Accessibility links

როგორია ეხმაურება მსოფლიო ბესლანის ტრაგედიას?


ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანში ტრაგედიის დღეებში დაღუპულებს ასაფლავებენ. შოკირებულ რუსეთში ორშაბათიდან ორდღიანი გლოვა

ოფიციალურად არის გამოცხადებული. მომხდარით გაოგნებულია მთელი ცივილიზებული მსოფლიო. როგორი გამოხმაურება მოჰყვა ბესლანის ტრაგედიას საერთაშორისო დონეზე?

ორშაბათიდან რუსეთში ორდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მწუხარების ნიშნად თავდახრილია ქუჩებში გამოფენილი სახელმწიფო დროშები. ტელეარხებზე გასართობი პროგრამები შეჩერებულია. ქვეყანა გლოვობს ბესლანის საშუალო სკოლის ტრაგედიის დროს დაღუპულებს, რომელთა რიცხვი, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 400-ს შეადგენს, აქედან ნახევარზე მეტი – ბავშვია. დაახლოებით ასევე 400 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო რამდენიმე ათეული - დაკარგულად მიიჩნევა. მომხდარის გამო სამძიმარს რუსეთს მრავალი ქვეყანა უცხადებს.

საერთაშორისო ტერორიზმთან გაერთიანებულ ბრძოლაზე საუბრობს გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი:

{გერჰარდ შროდერის ხმა} “გერმანიაში ყველა - და, ბუნებრივია, მეც, მათთან ერთად - უთანაგრძნობს ტრაგედიის უშუალო მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებს. ერთი რამ ნათელია: ტერორისტებმა იქ პოლიტიკური მიზნების განხორციელება უსინდისოდ სცადეს ადამიანების დახოცვის გზით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამეთანხმება – ტერორისტებს უნდა ვებრძოლოთ.”

ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც გაუსვა ხაზი და რუსეთს თავისი თანაგრძნობის შესახებ ამცნო:

{ჯორჯ ბუშის ხმა} “დამწუხრებული ვართ უცოდველი ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ რუსეთის ხალხთან ერთად ვდგავართ და ამ საშინელ ჟამს ვლოცულობთ მათთვის.”

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ ნიდერლანდებში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთს “სრული სოლიდარობა” გამოუცხადა.

ბელორუსია, რომელიც ასევე გლოვობს, მზად არის ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, იქნება ეს – სამედიცინო, სოციალური თუ სხვა სფეროები. “ჩვენ გვინდა მხარში ამოვუდგეთ ჩვენს რუს ძმებს,” – აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

ბესლანის ტრაგედიის გამო რუს ხალხს სამძიმარი საქართველოს ხელისუფლებამაც გამოუცხადა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომხდარს “აბსოლუტურად წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია” უწოდა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თანაგრძნობის წერილი პირადადაც გაუგზავნა. როგორც კულტურული ურთიერთობის ცენტრის, “კავკასიური სახლის”, დირექტორის მოადგილე მიხო ბეროშვილი აღნიშნავს, მწუხარების გამოხატვის საშუალება საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ:

{მიხო ბეროშვილის ხმა} “საქართველოს მოსახლეობა შეძრულია იმ საშინელი ფაქტით, რაც ბესლანში დატრიალდა. თითქმის ყოველდღე საქართველოს საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემდნენ პოლიტიკური ლიდერებისა და ასევე მოქალაქეების თანაგრძნობას. დილით, დაახლოებით 11 საათისთვის, რუსეთის საელჩოსთან უკვე იყო მოტანილი ყვავილების გვირგვინი. როგორც ჩემთვის ცნობილია, გახსნილია სამძიმრის წიგნი, რომელშიც მოქალაქეებს ჩანაწერების გაკეთების საშუალება ექნებათ. საღამოს 7 საათზე სიონის ტაძარში სამგლოვიარო პარაკლისს გადაიხდიან.”

რაც შეეხება მატერიალურ დახმარებას, ჩრდილოეთ ოსეთი მას უფრო მდიდარი ქვეყნებისაგან მიიღებს. მაგალითად, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ ოსეთში დაზარალებულთა დასახმარებლად 100 ათასი ევრო და 50 ათასი დოლარი გამოყო.
XS
SM
MD
LG