Accessibility links

logo-print

იძულებით გაერთიანებულნი


ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში

“ოქროს საუკუნე” ხშირად გიამბობთ საბჭოთა უშიშროების თანამშრომელთა მიერ შედგენილ იმ დოკუმენტებზე, რომელსაც საზოგადოება მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ გაეცნო. დღეს გადავიკითხავთ ერთ საიდუმლო წერილს, რომელსაც მისი ავტორი, კაგებეს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი, ვინმე მოლჩანოვი, “სპრავკას”, ე.ი. “ცნობას” უწოდებს. ზუსტად 70 წლის წინ შედგენილი ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ სტალინური რეპრესიების ხანა სწორედ საბჭოთა მწერალთა კავშირის შექმნით დაიწყო.

1934 წლის 1 სექტემბერს საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველ ყრილობაზე დამტკიცდა მწერალთა კავშირის გამგეობა, პრეზიდიუმი, სამდივნო და სარევიზიო კომისია. ეს, ეგრეთ წოდებული, “არჩევნები” საბჭოთა ინტერნაციონალიზმის პრინციპების მკაცრი დაცვით ჩატარდა. საბჭოთა მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებს შორის მრავლად აღმოჩნდნენ უკრაინელი, ქართველი, სომეხი, თურქმენი, აზერბაიჯანელი, სომეხი მწერლები. თუმცა “სტალინური პოლიტკორექტულობა” ოდნავ მაინც დაირღვა. ქართველები სამდივნოში ვერ მოხვდნენ, ვერც სარევიზიო კომისიაში. პრეზიდიუმის 37 წევრს შორის მხოლოდ ორი მწერალი აღმოჩნდა ქართველი – ჯავახიშვილი და ტოროშელიძე... ქართველთა სიმრავლე გამგეობაშიც არ იგრძნობა – აქაა მხოლოდ სანდრო ეული, მიხეილ ჯავახიშვილი და პაოლო იაშვილი. მიუხედავად ამისა, კაგებეს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოლჩანოვის წერილი სწორედ ქართველი მწერლების გახსენებით იწყება. როგორ აფასებენ ისინი საბჭოთა მწერალთა ყრილობას? დოკუმენტში ნათქვამია:

[დიქტორის ხმა] “5 სექტემბერს საბჭოთა მწერალთა სახლში ქართველი და რუსი მწერლების შეხვედრა მოეწყო. მონაწილეებს: ტიციან ტაბიძეს, ლორთქიფანიძეს, ლეონიძეს, ბუაჩიძეს, ჭეიშვილს, ლეონოვს, ივანოვს, ტრეტიაკოვს, პავლენკოს, ანტოკოლსკის, სოსლანს და სხვებს, ბანკეტის დაწყებამდე და ბანკეტის დროს, ყრილობის შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ.”

კაგებეს ეს დოკუმენტი 1934 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა, ე.ი. საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობის დახურვიდან 9 დღის შემდეგ. ხელისუფლებამ იცოდა, რომ მწერლები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ სტალინისა და მაქსიმ გორკის ინიციატივთ შექმნილი მწერალთა კავშირის გამო. თუმცა ხელისუფლებას აინტერესებდა ამ უკმაყოფილების ნამდვილი მოტივი. კრემლი უკვე ქმნიდა “მწერალთა საქმეებს”, რომელსაც ცოტა ხანში გამოიყენებდა. კრემლს უნდა სცოდნოდა, რომელი მწერალი უჭერდა მხარს სტალინის პოლიტიკას. თუმცა თავად მწერლებს, როგორც ჩანს, არ სჯეროდათ, რომ შემოქმედებითი კავშირების დაშლა და გაერთიანება ერთიან მწერალთა კავშირად არა გორკის, არამედ სტალინის იდეა იყო. გორკი მხოლოდ ამ იდეის “გამხმოვანებელი” აღმოჩნდა. ის მწერლები, რომლებიც მწერალთა ყრილობას აკრიტიკებენ, კავშირის შექმნაში სწორედ მაქსიმ გორკის ადანაშაულებენ. ამ დოკუმენტის ავტორები მწერალ მარიეტა შაგინიანის სიტყვებს იხსენებენ:

[დიქტორის ხმა] “გორკის მოხსენება არაა მარქსისტული. გორკი – ნაროდნიკია, რომელიც მეშჩანებიდან მოვიდა. მოხსენება ყველამ დაიწუნა, უცხოელებმაც კი. გერმანიის კომპარტია აღშფოთდება ამ მოხსენებით. დარწმუნებული ვარ, რომ სტალინს გორკის მოხსენება არ წაუკითხავს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საჯაროდ გამოხატავდა თავის პოზიციას.”

