Accessibility links

logo-print

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ზამთრის სეზონში მოსახლეობას უწყვეტ ელექტრომომარაგებას ჰპირდება


საქართველოს მთავრობის რიგით მეორე გამსვლელი სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად ზამთრის სეზონისათვის მზადება იქცა.

3 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ბათუმში მთავრობის სხდომას წარუდგინა ქვეყნის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უწყვეტი მომარაგების პროგრამა. ამ პროგრამის თანახმად, დედაქალაქსა და საქართველოს მსხვილ ქალაქებს ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება არ ექნებათ. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, მინისტრი 24 საათიან ელექტრომომარაგებას, ძირითადად, კარგ გადამხდელ სოფლებს ჰპირდება.


ბათუმში მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგოპროგრამის თანახმად, მომავალი ზამთარი ათწლიანი ენერგოკრიზისის დასასრულის მკვეთრ დასაწყისად უნდა იქცეს. ამგვარი დაპირებები გილაურის წინამორბედ მინისტრებსაც არაერთხელ დაუხვავებიათ. ხალხს დანაპირების აღსრულება ამჯერადაც ეეჭვება.

[მოქალაქის ხმა]” ნამდვილად არ მჯერა. აბსურდია ნამდვილად. მაგას ვერ მოახერხებს ჩვენი მთავრობა, რომ რაიონებიც კი მოამარაგოს. თბილისი კიდევ შეიძლება, მაგრამ არც მაგის იმედი არა მაქვს ნამდვილად. მით უმეტეს ის, რომ გადასახადებია ისეთი სასწაული, რომ ყველა ამას ვერ შეძლებს. მე, მაგალითად, ვერ შევძლებ.” (სტილი დაცულია)

[მოქალაქის ხმა]” მე არა მჯერა, მაგალითად, არა. ეს დარღვევები იქნება ყოველთვის, ეს ჩავარდნები. იმიტომ რომ, მით უმეტეს, ეხლა მდგომარეობა რუსეთთან, მოგეხსენებათ, ეხლა როგორი დაძაბულობაა და, მე მგონი, ეს ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს ამ საკითხზე.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოპტიმისტური და ოპტიმალური გათვლები რამდენიმე კომპონენტს ეფუძნება: ენგურჰესისა და იმერეთის 5 ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, მე-9 ენერგობლოკის მთელი სიმძლავრით ამოქმედება, რეგიონებში გამრიცხველიანების დასრულება და, ამის საფუძველზე, ელექტროენერგიის ხარჯვის 15 პროცენტიანი ეკონომია და, რასაკვირველია, იმპორტი სომხეთიდან და რუსეთიდან. ექსპერტთა მოსაზრებით, ყველაზე რთული სწორედ რუსული ენერგიის შეუფერხებლად იმპორტირება იქნება. მინისტრი გილაური ვარაუდობს, რომ შეძლებს რუს პარტნიორებთან ურთიერთობის მოგვარებას, რათა თელასმა ბაზრისგან დამოუკიდებლად, თავად შემოიტანოს თბილისისათვის საკმარისი ელექტროენერგია. ამას გარდა, უახლოეს დღეებში იგი გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.

მოკლედ, ენერგეტიკის მინისტრის პროგნოზით, საქართველოს ენერგოსისტემა წელს, გასულ ზამთართან შედარებით, 300-320 მეგავატით მეტ ელექტროენერგიას მიიღებს.

[ნიკა გილაურის ხმა]”ოპტიმიზმი რაზეა დამყარებული? იმაზეა დამყარებული, რაც გაკეთდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ენერგეტიკაში; დამყარებულია იმაზე, რომ ენგურჰესზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია; დამყარებულია იმაზე, რომ სხვა ჰესებზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, გამრიცხველიანება მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქსელების რეაბილიტაცია და ა.შ. და ა.შ.”

მინისტრ გილაურის პროგრამის მიხედვით, საქართველოს დიდ ქალაქებს ზამთრის სეზონზე ენერგოკრიზისი საერთოდ დაავიწყდებათ, რეგიონები კი ტოტალურად ჩაბნელების ტრადიციას გვერდს აუვლიან და, თითოეული სოფლის გადახდისუნარიანობის შესაბამისად, განათდებიან. გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია საქართველოს რეგიონებში, ზაფხულის მცირე შესვენების შემდეგ, უკვე შეუდგა ურჩი გადამხდელების შევიწროებას.
XS
SM
MD
LG