Accessibility links

თბილისისა და აფხაზეთის თოჯინების თეატრები ცხინვალის ზონის ქართულ სოფლებში ერთობლივ სპექტაკლს წარადგენენ


3 სექტემბერს დილით ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებისკენ მსახიობი თოჯინებით დატვირთული ავტობუსი გაემგზავრება. მსახიობები გეზს ნიქოზისკენ აიღებენ.

სწორედ ამ სოფელში იგეგმება პირველი წარმოდგენის ჩვენება. თბილისისა და აფხაზეთის თოჯინების სახელმწიფო თეატრები ნიქოზელ და კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებიდან საგანგებოდ სპექტაკლის სანახავად ჩასულ პატარებს “მხიარულ ზღაპარს” წარუდგენენ. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ამას აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, მაშინ ნიქოზის შემდეგ “მხიარული ზღაპარი” ტყვიავსა და ტირძნისშიც გათამაშდება. თოჯინების თეატრის აპოლიტიკური აქცია კონფლიქტის ზონის პატარების ფსიქორეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

[თემურ ბადრიაშვილის ხმა]” ჩვენ ძალზე ხშირად გვიმუშავია ფსიქოლოგებთანაც და ვიცით, რომ ასეთი სპექტაკლები და ასეთი აქციები ძალიან კარგად მოქმედებს, ფსიქორეაბილიტაციური თვალსაზრისით, ბავშვებზე, რომლებიც იმყოფებიან დაძაბულ ზონებში. იცით, მათთვის ეს არის, ასე ვთქვათ, განტვირთვა და მერეც, იცით, ჩატარებული ანალიზი იმის მიხედვით, ამ ფსიქოლოგების მიერ, მათ რჩებათ ძალიან ისეთი, იმედიანი და კარგი განწყობა დიდხანს.” (სტილი დაცულია)

როგორც თბილისის თოჯინების თეატრის დირექტორი და აფხაზეთის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თემურ ბადრიაშვილი ამბობს, ანალოგიური კულტურული დესანტის გადასხმას ის და მისი კოლეგები წლების წინ აფხაზეთშიც ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. და მიუხედავად იმისა, რომ თოჯინების თეატრზე უფრო ჰუმანური და უხიფათო ორგანიზაცია, ალბათ, მართლაც არ არსებობს, ქართველი თოჯინების მიღებაზე ჯერჯერობით კატეგორიულ უარს აცხადებს ცხინვალიც. ნაწილობრივ ამით უნდა ავხსნათ ის, რომ თამარაშენი, ქურთა, აჩაბეთი და ცხინვალის გაღმა მდებარე სხვა ქართული სოფლები თოჯინების თეატრის სამშვიდობო აქციის მარშრუტში არ აღმოჩნდნენ. თოჯინების თეატრს ამ სოფლებში მაყურებელი აღარც დარჩა: საომარ მოქმედებებს, ტყვიებსა და ყუმბარებს ბავშვები უფრო უხიფათო ადგილებში დაემალნენ. ამ ბავშვების ნაწილი 3 სექტემბერს ზემო ნიქოზში ნახავს სამი გოჭის მხიარულ და ჭკუის სასწავლებელ თავგადასავალს.

[მუსიკა]

[კახა ერგემლიძის ხმა]” როდესაც დაბომბვა იყო ჩვენი სოფლისა, მაშინ ერთი 10 პროცენტი კი გაიყვანეს ბავშვები მაინც, მოარიდეს, მაგრამ, ძირითადად, დასასვენებლად იყვნენ წასულები ბავშვები. ახლა თითქმის სუყველა დაბრუნდა, უკვე სწავლაც მოახლოვდა და ბავშვები არიან. ასე რომ ვთქვათ, გახიზნულები არიანო, მაგას ვერ ვიტყვი.”(სტილი დაცულია)

ნიქოზის თემის გამგებლის კახა ერგემლიძის თქმით, თბილისისა და აფხაზეთის თოჯინების თეატრების ერთობლივ სპექტაკლს ნიქოზის კულტურის სახლში მეზობელი სოფლებიდან - შინდისიდან, ფხენისიდან, ქვემო ხვითიდან - და დიდი ლიახვის ხეობიდან ჩამოსული პატარა მაყურებლებიც დაესწრებიან. ნიქოზში 3 სექტემბერს დიდი საბავშვო დღესასწაული იგეგმება. ამ გულწრფელი დღესასწაულის მეცენატობა, ერთის მხრივ, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ და კულტურის სამინისტრომ გასწიეს, მეორე მხრივ კი, საქართველოს უცხოელმა მეგობრებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ამ აქციის თაობაზე ინტერნეტის მეშვეობით შეიტყვეს.
რამდენი ადამიანი გამოგეხმაურათ? - ამ კითხვით აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრს დათო საცერაძეს მივმართეთ.

[დავით საცერაძის ხმა]”უიმე, ძაან ბევრი, რა, და მე ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ თანხებთან დაკავშირებით. იყო ასეთი თანხების გადმორიცხვა, როგორიცაა ხუთი დოლარი და სამოცი ცენტი, მაგალითად. იყო დიდი თანხებიც. ნუ, მაგალითად, 50 ევრო იქ, 80 დოლარი იქ და ასე შემდგომ. ამიტომ ეს, ცოტა არ იყოს, მართლა შორს წაგვიყვანს.”

ჰუმანიტარული ინტერნეტაქცია სასიამოვნო და წარმატებული პრეცედენტია თავად საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვისაც. ამ პრაქტიკას ისინი სამომავლო გეგმებშიც გაითვალისწინებენ. თუმცა მანამდე თოჯინების თეატრის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასტროლია წინ.
XS
SM
MD
LG