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკმაყოფილო მწერლები მოუთმენლად ელიან სტალინის გამოსვლას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბელადი მიწასთან გაასწორებს მწერალთა ახალ ორგანიზაციას, რომელიც, სერგეი ტრეტიაკოვის აზრით, “შემოქმედის თავისუფლებას შეზღუდავს”.

ასეთივე მოსაზრებას გამოთქვამს მწერალი ბორის პილნიაკი, ქართველი მსახიობის კირა ანდრონიკაშვილის მეუღლე, რომელიც იმხანად თავს ჯერ კიდევ სტალინის მეგობრად მიიჩნევს:

[დიქტორის ხმა] “სტალინს აუცილებლად გავუგზავნი წერილს. დარწმუნებული ვარ, იგი იტყვის, “მწერლებმა სიმართლე უნდა დაწერონო”...

მოგვიანებით პილნიაკმა სტალინს წერილი მაინც არ გაუგზავნა, თუმცა დაწერა მოთხრობა, რომელიც ყველამ საბჭოთა კავშირის ყრილობის პაროდიად აღიქვა. პილნიაკის მოთხრობაში აღწერილია აგრონომების ყრილობა, რომელიც შუა აზიის ერთ ქალაქში იმართება. ცნობილი და პროფესიონალი აგრონომები ერთ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე უარს ამბობენ. ორგანიზატორები გრძნობენ, რომ ყრილობას ჩაშლა ემუქრება. აგრონომებს კი შუა აზიის რესპუბლიკის მშრომელები მოუთმენლად ელიან. სირცხვილის თავიდან ასაცილებლად, მოსკოვი შუა აზიაში გამოუცდელ აგრონომებს გზავნის, რომლებიც “აკადემიკოსების” თამაშს იწყებენ.

კაგებეს დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ყრილობით უკმაყოფილო მწერლები ცენზურის დაწესებაზე ლაპარაკობენ და იმასაც არ მალავენ, რომ მათი აზრით, საბჭოთა კულტურა კატასტროფისკენ მიექანება. “კატასტროფა” – სწორედ ამ სიტყვას ხმარობს მწერალი ვასილ სოვსუნი:

[დიქტორის ხმა] “ყრილობაზე არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება – ახალგაზრდა მწერლები - მიტრეიკინი, დემენტიევი - თავს იკლავენ.... ბერლინში გამოიცა შესანიშნავი წიგნი - “შილერი რუსეთის შესახებ”... ჩვენ გამოგვიგზავნეს. მაგრამ რად გინდა? ვერ იპოვეს კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ამ წიგნზე რეცენზიას დაწერს. იდეოლოგიურ ფრონტზე, ლიტერატურულ ფრონტზე ჩვენ მწერლები არა გვყავს. აი, სადამდე მიგვიყვანა ბოლო წლების პოლიტიკამ.”

მოლჩანოვი აღნიშნავს, რომ მწერლები გაღიზიანებულები არიან ყრილობის ორგანიზატორისა და საბჭოთა მწერალთა კავშირის პირველ თავჯდომარის მაქსიმ გორკის მიმართ. პირად საუბრებში და ზოგჯერ საჯარო გამოსვლებშიც აღნიშნავენ, რომ გორკიმ კრიტიკულად მოიხსენია მაიაკოვსკის შემოქმედება და ამით სამაგიერო გადაუხადა პოეტს, რომელსაც მისი ნაწარმოებები არასდროს მოსწონდა. მწერლები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ ყრილობაზე დაისვა რუსული კლასიკური ლიტერატურის გადაფასების საკითხი... და რომ ესეც გორკის იდეა იყო. დოკუმენტში იხსენებენ მწერალ ილია სელვინსკის გამონათქვამსაც:

[დიქტორის ხმა] “მწერლები ახლა იმას ანიჭებენ მნიშვნელობას, თუ ვის როგორი ურთიერთობა აქვს მაქსიმ გორკისთან, ვინ იჯდა მასთან ახლოს ბანკეტზე და ა.შ. ამავე საღამოს პასტერნაკმა მწერლების ფარისევლობა ვერ აიტანა და ბანკეტიდან გაიქცა.”

თავის მოხსენებაში, რომელიც გორკიმ მწერალთა ყრილობაზე წაიკითხა, კავშირის თავჯდომარემ მოითხოვა ეგრეთ წოდებული “ნაციონალური ლიტერატურის” მხარდაჭერა. მან აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა გამოიცეს რუსულ ენაზე ალმანახები (წელიწადში, მინიმუმ, ექვსი მაინც), რომელიც ხალხს გააგებინებს რა ხდება საბჭოთა რესპუბლიკების ლიტერატურაში. კაგებეს დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოსკოველი მწერლები ამ გადაწყვეტილებას ბოიკოტს უცხადებენ, მათი აზრით, ცალკეულ რესპუბლიკებში ლიტერატურის დონე იმდენად დაბალია, რომ რუსი მწერლები ამ ნაწარმოებების თარგმნაზე დროს არ უნდა კარგავდნენ. გარდა ამისა, მწერლებს არ მოსწონთ პრივილეგიები, რომლითაც ზოგიერთი მწერალი სარგებლობს ამ სისტემაში. მაგალითად, მწერლებმა ღიად გამოხატეს გაღიზიანება იმის გამო, რომ პასტერნაკი ქართველი პოეტების ნაწარმოებებს თარგმნის. ამავე დროს, ის მწერლები, რომლებიც უზბეკი პოეტების ნაწარმოებებს თარგმნიან, აღნიშნავენ, რომ უზბეკი მწერლები “უნიჭოები” არიან და მხოლოდ ერთმანეთის დაბეზღებაში კარგავენ დროს.

მოლჩანოვის წერილში ხაზგასმულია, რომ თითქმის ყველა მწერალი აღნიშნავს: არ შეიძლება გაერთიანება ბრძანებით; მწერლებმა არა კავშირში, არამედ საწერ მაგიდასთან უნდა იმუშაონ. “ვიშიმშილებთ, მაგრამ იმას დავწერთ, რაც გვინდა,” – თქვა ერთმა მწერალმა, რომლის ვინაობას მოლჩანოვი ვერ ან არ ამხელს. თუმცა დოკუმენტის ავტორი დარწმუნებულია, რომ ეს მწერალი “ბუხარინის წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში იქნება ჩართული.”

ბუხარინი საბჭოთა კავშირის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. ყრილობის დელეგატებმა, რომლებმაც “მწერალთა კოლმეურნეობაში” გაერთიანების მიმართ პროტესტი არა ყრილობაზე, არამედ ყრილობის შემდეგ, კულუარებში გამოხატეს, ბუხარინის მოხსენებაც გააკრიტიკეს. ისტორიკოსების აზრით, სწორედ ამან გადაარჩინა ყრილობით უკმაყოფილო მწერლების უმრავლესობა სტალინური რეპრესიების წლებში... და კიდევ, რა თქმა უნდა, იმან, რომ სტალინის აუგად ხსენება, თუნდაც კულუარებში, თუნდაც ბანკეტზე, “მეგობრულ სუფრასთან” ვერც ერთმა მწერალმა ვერ გაბედა.

საინტერესოა, რომ ზუსტად ათი წლის შემდეგ კაგებე ქმნის ანალოგიურ დოკუმენტს, რომელშიც საბჭოთა მწერლების პოლიტიკური მოსაზრებებია განხილული. ერთი განსხვავებით – 60 წლის წინ შედგენილი დოკუმენტი, რომლის შესახებ “ოქროს საუკუნის” მომდევნო გადაცემაში გიამბობთ, კრემლში ჟდანოვს გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG