Accessibility links

logo-print

სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმის ცენტრალური ბაზარი იერიშით აიღო


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დანაპირები შეასრულა და 2 სექტემბერს, გამთენიისას, ხუთასამდე სპეცრაზმელის დახმარებით,

ბათუმის ცენტრალური ბაზრის შენობა იერიშით აიღო. გავრცელებული ცნობების თანახმად, დაკავებულია ათამდე მოქალაქე, მათ შორის, ორგანიზაცია “საქართველოს ერთიანობის კავშირის” აჭარის კოორდინატორი ჯუმბერ თავართქილაძე. არიან დაშავებულებიც.

[ისმის აქციის დარბევის ხმები]

პირველი სექტემბრის წარუმატებელი სპეცოპერაციის შემდეგ ბათუმში საგანგებო მისიის შესასრულებლად შინაგანი ჯარების სარდალი გიორგი თავთუხაშვილი და უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩავიდნენ. ამ ადამიანებმა, როგორც იქნა, აღასრულეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება და გაუქმებული ცენტრალური ბაზარი მოვაჭრეებისგან დაცალეს. ის, რომ ხელისუფლება ძალას გამოიყენებდა, წესით, აჯანყებულებსაც უნდა სცოდნოდათ. 1 სექტემბერს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განცდილი ფიასკოს შემდეგ, ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ:

[მამაკაცის ხმა] “ამას მოჰყვება კონკრეტულად ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან საპასუხო ქმედებები.”

სპეცრაზმმა ბათუმის ცენტრალურ ბაზარს 2 სექტემბრის დილის ხუთი საათისათვის შეუტია. ოპერაციის შედეგად, რომელსაც შინაგანი ჯარების სარდალი ხელმძღვანელობდა, ბაზრის შენობა დახლებთან გამაგრებული ადამიანებისაგან თხუთმეტ წუთში გათავისუფლდა. ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე წარმატებული ოპერაციით თავს იწონებს:

[ლევან ვარშალომიძის ხმა] “წესრიგის დასამყარებლად, კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით, აჭარის მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს.”

ოპერაციას ასევე წარმატებულად მიიჩნევენ თბილისშიც, თუმცა, აჭარელი კოლეგებისაგან განსხვავებით, საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა ხელისუფლების ადამიანური სახის წინა პლანზე წამოწევასაც ცდილობს:

[გიგი უგულავას ხმა] “შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო “03” სამსახური, ასევე გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდნენ საავადმყოფოები, მაგრამ არც ერთი მომართვა სასწრაფო მანქანების მიმართ არ ყოფილა და ასევე, ბუნებრივია, არც ერთი მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია არ განხორციელებულა.”

მაგრამ, როგორც ჩანს, ნაცემები და დაშავებულები მაინც არიან.

[კობა დავითაშვილის ხმა] “ახლა ვწევარ მე… ხელკეტებით გამიმასპინძლდნენ ჩემი მეგობრები - სააკაშვილი და მერაბიშვილი.”

ეს ბათუმის ცენტრალური ბაზრის თანამშრომლების ადვოკატი, დეპუტატი კობა დავითაშვილია. იგი, რამდენიმე თანაპარტიელთან ერთად, სპეცრაზმელთა იერიშის დროს ბაზრის შენობაში იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, დეპუტატს ტვინის შერყევა აქვს მიღებული. დავითაშვილი საქართველოში პოლიტპატიმრების გაჩენასა და ხელისუფლების პროპაგანდისტულ ხრიკებზე ამახვილებს ყუადღებას. პოლიტპატიმრად იგი სპეცოპერაციის დროს დაპატიმრებულ საქართველოს ერთიანობის კავშირის აჭარის კოორდინატორს ჯუმბერ თავართქილაძეს მოიხსენიებს, ხოლო რაც შეეხება პროპაგანდას:

[კობა დავითაშვილის ხმა] “მთელი სამთავრობო პროპაგანდა ამ დღეებში ამზადებდა ამ დარბევას შემდეგი მოტივით, რომ ესენი არიან ასლანისტები. აგზავნიდნენ შიგნით პროვოკატორებს, აყვირებდნენ “ბაბუს”, რათა გამოეყენებინათ მერე ეს ფაქტი მათ დასარბევად.”

დარბევისა და შენობის გათავისუფლების შემდეგ ბათუმის მერიამ ბაზართან მისასვლელი კიბე მძიმე ტექნიკის დახმარებით დაანგრია. ადგილობრივი ჩინოვნიკების ამგვარი ქმედება გარკვეული პარალელის გავლების საშუალებას იძლევა: ავტონომიის ყოფილმა ხელისუფლებამ მმართველობა ხიდების დანგრევით დაასრულა, მოქმედი კი კიბეების დანგრევით იწყებს.

[ისმის ნგრევის ხმა]
XS
SM
MD
LG