Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები “ივერიას” ჯერ ვერ ტოვებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 6 სექტემბერს, სასტუმრო “ივერია” უკანასკნელ დევნილს უნდა დაეტოვებინა. ინფორმაციაც კი გავრცელდა, თითქოს სასტუმროში სამი ოჯახიღა რჩებოდა

და ექვსში “ივერიიდან” მათი გაცილება უნდა მოეწყოთ. სასტუმროში მისულს, სხვა სურათი დამხვდა - უფრო რთული და სრულიად არასაზეიმო.

6 სექტემბერს “ივერიაში” კანტიკუნტად დარჩენილ დევნილებს კუთვნილი ავეჯი გაჰქონდათ და სატვირთო მანქანებზე აწყობდნენ. სასტუმრო აღარაფერს ჰგავდა: არც სახლს, არც საერთო საცხოვრებელს, საკუთრივ სასტუმროს ის აღარ ჰგავს უკვე 11 წელია. სააქციო საზოგადოება “ივერიის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ცხადაძე უკვე წასულ დევნილთა შესახებ ამბობს:

[ცხადაძის ხმა] “ჩვენ მივეცით უფლება, ავეჯი წაეღოთ, მაგრამ ცოტა მეტი მოინდომეს და რაღაცეები ხელს გააყოლეს, მაგალითად, ალუმინის მოაჯირები. რა ვქნათ, გაჭირვებული ხალხია, რაც შეგვეძლო, ვემსახურეთ. რას იზამ”...

6 სექტემბერს “ივერიაში” ორი-სამი ათეული ადამიანი ტრიალებდა, ძირითადად, დევნილები, რომელთაც არ ერგოთ 7 ათასდოლარიანი კომპენსაცია. ისინი სასტუმროს ოთახებში ცხოვრობდნენ თავიანთ უახლოეს ნათესავებთან ერთად, რომლებმაც ადრევე შეიკედლეს. ნათესავებმა - ძმამ, მშობლებმა, მაზლმა - კომპენსაცია მიიღეს, თავად კი წილი არ მოსთხოვეს. აი, ერთი ტიპიური მაგალითი:

[დევნილი ქალის ხმა] “ერთ ოთახში ორი ოჯახი ვცხოვრობდით. მოვუშენეთ “ივერიას” ორი ლოჯი და განვთავსდით იქ. ეს ოთახები ითვლება ნახევარლუქსად. ასე ვიცხოვრეთ 10 წელიწადი. 7 ათასი მარტო ერთმა აიღო. რა წავართვა, რა გავუყო? ისიც ქუჩაში დარჩება და მეც. მე მაზლმა შემიკედლა, ჩემი სამი შვილით. დღესდღეობით “ივერიიდან” ვერ გავდივართ. არც დასაწოლი მაქვს და არც სახურავი.
-
[მამაკაცის ხმა] თქვენ იმ 12 ოჯახის სიაში ხართ?
-
[დევნილი ქალის ხმა] სიაში კი ვარ, მგონი...
-
[მამაკაცის ხმა] მგონი კი არა, თუ იმ 12 ოჯახის სიაში ხართ, ამ დღეებში მიიღებთ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს. მე ამას გპირდებით.”

პიროვნება, რომელიც დევნილ ქალბატონს საცხოვრებელ ფართობს ჰპირდებოდა, მანუჩარ ახალაიაა, თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე, თავადაც დევნილი. მანუჩარი ამბობს, რაკი ინვესტორმა არჩია, კომპენსაცია მხოლოდ ოთახების მიხედვით გადაეხადა, მთავრობას ისღა დარჩენია, ქალბატონ ჯიქიას მსგავსად, ოთახისა და ფულის გარეშე დარჩენილ დევნილებს დროებითი თავშესაფარი მოუძებნოს. მანუჩარ ახალიას თქმით, ასეთი 12 ოჯახია და 12-ვეს ქალაქის სხვადასხვა უბანში ძალიან მალე მოუნახავენ ჭერს. თავად დევნილები ამბობენ, რომ 12 კი არა, 20 ოჯახი არიან და კონკრეტული შენობაც ეგულებათ დროებით თავშესაფრად.

[მეორე დევნილი ქალის ხმა] “თუ ქალაქ თბილისის მერიას არა აქვს შესაძლებლობა, ეძებოს თითო ოთახი სადღაც, საერთო საცხოვრებლებში, და დააბინაოს ეს ხალხი. ჩვენ ვითხოვთ, შეგვასახლონ ყველანი, 20 ოჯახი, ორთაჭალაში, ნუგზარ შევარდნაძის მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებულ 14-სართულიან შენობაში.”

მაგრამ ქალაქის მერია ამას, როგორც ჩანს, არ აპირებს.

რა ელის თვითონ სასტუმრო “ივერიას”? მე ვკითხე მის ყოფილ დირექტორსა და დღეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ვახტანგ ცხადაძეს, დაინგრევა თუ არა ეს შენობა.

[ცხადაძის ხმა] "ჩვენ “ივერია” მოგვწონდა იმიტომ, რომ პირველი მაღლივი შენობა იყო, თორემ ისე ვერ არის კარგი სასტუმრო. დაბალჭერიანია, ზაფხულში ცხელია, ზამთარში ქარი უბერავს... მე თუ მკითხავთ, უნდა დაინგრეს."
XS
SM
MD
LG