეექმნა ჟურნალისტთა ერთ ნაწილს, რომელსაც ბესლანში შეღწევა სურდა. ასე რომ, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის ნეგატიური არგუმენტებისგან დაცვას მართლაც სერიოზულად უდგება.
XS
SM
MD
LG