Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონში ადამიანთა გატაცების ფაქტები გახშირდა


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების

პოლიტიკურმა აქტივობამაც იკლო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ცხინვალის რეგიონში ვითარება სტაბილური გახდა; არადა, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენები იქაურ მოსახლეობას სულაც არ აძლევს სტაბილურობის განცდის საშუალებას. თითქმის დღე არ გავა, რომ ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართული ეროვნების მოქალაქე არ გაიტაცონ და, ჯაშუშობის ბრალდებით, სასტიკად არ აწამონ.

ქართველი ეროვნების მოქალაქეები ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 3 სექტემბრის საღამოსაც გაიტაცეს. თორთლაძეების ოჯახის 4 წევრი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით დაღლილი, საკუთარი ნაკვეთიდან, სოფელ კნოლევის მიმდებარე ტერიტორიიდან, შინ ბრუნდებოდა, როდესაც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა. დაკავებულები უმალვე ზნაურის რაიონის მილიციაში გადაიყვანეს და ისინი ოს სამართალდამცველებს 10 საათის მანძილზე უკანონოდ ჰყავდათ დატყვევებული. თორთლაძეების გათავისუფლება შიდა-ქართლის რეგიონული პოლიციის უფროსის ალექსანდრე სუხიტაშვილის ჩარევით მოხერხდა:

[ალექსანდრე სუხიტაშვილის ხმა] ”ჩვენი სამართლიანი და კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ წუხელივე განთავისუფლებულნი იქნენ. ჩემი ინფორმაციით, თორთლაძეები ნაცემები არ არიან. შეიძლება ითქვას, რომ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად მივიღეთ ჩვენ შეტყობინება და, სხვათა შორის, ცხინვალის ხელისუფლებასთან დაკავშირებიდან ნახევარი საათის შემდეგ საკითხი იყო გადაწყვეტილი და ისინი გამოუშვეს.”

თუ ეს შემთხვევა დაკავებულთა წამების გარეშე დამთავრდა, გაცილებით მძიმე იყო წინა შემთხვევები. მაგალითად, სოფელ ერედვის მკვიდრი, გვარად მაისურაძე, ეკლესიის მახლობლად დააკავეს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი შიდა ქართლში გოგა აფციაური ამბობს, მაისურაძე ოსმა სამართალდამცველებმა მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ერედვის მოსახლეობამ ოსურ სოფელ დმენისკენ მიმავალი გზა გადაკეტა და ამ სოფლის 15-მდე მცხოვრები მძევლად აიყვანა:

[გოგა აფციაურის ხმა] ”ჩემი თვალით ვნახე: სასტიკად იყო ნაცემი, ნაწამები. დანით იყო ზურგის არეში დასერილი და სიგარეტები ჰქონდა მიმწვარი. სახე, საერთოდ, აღარ ემჩნეოდა, ისე ჰქონდა დასიებული. მერე მოყვა ჩვენთან საუბარში, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სანგრებს თხრიან ოსები, - ეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა; ფაქტია, რომ იქ ოსები არიან შემოსული, - სწორედ იმ ადგილას მოხდა მაისურაძის გატაცება. ჯერ სანგარში სცემეს სასტიკად...”

მაისურაძე უნებლიეთ გახდა ოსური სანგრების ადგილმდებარეობის მოწმე, თუმცა მას ჯაშუშობა მაინც დააბრალეს. იგივე ბედი გაიზიარა სოფელ დვანის მცხოვრებმაც. ისიც ეკლესიის მახლობლად სანგრების გათხრით დასაქმებულმა ოსებმა დააკავეს. იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც ოსური მხარის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა გათავისუფლება მხოლოდ კრიმინალებზე გაცვლით მოხერხდა.

კონფლიქტების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, ადამიანის გატაცებები, სამწუხაროდ, პოსტკონფლიქტური სიტუაციის თანმდევი პროცესია:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”ამ პროცესმა შეიძლება მიგვიყვანოს გამოუსწორებელ შედეგამდე. ეგ სასწრაფოდ აღსაკვეთია როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან და ძალიან ცუდი ტენდენციაა და არაფრით არ შეიძლება, რომ ეს გაგრძელდეს. მე მგონი, ამის შეგნება ორივე მხარეს აქვს ახლა, ამ ეტაპზე.”

იმისათვის, რომ საქმე გამოუსწორებელ შედეგამდე არ მივიდეს - ადამიანთა გატაცებაც დროულად აღიკვეთოს და სანგრების თხრის პროცესიც შეჩერდეს, შერეულმა სამშვიდობო ძალებმა კონფლიქტის ზონაში ეფექტურად უნდა იმოქმედონ.


აქამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სარდლობით მიმდინარე სამშვიდობო მისია განსაკუთრებული ეფექტურობით არ გამოირჩეოდა და ხშირ შემთხვევაში მხარეებს შორის გაჩაღებულ ცეცხლზე ნავთსაც კი ასხამდა.

ამ პროცესებში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი სვიატოსლავ ნაბზდოროვი. მას დიდი ხანია ქართული მხარე უნდობლობას უცხადებს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნაბზდოროვის შეცვლა მხოლოდ ახლახან გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიას გენერალი მარატ კულახმეტოვი უხელმძღვანელებს. იგი ბოლო დრომდე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ ოსეთში დისლოცირებულ მეცხრამეტე დივიზიას ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ხელისუფლებაში კულახმეტოვზე ამბობენ, შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლებაო, თუმცა თავად კონფლიქტის ზონაში უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ნაბზდოროვის შემცვლელზე უფრო მეტ იმედებს ამყარებენ. ცვლილებაა სამშვიდობო ძალების ქართულ ბატალიონშიც. იქ განხორციელებული როტაციის შემდეგ ქართულ სამშვიდობო ძალებს ალეკო კიკნაძე უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG