Accessibility links

logo-print

ბესლანის ტრაგედიის გამოძახილი საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეების განმავლობაში თბილისშიც, ალბათ, სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ყველაზე ემოციურად ჩრდილოეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ.

თავად ტრაგედიის მასშტაბებს რომ თავი დავანებოთ, ჩრდილოეთ ოსეთი საქართველოს უშუალოდ ესაზღვრება, რაც ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვეს საქართველოში ბესლანის მოვლენების ტრაგიკული ფინალი.

ბესლანში განვითარებული მოვლენების პირველი წუთებიდანვე საქართველოში გაძლიერდა სტრატეგიული ობიექტების დაცვა. პარალელურად საქართველოს პრეზიდენტმა მძევალთა გათავისუფლების ოპერაციისას დაზარალებულთა დასახმარებლად ჩრდილოეთ ოსეთში სასწრაფო დახმარების 5 მანქანა გაგზავნა. მანქანები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არ გადაუშვეს.
შაბათს ბესლანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მან ბესლანში განვითარებულ მოვლენებს უწოდა წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია, რომელმაც ყველა ცუდ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ დღეებში დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს საქართველო-რუსეთის საზღვარზე:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ ჩვენ გუშინ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან ერთად, მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რათა კიდევ უფრო გამკაცრებულიყო საზღვრებზე კონტროლი. ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ადამიანს, ვინც შემოდის ამ დღეებში. არის განსაკუთრებული სიფრთხილე საჭირო, რომ რაღაც სახის სიტუაციაც კი არ შეიქმნას და ვინმემ არ გამოიხედოს ჩვენი ტერიტორიისკენ.“
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთის საზღვრის ჩაკეტვის განკარგულება შაბათს გასცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. თუმცა შაბათსვე “პრაიმ-ნიუსის” მიერ გავრცელებული ცნობით ირკვევა, რომ როკის გვირაბი ჩვეულებრივ რეჟიმში ფუქნციონირებს. ამის შესახებ ქართულ სააგენტოს ცხინვალის ხელისუფლების საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა. პარალელურად, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის შალვა ლონდარიძის ცნობით, ბესლანის მოვლენებთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ ჩაკეტა ზემო ლარსის ხეობა.
XS
SM
MD
LG