Accessibility links

logo-print

ბესლანში დატრიალებული მძევლების დრამა გრძელდება


საერთაშორისო ყურადღება კვლავ მიპყრობილია ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანში დატრიალებულ ტრაგედიაზე

,სადაც გამტაცებლებს მეორე დღეა მძევლად ჰყავთ აყვანილი დაახლოებით 350-მდე ბავშვი, მათი მშობლები და მასწავლებლები. სამშაბათს, სკოლის აღების დროს 12 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ყოველი მხრიდან ღებულობს თანაგრძნობის სიტყვებს, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მძევალთა აყვანის მეორე დღეს ბესლანიდან კვლავ უამრავი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა გამტაცებლების ვინაობის, მათი მოთხოვნების, მძევლების მდგომარეობისა და რუსეთის ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯების შესახებ.

მძევლად აყვანილი მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების ასობით ახლობელმა ბესლანში მთელი ღამე სკოლის შორიახლოს გაატარა. ისინი უკმაყოფილნი იყვნენ ხელისუფლების პასიურობით და ინფორმაციით, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი მათი შვილების შესახებ.

[პირველი დედის ხმა]: "თქვენ არასწორ ინფორმაციას იძლევით. მთელი ღამე ჩვენთან არავინ გამოსულა. ყველანი ფეხზე ჩამოვწყდით. ჩვენ არ მოგვწონს ეს ინფორმაცია. ჩვენ მთელი სულით ვართ აქ, იქ ხომ ჩვენი შვილები არიან."

უკიდურესად აღელვებული მშობლების დამშვიდებას ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზბეგ ძანტიევი ცდილობდა. მაგრამ ამაოდ, მან მძევლად აყვანილთა ახლობლებს ვერაფერი სანუგეშო ვერ უთხრა.

[რუსლან ძანტიევის ხმა] "ჩვენგან ღამის 3 საათზე გაისმა რამდენიმე წინადადება. პირველი წინადადება იყო, რომ რამდენ ბავშვსაც დაგვიბრუნებდნენ, იმდენი კაცი გადაგვეცა. უარი გვითხრეს. მეორედ კიდევ უფრო შორს წავედით და შევთავაზეთ დერეფანი და უსაფრთხოების სრული გარანტია, რომ წასულიყვნენ და ჩვენი ბავშვებისათვის თავი დაენებებინათ. ამაზეც უარი მივიღეთ. შემდეგომში, კიდევ სხვა წინადადებები იქნება."

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ ბესლანის სკოლის ირგვლივ შეგროვებულ ხალხში უიმედობისა და სასოწარკვეთის განწყობამ იმატა. შემთხვევის ადგილზე მყოფი გაზეთ "კომერსანტის" ჟურნალისტის ოლგა ალენოვას თქმით, ადამაინები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება მძევლების გათავისუფლებას კვლავ "ნორდ-ოსტის" სცენარით შეეცდება.

[ოლგა ალენოვას ხმა] "ადამიანებს ეშინიათ, რომ განმეორედაბ იგივე, რაც მოსკოვში ნორდ-ოსტის დროს იყო და ეკითხებიან ერთმანეთს: როგორ გგონიათ გაზს ხომ არ გამოიყენებენო?" მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არ განმეორდება, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფება და არც ერთი ქვეყანა მხარს არ დაუჭერდა, რომ ის, რაც დუბროვკაზე მოხდა, ბავშვების მიმართ მომხდარიყო."

ოლგა ალენოვას თქმით, მშობლებმა პირველი დამაიმედებელი ინფორმაცია სკოლაში მყოფი მძევლების მდგომარეობის შესახებ ხუთშაბათ დილით ტელეფონის საშუალებით შეიტყვეს. სკოლის დირექტორმა ქალმა, რომელიც ბავშვებტან ერატდ სკოლაში იმყოფება, გამტაცებლების დახმარებით ტელეფონზე დარკვა შეძლო:

[ოლგა ალენოვას ხმა] "დილით კავშირზე გამოვიდა სკოლის დირექტორი, როგორც ჩანს ბოევიკებმა მას მისცეს ამის უფლება და მან თქვა, რომ ბავშვები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ, რომ არავინ გამხდარა ავად. აი, ასეთი ინფორმაცია იყო."

რაც შეეხება თავად გამტაცებელთა ვინაობას, ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსბობს. ოლგა ალენოვას თქმით, ერთნი ამბობენ, რომ იქ იმყოფება საველე მეთაური დოკუ უმაროვი. ზოგი ამბობს, რომ იქ არიან ადამიანები ოსეთიდანაც, ჩეჩნეთიდანაც და ინგუშეთიდანაც.

მაგრამ რაშიც არავის ეჭვი არ ეპარება, ეს არის გამტაცებელთა მიზანი: ზემოქმედება მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე და აიძულოს კრემლი შეწყვიტოს საომარი მოქმედება ჩეჩნეთში.
რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც ბოლო კვირის განმავლობაში ორი საშინელი ტერორისტული აქტი გადაიტანა, ბესლანში დატრიალებულმა ტრაგედიამ სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთდღიანი თათბირისა და კონსულტაციების შემდეგ, მხოლოდ ხუთშაბათს და ისიც იორდანიის მეფე აბდალა მეორესთან შეხვედრის შემდეგ გაახმიანა საკუთრი მოქმედების ტაქტიკა.

[ვლადიმერ პუტინის ხმა]: "ჩვენი მთავარი ამოცანა, პირველ ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ შექმნილ ვითარებაში შევინარჩუნოთ იმათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინც მძევლობაში აღმოჩნდა. მოქმედება ჩვენი ყველა ძალისა, რომელიც დაკავებულია მძევალთა განთავისუფლებით, მიმართულია ამ ამოცანის , პირველ ყოვლისა სწორედ ამ ამოცანის გადასაწყვეტად."

მაგრამ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენლების ძალისხმევამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. მხოლოდ 2 სექტემბერს, დღის ბოლოს და ისიც ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის რუსლან აუსევის სამშვიდობო მისიის შემდეგ გამოჩნდა პირველი შედეგი. დაახლოებით საღამოს 5 საათზე გამტაცებლებმა რამდენიმე მშობელი და მცირეწლოვანი ბავშვი გაათვისუფლეს. ეს ცნობა ჩრდილოეთ-ოსეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი ლევ ძუგაევმა გაავრცელა, თუმცა მან ეს წარმატება ძირითადადა მისი ხელმძღავნელობის საქმიანობას დაუკავშირა:

[ლევ ძუგაევის ხმა] "წარმოებული კავშირის შედეგად სამი ადამიანი მცირეწლოვანი ბავშვთან ერთად გათავისუფლდნენ. დიახ, სამი ქალი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არის პირველი წარმატება მიღწეული გამტაცებლებთან მოლაპარაკებაში და ჩვენ შევძლებთ მის განმტკიცებას."

მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელს აღარ დაუზუსტებია, თუ რა პირობების შესრულება მოითხოვეს მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ გამტაცებლებმა, ან როგორ აპირებს რუსეთის ხელისუფლება დარჩენილი სამასი მძევლის გათავისუფლებას. რაც მთავრია, არავინ იძლევა პასუხს შეკითხვაზე, თუ როგორ მოახერხეს შეიარაღებულმა ადამიანებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტებით, უშიშროების აგენტებითა და ფედერალური საარმიო ნაწილებით გავსებულ ჩრდილოეთ ოსეთში შეღწევა და ასეულობით ადამიანის მძევლად აყვანა.
XS
SM
MD
LG