Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელები - წყლის მრიცხველების წინააღმდეგ


თბილისის მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურს აღურიცხავად, ფიქსირებული გადასახადის სახით იხდის. შედეგად, გარდა იმისა, რომ ზარალობს “თბილწყალკანალი”,

უყაირათოდ იხარჯება მილიონობით დეკალიტრი ხარისხიანი სასმელი წყალი. თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა არსებული ვითარების შესაცვლელად დიდ დიღომში ექსპერიმენტის ჩატარება, ანუ წყლის მრიცხველების დაყენება, გადაწყვიტა. რა გამოვიდა ამ ექსპერიმენტიდან?

თბილსის მერმა ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ, “თბილწყალკანალის” პრივატიზების ჩაშლის შემდეგ, მიიღო. საგანგებოდ ექსპერიმენტისათვის დიდ დიღომში ცხრასართულიანი კორპუსიც კი შეირჩა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა წყლის მრიცხველების დაყენების აუცილებლობა შემდეგნაირად ახსნა:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “იმის მიუხედავად, “წყალკანალი ჩვენს მართვაში დარჩება თუ გადაეცემა კერძო კომპანიას მართვის უფლებით, გამრიცხველიანება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ყველა თბილისელმა გადაიხადოს ფასი მის მიერ მოხმარებული ხარჯის მიხედვით და არა ისე, როგორც დღეს არის დადგენილი.”

მერის ამ გადაწყვეტილებამ, რბილად რომ ვთქვათ, თბილისელების აღფრთოვანება ვერ გამოიწვია. რიგითი თბილისელები ონკანებზე მრიცხველების დაყენებას სასმელი წყლის გაძვირების წინაპირობად მიიჩნევენ.

[ქალბატონის ხმა] “დავიღალეთ რა, პენსია თავის დროზე არ არის, დახმარება არ არის.”

[ქალბატონის ხმა] “წყალი ყველაზე მეტი გვინდა, წყალი გვაქვს ერთი და ცოდვა ვართ, ისიც რომ არ გვექნეს.”

“თბილწყალკანალში” კი თბილისელების დამშვიდებას ცდილობენ. “მომხმარებელი სასმელი წყლის საფასურს, სულ მცირე, უახლოესი სამი წლის განმავლობაში არსებული ტარიფით, ანუ სულზე ლარსა და ოც თეთრს, გადაიხდის. მრიცხველებს მხოლოდ და მხოლოდ რეალური ხარჯის დადგენის მიზნით ვამონტაჟებთ”, ამბობს “თბილწყალკანალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ჯელია და იქვე განმარტავს:

[გოჩა ჯელიას ხმა] “მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში გაძვირებაა მოსალოდნელი. შეღავათებისა და სოციალური დახმარების პროგრამა კვლავ ძალაში დარჩება. არის 18 კატეგორია მოსახლეობის, რომლებიც იღებენ შეღავათს კიდევ ამ ლარი და ოცის ქვემოთ, ანუ ზოგს განახევრებული აქვს, ზოგი კი მთლიანად გათავისუფლებულია - ასე რომ, ერთ სულ მოსახლეზე წყლის რეალური ღირებულება სამჯერ მეტია იმასთან შედარებით, რასაც ვახდევინებთ, ანუ რაც ტარიფით არის დაწესებული.”

ტარიფის მიხედვით, საშუალო სტატისტიკური თბილისელი დღე-ღამის განმავლობაში 800 ლიტრამდე წყალს მოიხმარს. მოსახლეობას კი ერთი ტონა, ანუ ერთი კუბური მეტრი, სასმელი წყალი 5 თეთრად მიეყიდება, რაც თვითღირებულებაზე თითქმის ორჯერ მცირეა. გოჩა ჯელიას თქმით, სხვაობას დედაქალაქის ბიუჯეტი ანაზღაურებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG