Accessibility links

logo-print

კოდორის ხეობა დაცარიელების საფრთხის წინაშეა


კოდორის ხეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი დასახლებული პუნქტია, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.

ამ არცთუ უმნიშვნელო გარემოების გათვალისწინებით, ოფიციალური თბილისი ხეობას ყოველთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდა, რაც, უწინარეს ყოვლისა, ბიუჯეტიდან, უფრო ზუსტად კი, პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხის რაოდენობაში გამოიხატებოდა. ასეთი ვითარება იყო ადრე, პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს. კოდორის ხეობაში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლების შეცვლა მათ ყოფაზე უარყოფითად აისახა. “თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ხეობა დაიცლება” - ასეთია მოკლე შეტყობინება, რომელსაც კოდორის ხეობიდან ჩამოსული ადამიანები ხელისუფლებას უგზავნიან.

კოდორის ხეობაში ზამთარი თითქმის რვა თვე - ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ივნისის დადგომამდე - გრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ხეობის მკვიდრი სამი ათასამდე ადამიანი, დიდთოვლობის გამო, დანარჩენ სამყაროს არის მოწყვეტილი. კოდორის ხეობაში მდებარე სოფელ ჩხალთის გამგებელი ნორა კვიციანი განმარტავს, რომ, თუ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების სხვა აუცილებელი საგნები ხეობაში 15 ოქტომბრამდე ვერ შეაღწევს, ადამიანები საცხოვრებელ ადგილებს დატოვებენ.

[ნორა კვიციანის ხმა] "პანიკაშია ხეობა: წელს თუ სურსათი არ შევიდა, იქ არც მაღაზიებია, რამე რომ იყიდონ და არც არაფერი. ხალხი დატოვებს ხეობას."

ხეობა რომ არ დაცლილიყო, ამ მიზნით 1995 წლიდან მოყოლებული, ვიდრე 2003 წლამდე, პრეზიდენტის ფონდი ყოველწლიურად 400-500 ათას ლარს ხარჯავდა. თანხა, როგორც წესი, გამოზამთრებისთვის სამყოფი პურის ფქვილისა და მედიკამენტების შეძენას ხმარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო შენატანებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ხეობისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა თითქმის განახევრდა. თუ რატომ, ამ კითხვას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსი ლელა ჭელიძე ასე უპასუხებს:

[ლელა ჭელიძის ხმა] "მწირი ბიუჯეტის ფარგლებში ხდებოდა ნორმალური დაფინანსება და ახლა რატომ გაჭირდა? ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას კოდორის ხეობა ფეხებზე ჰკიდია."

ჭელიძის თქმით, თანხა, რომელიც მიმდინარე წელს კოდორის ხეობისათვის გამოიყო, სულზე ათი კილოგრამი ფქვილის შეძენას თუ გასწვდება. ხოლო იმას, რომ ზამთარში, საავტომობილო გზების ჩაკეტვის გამო, დანაკლისის შევსება ვერ მოხერხდება, კოდორის ხეობაში მცხოვრები ეს მამაკაციც ადასტურებს. მისი თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, დაეხმარება თუ არა ხელისუფლება მათ:

[მამაკაცის ხმა] "შიშის გრძნობაში ვართ - იქნება თუ არა დახმარება? თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, ხალხი უნდა გავაფრთხილოთ და ვუთხრათ, რომ წამოდით იქიდან." (სტილი დაცულია)

და კიდევ - საჰაერო ტრანსპორტი, რომელსაც კოდორის ხეობის მკვიდრთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მართალია, რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ ვერტმფრენით რეგულარული მიმოსვლა აღდგა, მაგრამ, კოდორელთა თქმთ, ზამთარში საჰაერო ტრანსპორტისა და ზოგიერთი ბიუროკრატის იმედად ყოფნა არ ეგების.

[ლელა ჭელიძის ხმა] "მაგალითად, ერთი კვირის წინ იყო ორსული ქალი არღვლიანი, რომელსაც დაეწყო ინტოქსიკაცია. არ მოხერხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ დროულად ვერტმფრენის გამოძახება და გადაყვანა. იძულებული გავხდით აფხაზეთის თვითმარქვია თავდაცვის სამინისტროსათვის მიგვემართა თხოვნით…"

კოდორელები ხელისუფლების წარმომადგენელთა გულგრილობის სხვა არაერთ მაგალითსაც იხსენებენ, თუმცა მათ დაწყნარებას რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცდილობს:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზამთრისთვის იქ პროდუქტი იქნეს შეტანილი. რა თქმა უნდა, განწირულები არ არიან."

ზურაბ მელიქიშვილის თქმით, კოდორის ხეობის სურსათით უზრუნველყოფის საკითხი რამდენიმე დღეში და, რაც მთავარია, დადებითად გადაწყდება.
XS
SM
MD
LG