Accessibility links

logo-print

სატელევიზიო საინფორმაციო პოლიტიკის ჩრდილოვანი მხარე


თავისუფალ მედიას ორი დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ოპოზიციურობა ხელისუფლების მიმართ და კონკურენცია ერთმანეთს შორის.

მიმდინარე პოლიტიკური მომენტის გათვალისწინებით, მასმედია ნაკლებად ცდილობს, იყოს ოპოზიციური ხელისუფლების მიმართ. ამ ვითარებაში არის თუ არა შესაძლებელი რეალური კონკურენცია მედიასაშუალებებს შორის და რა შეიძლება იყოს კონკურენციის საფუძველი?

საქართველოში საინფორმაციო პოლიტიკას თითქმის მთლიანად ელექტრონული მედია ქმნის. ამის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ღია, ასევე ჩრდილოვან ურთიერთობებს ტელეკომპანიებს შორის. პოლიტიკით ნაკლებად დაინტერესებული ადამიანებისთვისაც კი ცხადზე ცხადია, რომ ტელესივრცეში ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არიან “რუსთავი 2” და “იმედი”. მათ შორის დაპირისპირებას, როგორც ჩანს, სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად (შესაძლოა, სხვა დანარჩენ ფაქტორებზე მეტადაც) წმინდა პოლიტიკური საფუძველიც აქვს.

გაზეთ “ახალი ვერსიის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” იყიდა საზოგადოებისთვის საკმაოდ უცნობმა პირმა - ქიბარ ხალვაშმა. ამავე გაზეთის ცნობით და კულუარული ვერსიით, თავის მხრივ, ქიბარ ხალვაში შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და თანამოაზრეა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გავლენა “რუსთავი 2”-ზე საკმაოდ მაღალი ხარისხით ვრცელდება.

ერთ-ერთ ძველ გადაცემაში ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ ქვეყანაში, სადაც კორუფცია გადაუჭრელი პრობლემაა, ძალოვანი უწყებები და ეკონომიკური გუნდი, როგორც წესი, ერთმანეთთან დაპირისპირებულია. ასე იყო შევარდნაძის პრეზიდენტობისას და, სავარაუდოდ, ასეა დღესაც. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ოქრუაშვილს თუნდაც დაფარული, მაგრამ გარდაუვალი პრობლემები ჰქონდეს ჟვანია-ბენდუქიძის ტანდემთან ურთიერთობაში. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ მწვავე დაპირისპირებას ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილს შორის, ცხადი გახდება, რატომ დანიშნა ოქრუაშვილის მეგობარმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად ეროსი კიწმარიშვილი. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ ჩამოყალიბდა სამკუთხედი: ხალვაში-ოქრუაშვილი-კიწმარიშვილი.

ამავდროულად, ლოგიკურია საუბარი მეორე სამკუთხედზე: ჟვანია-ბენდუქიძე-პატარკაციშვილი. ტელეკომპანია “იმედის” მფლობელს ბადრი პატარკაციშვილს საგანგებოდ კარგი ურთიერთობა აქვს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, რის დემონსტრირებასაც არც ერთი მხარე ერიდება და არც მეორე. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ჟვანია-კიწმარიშვილის დაპირისპირების ფონზე. ბენდუქიძე კი ეკონომიკური გუნდის ბურჯია და, ნებსით თუ უნებლიეთ, მისი ადგილი სწორედ ჟვანიას გვერდით არის დაჯავშნულ-დადუღებული.

ასე რომ, დღეს სატელევიზიო საინფორმაციო პოლიტიკის მთავარი ძარღვი გადის ზემოთ აღწერილი ორი სამკუთხედის დაპირისპირებაზე: ერთი მხრივ, ხალვაში-ოქრუაშვილი-კიწმარიშვილი და ტელეკომპანია “რუსთავი 2”; მეორე მხრივ, ჟვანია-ბენდუქიძე-პატარკაციშვილი და ტელეკომპანია “იმედი”. “რუსთავი 2”-ის მაყურებლები ადვილად შეამჩნევენ ტელეკომპანიის კრიტიკულ დამოკიდებულებას ეკონომიკური გუნდის მიმართ და სამხედრო-პატრიოტულ სულისკვეთებას. “იმედის” მაყურებლები კი, პირიქით, ადვილად დაინახავენ ტელეკომპანიის მხარდაჭერას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, დაკვირვებული თვალი კი ძალოვანების ჩუმ კრიტიკასაც ამოიკითხავს.

განსაკუთრებით საინტერესოა ორი ბანაკისა და პრეზიდენტის ურთიერთობა. ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ სჭირდება კრიტიკული სიუჟეტები - არც ეკონომიკური და არც ძალოვანი გუნდების შესახებ. ამიტომ ორივე ტელეკომპანია თავის საინფორმაციო პოლიტიკას დიდი სიფრთხილით ატარებს. მეორე მხრივ, დღეს პრეზიდენტის ყურადღება უფრო მეტად ძალოვანი უწყებებისკენაა მიმართული, ვიდრე ეკონომიკური გუნდისკენ. ამგვარ არჩევანს თავისთავად განაპირობებს პრიორიტეტების თანმიმდევრობა: ჯერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. ამ ლოგიკის თანახმად, მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს ის მედიასეგმენტი უფრო მეტ ყურადღებას და მხარდაჭერას იმსახურებს, რომელიც ორიენტირებულია ძალოვან პოლიტიკაზე, ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებაზე. ამ საქმეში კი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ირაკლი ოქრუაშვილია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ დღეს პრეზიდენტის ყურადღება სწორედ “რუსთავი 2”-ისკენ არის მიმართული.

ამ კონტექსტში ნიშანდობლივია “რუსთავი 2”-ის მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო ტელეარხთან და ეროსი კიწმარიშვილის პარტნიორული ურთიერთობა საქტელერადიო კორპორაციის ხელმძღვანელთან - ზაზა შენგელიასთან. ამ თანამშრომლობის თვალსაჩინო შედეგებს მაყურებელი მალე იხილავს.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, ქართულ საეთერო სივრცეში მთავარ მოვლენად დარჩება მზარდი კონკურენცია “რუსთავი 2”-სა და “იმედს” შორის; კონკურენცია, რომელსაც გაცილებით მეტი საერთო აქვს პოლიტიკასთან, ვიდრე ბიზნესთან.
XS
SM
MD
LG