Accessibility links

logo-print

ლარი რეკორდულად გამყარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო 5 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულზე გამყარდა და აშშ დოლართან მიმართებაში 1,72 ლარი შეადგინა.

ლარის ამგვარ ”სახეცვლილებას” არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან ლარი მყარდება, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპი მისი ადეკვატური არ არის. ნაწილი ექსპერტებისა ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის ”გაძვირება” ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას შეუქმნის პრობლემას, მეორე ნაწილი კი ლარის სიმყარეში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და, პირიქით, სოციალური ფონის დაბალანსებისათვის პოზიტიურ მოვლენად აღიქვამს.

ლარის კურსის ზრდას ექსპერტები ერთდროულად რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, რომელთა შორის, პირველ რიგში, ეკონომიკის ლეგალიზაციის პროცესი სახელდება, რაც ეროვნული ვალუტის გამოყენების არეალის გაფართოებას და, შესაბამისად, მასზე მოთხოვნის ზრდას ნიშნავს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტია, რომლის ბრუნვაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წლებში არსებულს. მაგალითად, მხოლოდ საგადასახადო დეპარტამენტმა მიმდინარე წლის რვა თვეში უკვე შარშან აკრეფილი შემოსავლების წლიურ შედეგებს მიაღწია.
საერთო ჯამში, ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად აჭარბებს გეგმას. თუმცა აქ შექმნილია ერთგვარი ალოგიკური სიტუაცია – ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულზე მეტი შედის, მაგრამ ამ თანხების სრულად ხარჯვა ვერ ხერხდება, რის გამოც მიმოქცევაში ვეღარ ბრუნდება ფულადი მასის სოლიდური ნაწილი. ეს კი შიდა სავალუტო ბაზარზე ლარის დროებით დეფიციტს ქმნის.

ლარზე მოთხოვნის პარალელურად შიდა სავალუტო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა უცხოური ვალუტის მიწოდება, რომლის ძირითადი წყაროც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი თანხებია.

ამ პერიოდში ყველა ამ ფაქტორს დაემატა რთვლისთვის მზადება. მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვისათვის საწარმოები რესურსების მობილიზებას უცხოური ვალუტის ეროვნულზე გადახურდავებით ახდენენ, რაც ასევე ლარზე მოთხოვნას ზრდის და მასზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს.

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვა ლარის გამყარებას? ეროვნული ვალუტის გაძვირება, როგორც წესი, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ახდენს გავლენას და ექსპორტიორებს საქონელს უძვირებს. ამ ტენდენციის შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტი უნდა შემცირებულიყო, რასაც სატატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი არ ადასტურებს. მათი მონაცემებით, ქვეყნიდან გატანილი პროდუქცია წლის დასაწყისიდან, შარშანდელთან შედარებით, არ შემცირებულა. ოფიციალურ სტატისტიკას, რომლის მიმართაც სკეფსისი ხშირად სამართლიანია, ამ შემთხვევაში შეიძლება ვენდოთ, რადგან, ნომინალური გაცვლითი კურსის გარდა, არსებობს ე.წ. რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გამოითვლება ნომინალური კურსის გამრავლებით საქართველოში და მის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციის დონეთა შეფარდებაზე. ივლისის მდგომარეობით, რეალური კურსი ახლოსაა 2003 წლის იანვრის დონესთან. ანუ ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო წელიწად-ნახევრის წინ.

