Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ფართოდ აშუქებდა გასული კვირის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ჩრდილოეთ ოსეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ფართოდ აშუქებდა გასული კვირის ქართულ პრესა. „მცდარი პოლიტიკის უდანაშაულო მსხვერპლი“ - ზოგადად ასე

შეიძლება გამოიხატოს ქართული პრესის დამოკიდებულება ბესლანში მომხდარი ტერაქტისადმი.

კვირის ბოლოს ქართული გაზეთები წერდნენ, რომ ბოლო დღეებში, რუსეთში მომხდარი ტერაქტების გამო, საქართველოს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე დაცვა გაძლიერდა. რკინიგზას, ხიდებსა და გვირაბებს პოლიციის წარმომადგენლები დღე-ღამის განმავლობაში მკაცრად აკონტროლებენ. ქართული ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციით, განსაკუთრებულად კონტროლდება სტრატეგიული დანიშნულების ტვირთებიც.
4 სექტემბრის გაზეთ „ახალი თაობის“ ცნობით, ბესლანის ტრაგედიას საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. გაზეთი წერს:

„ბესლანში დატრიალებული ტრაგედია საქართველოს პრეზიდენტისთვისაც მტკივნეული აღმოჩნდა. მან რუსეთის მოსახლეობას პირადად მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი სააკაშვილმა თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინსაც გაუგზავნა. „საჭიროების შემთხვევაში, საქართველო მზად არის რუსეთს დახმარება აღმოუჩინოს,“ - ამბობს პრეზიდენტი.
თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, სააკაშვილი არ აფასებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას. მსოფლიოს ექსპერტებმა რუსეთს ეს ოპერაცია დაუწუნეს. საქართველოს პირველი პირი გუშინ ძირითად ყურადღებას იმ სენზე ამახვილებდა, რასაც ტერორიზმი ჰქვია. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ტერორიზმისგან არავინაა დაზღვეული. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას, ამ მხრივ, უსაფრთხოებას ჰპირდება. „ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტერორისტებს საქართველოს ტერიტორიაზე თავი კარგად არ ეგრძნოთ. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტერორისტებს საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი დასაყრდენი და ბაზა არა აქვთ. ეს არის ჩვენი მოქმედების შედეგი,“ - აღნიშნავს პრეზიდენტი.




4 სექტემბრის გაზეთ „ხვალინდელი დღის“ ვერსიით, რუსეთი შეეცდება აგრესია საქართველოს დაატეხოს თავს. გაზეთის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტთა გადასაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებებს შორის ცხინვალის ნომრიანი მანქანაც იყო. აღნიშნულ ცნობას დუმის დეპუტატები საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ. თუმცა, ქართული მხარის განცხადებით, ეს ფაქტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის უკონტროლო ტერიტორიები სეპარატიზმისა და ტერორიზმის ბუდეს წარმოადგენს. პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა გაზეთ „ხვალინდელ დღეს“ განუცხადა:


„ რუსეთი შეეცდება ბესლანში ცხინვალის ნომრიანი მანქანების აღმოჩენის ფაქტი ისევ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. დუმის ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან კვლავ წამოიწია პანკისისა და იქ „გამოზრდილი“ ვაჰაბიტების თემამ. ამ რამდენიმე რეაქციონერი პოლიტიკოსის გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, ამ ტერორისტულ აქტში საქართველოს მონაწილეობის საკითხმაც გაიჟღეროს. ეს, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია და ამ პროვოკაციას არც საერთაშორისო ორგანიზაციები წამოეგებიან, მაგრამ არა მგონია, ამით რუსეთის ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვალოს,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთმა საკუთარი ქმედებებით საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად შეილახა იმიჯი. ამიტომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს დღეს სერიოზული უპირატესობა აქვს.”



„რისთვის გამოიყენებს პუტინი ტერაქტების სერიალს?“ - კითხულობს 4 სექტემბრის გაზეთი „ალია“, რომლის შენიშვნითაც, პუტინის იმიჯი ჯერ ვერც „კურსკმა“ ჩაძირა და ვერც ბესლანმა ააფეთქა. პირიქით, კრემლის უფროსი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქმედების ისეთივე ფართო უფლებები მიიღოს, როგორც ბუშმა - 11 სექტემბერს. გაზეთი წერს:



“ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით მოვლენებს აკვირდება და დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან საგანგებო წერილიც კი გაუგზავნა პუტინს. სააკაშვილმა იქვე ერთი საინტერესო განცხადებაც გააკეთა: ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, რა როგორ მოხდა, და ყველა ინფორმაციას რუსეთს მივაწვდითო.
სხვათა შორის, 11 სექტემბრის შემდეგ ავთო იოსელიანმაც გააკეთა იმავე სახის განცხადება: ვეუბნებოდი ამერიკელებს, ტერაქტია მოსალოდნელი-მეთქი, დეტალებიც შევატყობინე და მაინც ვერ აიცილეს ეს ტრაგედიაო.
მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას მივუბრუნდეთ: რისი დემონსტრირება სურდა ამით საქართველოს პრეზიდენტს? საკუთარი ძალოვანი უწყებების შესაძლებლობის თუ იმის, რამდენად კარგი ურთიერთობები აქვს საქართველოს დასავლეთის სპეცსამსახურებთან, რომლებიც საჭირო ინფორმაციას არ გვიმალავენ?
თუმცა, შესაძლოა, თბილისი ახლა იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მას ტერაქტებთან არანაირი კავშირი არა აქვს და რომ ის ძალადობას გმობს. თბილისს ახლა სხვა გამოსავალი არც აქვს. გამწვავებული ურთიერთობების მიუხედავად, მას მოუწევს ანგარიში გაუწიოს პუტინის პოლიტიკას კავკასიაში. კავკასიური ომი ყველასთვის ერთნაირად წამგებიანი იქნება როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.



პრესის მიმოხილვის ბოლოს კი 4 სექტემბრის გაზეთ „რეზონანსის“ ერთ პუბლიკაციაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. გაზეთის ცნობით, 5 სექტემბერს ცხინვალში საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ „რეზონანსის“ კორესპონდენტს ცხინვალის შესასვლელთან ყვავილებით მოვაჭრემ მაია ბესტაევამ აცნობა. გაზეთი წერს:


“როგორც ბესტაევა ამბობს, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა უკიდურესმა გაჭირვებამ იმ ზომამდე მიიყვანა, რომ 5 სექტემბრისთვის კოკოითის ადმინისტრაციის შენობის წინ მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი მზადდება, რომელზეც ასეთი პლაკატები და ლოზუნგები იქნება: „ კოკოითი, კმარა ომი“, „კოკოითი, წადი ცხინვალიდან“.
მაია ბესტაევა ამბობს, რომ ამ საპროტესტო აქციის შესახებ მოსახლეობა ხმამაღლა საუბარს ერიდება. ცხინვალში საკმაოდ მობილიზებულია ოსური „კმარაც“. იქ არის მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელთა ახლობლები და შვილები რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირებისას დაიღუპნენ. ისინი ქართველების მიმართ ძალიან რადიკალურად არიან განწყობილები და ქართველებს ფაშისტებს უწოდებენ. ანტიქართული განწყობა, ძირითადად, იმ თაობაში შეინიშნება, რომელიც კონფლიქტის შემდეგ წამოიზარდა; შედარებით ასაკოვან ადამიანებს, რომლებმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და მიზანი იციან, ანტიქართული განწყობა არა აქვთ.
XS
SM
MD
LG