Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ტყვეები და სახელმწიფო: ძველი ჭრილობის განახლება


თბილისსა და სეპარატისტულ ცხინვალს შორის კონფლიქტის ესკალაციამ,

საზოგადოებას ერთი ძველი პრობლემა შეახსენა. 7 ივლისს სოფელ ვანათში ოსმა სეპარატისებმა დაახლოებით 40-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს. მათი უმრავლესობა მეორე დღესვე გაანთავისუფლეს, დარჩენილი სამი სამხედრო – კი ტყვეობის ორმოცდამეერთე დღეს. ამის შემდეგ ყოფილი სამხედრო ტყვეების ბედი მთლიანად ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა. კობა ლიკლიკაძე შეეცდება, გაიხსენოს, თუ რა გარემოებაში მოხდა ქართველი სამედროების დატყვევება და პასუხი გასცეს შეკითხვას, აქვს თუ არა სახელმწიფოს რაიმე ვალდებულება ტყვეობაში ჩავარდნილი ადამიანის წინაშე.


ტყვეობაში თუნდაც ერთი დღის განმავლობაში მყოფ ადამიანი საკმაოდ ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ მკურნალობას საჭიროებს. შინაგანი ჯარის ოფიცრები სურმავა, კობალაძე და დურგლიშვილი ცხინვალის ციხიდან ყველაზე ბოლოს, 18 აგვისტოს გათავისუფლდნენ. ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ვინ ჩივის, 41 დღის განმავლობაში ტყვედ ნამყოფი სამხედრო მოსამსახურეები საერთოდ აღარსად ჩანან, ისინი გაურბიან ჟურნალისტებთან კონტაქტს, რადგან შიშობენ, რომ გულახდილი დიალოგის შემთხვევაში მათ ზემდგომთა მხრიდან რისხვა დაატყდებათ თავს. ერთ-ერთმა ყოფილმა ტყვემ სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის გვითხრა, რომ კადრების განკარგულებაში იმყოფება და წარმოდგენა არ აქვს, თუ რას უმზადებს ხელმძღვანელობა. შინაგანი ჯარების კადრების სამმართველოს წარმომადგენელებმა კი ინფორმაციის გაცემაზე, მხოლოდ წერილობითი ფორმით მიმართვის შემდეგ განაცხადეს თანხმობა.

მაგრამ ზოგიერთი ცნობის მოპოვება დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით მაინც მოხერხდა. ქართველი სამხედრო ტყვეები თავის დროზე ცხინვალის ციხეში გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა და ჯარისკაცთა უფლებების დაცვის დარგში სახალხო დამცველი რწმუნებულმა ნოდარ ეფრემიძემ ინახულეს. ირაკლი ალადაშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, ტყეობიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ თავად დაწერა განცხადება შეიარაღებული ძალებიდან წასვლის შესახებ. სამხრეები კი მხოლო იმათ შეინარჩუნეს, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ტყვეობით მიყენებულ შერცხვენას ბრძოლის ველზე გამოისყიდდნენ.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

მაგრამ არის თუ არა ტყვედ ჩავარდნა საძრახისი საქციელი? მით უფრო, მაშინ როცა სეპარატისტული მხარე, რომელიც არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და, შესაბამისად არ ცნობს ომის საერთაშორისო კანონებს. ამ შეკითხვის პასუხად, ჯარისკაცთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტი რუსლან ახალაია განმარტავს, რომ ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა ტყვედ ჩავრდნა ნებისმიერ შემთხვევაში სამშობლოს ღალატთან იყო გაიგივებული. საერთაშორისო კანონმდებლობა დიფერენცირებულად უდგება პრობლემას: ანუ, საბრძოლო მოქმედების დროს დატყვევებულ პიროვნებას, განთავისუფლების შემდეგ, შესაძლოა, გარკვეული სოციალური კონპენსაციაც დაენიშნოს და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

[რუსლან ახალაიას ხმა]

სანამ ყველა გარემოება არ გაირკვევა, ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, თუ რასთან გვაქვს საქმე თვენახევრის წინ სოფელ ვანათთან 40_მდე ქართველი სამხედრო პირის დატყვევების შემთხვევაში. ჯარისკაცთა უფლებების დაცვის დარგში სახალხო რწმუნებულის მოადგილე ნოდარ ეფრემიძეც მხოლოდ ვარაუდს გამოთქვმას, რომ პოზიციებზე მდგარი ქართველი სამხედროები, შესაძლოა, ბრძანების თანახმადაც კი მოქმედებდნენ.

[ნოდარ ეფრემიძის ხმა]

გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილიც არ გამორიცხავს, რომ სამხედროების მასობრივი დატყვევების ფაქტი ობიექტურმა გარემოებებმა და ზემდგომი ხელმძღვანელების გაუთვლელმა მოქმედებებმა განაპირობეს, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი ექსპერტიც იძულებულია არ გაამჟღავნოს ზოგიერთი დეტალი.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიივიწყა ხელისუფლებამ თვენახევრის წინ მომხდარი დატყვევების ფაქტი და არც საზოგადოება ამჟღვანებს ტყვეობაში მყოფი ადამიანების ბედით დაინტერესებას. "ხელისუფლება მოსახლეობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების აღდგენას ცდილობს და მას სურს არა სამხედრო ტყვეებზე, არამედ სამხედროების გმირობაზე ლაპარაკი", გვითხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ოფიცერმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ასეთი მიდგომა ჯარისკაცს სხვა არჩევანს არ უტოვებს, ბრძოლის ველზე გმირული სიკვდილის, ხოლო ტყვეობაში ჩავარდნის შემთხვევაში კი საშინელი თვითგვემის გარდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG