Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო - მოულოდნელი შემადგნელობა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვე-ნახევრის წინ შექმნა, ხოლო 2 სექტემბერს დაამტკიცა მრჩეველთა ოთხკაციანი საბჭო, რომლის შემადგენლობაც

საზოგადოებისთვის ცოტა მოულოდნელი შეიძლება აღმოჩნდეს: სოსო ცინცაძე, დიპლომატიური აკადემიის რექტორი; გიორგი გაჩეჩილაძე, ლიტერატურათმცოდნე, ინდიანის უნივერსიტეტის პროფესორი; იგორ კვესელავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე; ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

თვე-ნახევრის მანძილზე საბჭოს დამტკიცების გაჭიანურებამ, შესაძლოა, ვინმეს აფიქრებინოს, რომ სახელმწიფო კანცელარიაში აღდგა საკითხთა გადაწყვეტის შევარდნაძის დროინდელი ტემპები, მაგრამ ასე არ არის. 21 ივლისის შემდეგ, როცა შეიქმნა პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო, მიხეილ სააკაშვილი თითქმის მთლიანად მომართული იყო სამხრეთ ოსეთის პრობლემაზე და ძნელი სათქმელია, რამდენად ეცალა ახალი სტრუქტურისათვის. მეორეც, საბჭოს თავმჯდომარე სოსო ცინცაძემ ფეხი მოიტეხა და დროებით მოკლებული გახლდათ აქტიურად მუშაობის უნარს. სოსო ცინცაძე, რომელიც უფროსი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ როგორც საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური მიმომხილველი, მრჩეველთა საბჭოს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. შევარდნაძის მმართველობის მიწურულს ის კრიტიკულად ეკიდებოდა ექს-პრეზიდენტის პოლიტიკას, ხოლო რევოლუციის შემდეგ პირველმა განაცხადა, რუსი პოლიტოლოგები ახლა, ალბათ, წვავენ თავიანთ ნაშრომებს, გათვლებსა და პროექტებს, რომელიც საქართველოს მომავლის შესახებ შეუქმნიათო. ახალშექმნილი მრჩეველთა საბჭოს ცოტა მოულოდნელი შემადგენლობა, გარკვეულწილად, სწორედ სოსო ცინცაძის შერჩეულია.

მე დავინტერესდი, თუ შეკრებილან დღემდე საბჭოს წევრები. ერთი მათგანი, რამაზ საყვარელიძე, ამბობს, რომ შეკრებილან, მაგრამ უფრო -ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად. რაც შეეხება შინაარსობრივ ასპექტებს, ცხადია, საბჭოს წევრებს უსაუბრიათ საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე, თუმცა, ამბობს რამაზ საყვარელიძე:

[საყვარელიძის ხმა] “ეს მაინც იყო ჩვენი აზრების ერთმანეთში მიმოცვლა. საკითხებზე უფრო კვალიფიციურ მუშაობას სჭირდება პრეზიდენტის ან მისი ადმინისტრაციის მითითება, რა მიმართულებით არის საფიქრალი - ხომ შეიძლება სხვადასხვა სტრატეგია შემუშავდეს ან სწორედ ასეთი სხვადასხვაობა იქნეს წარმოჩენილი. ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული ამოცანა ჯერ ჩვენთვის არ დაუსვამთ.”

თავად რამაზ საყვარელიძე რევოლუციის შემდეგ ერთხანს ჩრდილში მოექცა, რაც, შესაძლოა, განაპირობა მისმა სიახლოვემ “ახალ მემარჯვენეებთან”. თუმცა მოგვიანებით ის მემარჯვენეებსაც ჩამოსცილდა. შევარდნაძის წასვლამდე ერთი-ორი წლით ადრე საყვარელიძე ღიად ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარულ შტრიხებზე, მაგრამ, ჩანს, პრეზიდენტის დემოკრატიზმი იმაშიც მჟღავნდება, რომ მზადაა, არ უსმინოს მხოლოდ უპირობოდ ლოიალურ ფიგურებს. მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე საერთოდ უცნობი იყო, ვისი აზრი შეიძლება გაეთვალისწინებინა პრეზიდენტს. ახლა რამდენიმე ადამიანი, ფორმალურად მაინც, ცნობილია. ჯერჯერობით საბჭო დუმს. სხვათა შორის, მისი ერთი წევრი, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე, ამ ორი ათეული წლის წინ წარმატებით იკვლევდა დუმილის ფენომენს კულტურასა და ლიტერატურაში.
XS
SM
MD
LG