მეორე ეფექტი, რომელსაც ხშირად ახსენებენ, სამომხმარებლო ბაზრის გაძვირება და მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის შემოსავლების კლებაა. სამომხმარებლო ბაზარი, მართლაც, გაძვირდა, რაც ობიექტურად მოხდებოდა, რადგან ეკონომიკის ლეგალიზაციამ, საგადასახადო სამსახურების გააქტიურებამ, ამის წინაპირობა შექმნა. გამყიდველმა საქონლის ფასში ჩადო იმ გადასახადის ოდენობაც, რომელსაც აქამდე არ იხდიდა. ამას თან დაერთო გარკვეული კლიმატური პირობები და მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა, მაგალითად, ხილის ცუდი მოსავალი ან ნედლი ნავთობის ფასის რეკორდული ზრდა, რამაც, ბუნებრივია, იმოქმედა საქართველოს სამომხმარებლო ფასების ინდექსზეც. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის გამყარებით ფასების მნიშვნელოვანი ზრდის პროცესი, პირიქით, დაბალანსდა. კურსი იგივე რომ დარჩენილიყო ან უარესი – გაუფასურებულიყო, მაშინ სოციალური წნეხი გაცილებით მტკივნეული იქნებოდა.
საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ლარის გამყარება ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკაა და ის ხელოვნურად ხდება. ამ აზრს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი არ იზიარებს. მას ყოველივე ის, რაც საფინანსო ბაზარზე ხდება, ეკონომიკურ კანონზომიერებად მიაჩნია, თუმცა იმის შემდეგ, რაც მთავრობა ხარჯების დაფინანსებას გაზრდის, მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ახალი წონასწორობა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ლარის კურსის გამყარება არაა ამოცანა, რასაც ჩვენ ვასრულებთ. ეს თავისთავად ხდება, მეტი შემოსავლების მობილიზების გამო. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო, რომ სულ მალე ჩამოყალიბდება ლარის ახალი წონასწორობა და ლარის კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილებები აღარ იქნება.”(სტილი დაცულია)

მაინც ვინ იხეირა და ვინ რჩება წაგებული ლარის გამყარებით? ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი რეკორდული ”გაძვირება”, პირველ რიგში, იმ ადამიანებს აშფოთებთ, რომელთაც თავისი დანაზოგები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ შენახული. ფინანსთა მინისტრის აზრით, ეს, ძირითადად, საშუალო და მდიდარი ფენაა, რომელთა შემოსავალიც ასევე უცხოურ ვალუტაშია დაფიქსირებული. სხვათა შორის, მათ რიცხვში ის მინისტრებიც არიან, რომელთაც სოროსის ფონდი სოლიდურ ანაზღაურებას უხდის. არც მათ გაუადვილდათ ცხოვრება, ვინც ოჯახს უცხოეთში სამუშაოდ წასული ახლობლების ხარჯზე ინახავს. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა ცხოვრებაზეც ვალუტის ცვლილებამ მაინცდამაინც არ იმოქმედა. პირიქით, თუ მათ შემოსავლებს უცხოურ ვალუტაში გადავიყვანთ, იხეირა კიდეც.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ შემოსავლები დენომინირებული დოლარებში, და ასეთი ადამიანები საქართველოში ბევრია, არის საზღვარგარეთიდან გადმორიცხვები ოჯახის წევრებისთვის, რომელიც ასევე არაა ცოტა, მაგრამ ბევრად უფრო მეტია ის ადამიანები, - ასეთი ადამიანების პროპორციაა დაახლოებით 80 პროცენტი 20 პროცენტზე, - რომლებიც თავიანთ შემოსავლებს რეგულარულად იღებენ მხოლოდ და მხოლოდ ლარებში. ” (სტილი დაცულია)

ამჟამად გვაქვს სიტუაცია, როდესაც ლარი მყარია, მაგრამ ეკონომიკაში პარალელური პროცესები შეფერხებულია. ანუ შექმნილია ერთგვარი მოლოდინი: ბიზნესი ახალ საკანონმდებლო გარემოს და, პირველ რიგში, ახალ საგადასახადო პოლიტიკას ელოდება. საგადასახადო კოდექსის მიღებამდე კი საქმიანი წრეები მოლოდინს ამჯობინებენ და ბიზნესაქტივობას მაინცდამაინც არ ჩქარობენ. რაც შეეხება ლარს, საბიუჯეტო დავალიანებების გასტუმრების, ზამთრის სეზონის დაწყებისა და ენერგოშემცველების იმპორტის ზრდის პარალელურად, ექსპერტები მისი რეკორდული გამყარების ”დამუხრუჭებას” ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG