Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ბუში თავის მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ დედამიწას უსაფრთხო ადგილად აქცევს


ნიუ იორკში დამთავრდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელმაც ოფიციალურად წამოაყენა ჯორჯ ბუშის კანდიდატურა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

გუშინ ყრილობის დელეგატებს თავად პრეზიდენტმა მიმართა. თავის სიტყვაში მან შეკრებილთ აღუთქვა, რომ ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში, იგი გააგრძელებს არჩეულ გეზს და უკომპრომისოდ შეებრძოლება ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.

თავის გამოსვლაში ჯორჯ ბუშმა დიდი ადგილი დაუთმო ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციის ინიციატივას და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ვალია, ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში საზოგადოების გახსნას.

[ჯორჯ ბუშის ხმა]: "მჯერა, რომ ამერიკა მოწოდებულია, სათავეში ჩაუდგეს მშვიდობის საქმეს ახალ საუკუნეში. მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მილიონობით ადამიანს თავისუფლება სურს. მჯერა, რომ, თუ საშუალება მიეცათ, ეს ადამიანები სიხარულით მიიღებენ მმართველობის ყველაზე ღირსეულ ფორმას, რომელიც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. მჯერა ყოველივე ამისა, რადგან თავისუფლება არის არა ამერიკის საჩუქარი მსოფლიოსადმი, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთის საჩუქარი დედამიწაზე მცხოვრები ყოველი კაცისა თუ ქალისადმი."

თავისი სიტყვის დაახლოებით ნახევარი ჯორჯ ბუშმა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბარს დაუთმო და ყურადღება ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციის ინიციატივაზე გაამახვილა. ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყება მან სწორ გადაწყვეტილებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო, რადგან სადამ ჰუსეინმა არ ისურვა თანამშრომლობა მასობრივი განადგურების იარაღის საკითხზე წარმოშობილ დავაში.

ვიდრე ტრიბუნაზე ბუში ავიდოდა, ყრილობის დელეგატებს მიმართა გადამდგარმა გენერალმა ტომი ფრენკსმა, რომელიც სათავეში ედგა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ჯერ ავღანეთის, შემდეგ კი ერაყის სამხედრო ოპერაციებში.

[ტომი ფრენკსის ხმა]: "ავღანეთსა და ერაყში, ტერორიზმი და ტირანია იცვლება თავისუფლებით, იმედით, შესაძლებლობით. პირადად მე ვამაყობ, რომ ჩემმა ქვეყანამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 50 მილიონ ადამიანს მისცა შანსი."

თავად ჯორჯ ბუში კი თანაპარტიელებს დაპირდა, რომ ყოველ ღონეს იხმარს, რათა დედამიწა უსაფრთხო ადგილად აქციოს.

[ჯორჯ ბუშის ხმა]: "ჩემი აზრით, ამერიკის პრეზიდენტის უზენაესი ვალია, ამერიკელ ხალხს იცავდეს. თუ ამერიკა ამ ათწლეულში იორჭოფებს ან სისუსტეს გამოიჩენს, მსოფლიოს ტრაგედია არ ასცდება. მე ამას არ დავუშვებ."

როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯონ კერის სახით ჯორჯ ბუშს 2 ნოემბერს სერიოზული მეტოქე ეყოლება. ნიუ იორკსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში თითქმის ყოველდღიურად ეწყობა საპროტესტო დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ერაყში ომის შეწყვეტას მოითხოვენ და პრეზიდენტ ბუშს უნდობლობას უცხადებენ. კვირას, ნიუ იორკში გამართულ დემონსტრაციაში 125 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG