Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით შეებრძოლება ევროპა უკანონო მიგრაციას – აკრძალვით, თუ ლეგალიზებით


როგორც მოელოდნენ, ევროკავშირის გაფართოების შემდეგ უკანონო მიგრანტა

ნაკადი გაიზარდა. ევროპაში მოხვედრისა და იქ უკანონოდ დარჩენის მსურველთა რაოდენობა ვერ შეზღუდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკონსულოებში ვიზის გაცემის პროცედურის გამკაცრებამ. რა ხდება? ახალმა წევრებმა, ანუ ევროკავშირის აღმოსავლეთი საზღვრის რკალში მოქცეულმა ქვეყნებმა პროცედურა გაამკაცრეს, ძველები კი მიგრანტთა კიდევ უფრო დიდი ნაკადის წინაშე აღმოჩნდნენ.

მშობლიურ ენაზე საუბარი ნებისმიერ, ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის ქუჩაშიც კი იქცევს ადამიანის ყურადღებას. ბოლო დროს ვატყობ, რომ ჩემი ქართული საუბარი პრაღის ქუჩაში სულ უფრო ხშირად ხდება სხვისთვის გასაგები. ორიოდე დღის წინაც ასე მოხდა: 20-25 წლის ბიჭი იყო, გამოგველაპარაკა. მისი ამბავი რომ ვკითხეთ, მოკლედ მოჭრა: "ჩავბარდი რა!". როგორც ჩანს, ახალი ჩამოსული იყო, რომ "ჩაბარება" იყო მისთვის აქტუალური. რამდენიმე თვის წინ კი რედაქციაში გვესტუმრა ერთი ახალგაზრდა - ვლადიმერ ბერძენიშვილი. ირწმუნებოდა - საქართველოდან პოლიტიკური შევიწროების გამო წამოვედიო. ჩემი მრავალგზის შეკითხვა, პოლიტიკური მოტივაციის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამ აიძულა ახალგაზრდა კაცი საკუთარ ქვეყანაზე უარი ეთქვა (ასეთი კატეგორიული გადაწყვეტილება მიეღო,) უპასუხოდ დატოვა, აქცენტს სულ "აღორძინების კავშირის" აქტივისტობაზე აკეთებდა. საუბარში გაირკვა, რომ მესამე წელიწადია ჩეხეთშია. ქართულად უხარვეზოდ ვეღარ საუბრობს. ერთი სიტყვით (როგორც თავად ამიხსნა), ვლადიმერ ბერძენიშვილიც "ჩაბარდა" და და იმისთვის, რომ "ჩაგიბარონ", მიმღები ქვეყნის სამართალდამცავებს უნდა წარუდგინო სერიოზული არგუმენტი, რომ საკუთარ ქვეყანაში აღარ დაგედგომება.

იქნებ, ნიშანდობლივიც იყოს ის, რომ ჩეხეთში – ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოში მომრავლდნენ საქართველოდან ლტოლვილები. აქ შემოსვლა ხომ ჯერ კიდევ შედარებით იოლია, ვიდრე იმავე გერმანიასა, ან ავსტრიაში. ამ ორ ქვეყანაში კი ჩეხეთის სასაზღვრო დასახლებებიდან ფეხითაც გადადის ხალხი. იქაც, ზოგს მეტად უმართლებს, ზოგს ნაკლებად.

როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპაში ლტოლვილთა ნაკადის გაძლიერების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროკავშირის ახალ და ძველ ქვეყნებს შორის საზღვრის შემსუბუქებაა.

რა დასამალია, რომ ასე, ალალბედზე ევროპის ქვეყნებისკენ მიმავალი ადამიანები 99% შემთხვევაში არც პოლიტდევნილები არიან და არც ამა თუ იმ უმცირესობის წარმომადგენლები. რეალური მოტივი არის უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა, რომლის იმედიც საკუთარ ქვეყანაში აღარ აქვთ. სამწუხაროდ, ასევე უმრავლეს შემთხვევაში ევროპაში მოხვედრილი მიგრანტები ბევრად უარეს პირობებში აღმოჩნდებიან ხოლმე, ვიდრე საკუთარ სახლში. ბევრად მეტი გაჭირვების გადატანა, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მოუწევდა. თუნდაც, მარტოობა რად ღირს, მაგრამ ვერ განსჯი. ბევრისთვის იდეა ღირს გარისკვად. ზოგიერთი ახერხებს მიმღებ ქვეყანაში ნატურალიზაციას, ზოგისთვისაც ეს პროცესი გრძელდება. ბევრი ახერხებს იმის მიღწევასაც, რასაც სამშობლოში ვერ მიაღწევდა.

მიუხედავად ხანგრძლივი შიშისა, ევროკავშირის ქვეყნები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ როგორ დაძლიონ უკანონო მიგრაციის პრობლემა. როგორც აღმოჩნდა, ვიზების გაცემის პროცედურის გამკაცრება, არასაკმარისი და უეფექტო ღონისძიებაა. საკითხი სხვაგვარადაც დგას: ევროპას სჭირდება იაფი მუშახელი, ევროპის ეკონომიკას არ ყოფნის და არ აწყობს თავისივე მოქალაქეების დაბალკვალიფიციურ ადგილებზე დასაქმება. იქნებ ჯობდეს უკანონო მიგრაციას ამ პროცესის ლეგალიზებით დავუპირისპირდეთ, - ასეც სვამენ დღეს საკითხს ევროკავშირის მესვეურები. ევროკომისიის მომავალი წევრი როკო ბატილიონე მომხრეა იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ჩასვლამდე ლტილვილთა ამოცნობისა და გაფილტვრის სისტემა კიდევ უფრო გამკაცრდეს. ბატილიონე იტალიელია, ის სამი წლის მანძილზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და კარგად იცის რას ნიშნავს უკანონო მიგრანტთა პრობლემა. ბატილიონე ევროკავშირის გარე საზღვრის ერთიანი ძალებით კონტროლისა და ევროკავშირის გარეთ მიგრანტთა თავშესაფრების შექმნის მომხრეა.

ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი სერჟიო კარერა ამბობს, რომ ბატილიონეს იდეებში ახალი არაფერია:

[კარერას ხმა]
"11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ ყურადღება უსაფრთხოების ასპექტებზე გადაიტანა და უკანონო იმიგრაციისა და ადამიანების ტრეფიკინგის შეჩერებაზე ზრუნვას შეუდგა. ეს, რასაკვირველია, საჭიროა. მაგრამ უკანონო იმიგრაციის თავიდან აცილებასა და მიგრანტთა განდევნაზე ზრუნვის გარდა საჭიროა ლეგალური მიგრაციის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება, რაც შეიძლება უკანონო მიგრანტების მასიური ნაკადის შეჩერებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს".

ევროკავშირში კარგად იცნობენ სისტემას, რომელიც იმიგრანტთა ნაკადის მასშტაბს უზრუნველყოფს. არავის აქვს ილუზია, რომ ადამიანები მხოლოდ ფიზიკური გამძლეობის იმედად თავით ეშვებიან ევროპის სამუშაო ბაზარზე. არამედ მუშაობს ნახევრად უკანონო სისტემა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვიზების გაცემას უკავშირდება. იმისთვის, ვისაც სურს "ჩაბარდეს" ევროპის რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას, სრულიად საკმარისია მოკლევადიანი ვიზის მოპოვებაც, ანუ ჩაღწევა დანიშნულების ადგილას. ევროკავშირში კარგად იციან, რომ ლტოლვილები მთელ თავის დანაზოგს უხდიან იმათ, ვინც მათ ვიზითა და თვითმფრინავის ბილეთით უზრუნველყოფს. ბევრი ლტოლვილი მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნამდე მიღწევას ახერხებს და მერე ვეღარც სახლში ბრუნდება და ვეღარც გზას აგრძელებს. აი, რას ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიურკა პინიერო:

[პინიეროს ხმა]
"ზოგიერთი მათგანი იმის გამო, რომ ფული გამოელევა, სატრანზიტო ქვეყანაში "იჭედება". ისინი ხომ მთელ თანხას, რაც აბადიათ, უსინდისო კონტრაბანდისტებს აძლევენ. ასეთ დროს მათ წასასვლელი აღარ აქვთ. ის კი არა, ღამის გასათევისა და საჭმლის გარეშე სრულიად დაუცველნი და მიუსაფარნი რჩებიან".

პინიეროს მიაჩნია, რომ ამ კონტექსტში სატრანზიტო ქვეყნებში თავშესაფრების შექმნა შეიძლება მიზანშეწონილიც კი იყოს. ასეთ ადგილებში შესაძლებელი იქნებოდა მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

განვითარებადი ქვეყნებიდან სამუშაო ძალის დასავლეთისკენ გადინების ლეგალიზების პროცესი (თუკი ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მომწიფდა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში) ურთულესი იქნება. ეს ნაბიჯი ძლიერ დარტყმას მიაყენებს ტრეფიკინგით დაკავებულ პირებსა და ორგანიზაციებს. ამდენად, წინააღმდეგობაც ძალიან დიდი იქნება. როგორც ჩანს, სამუშაო ძალის უკანონო ექსპორტ-იმპორტის ბიზნესი იმდენად სერიოზულია, რომ ხელს უშლის ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობას იმიგრაციის ლეგალიზაციით საკუთარი ინტერესები დაიცვან. თუმცა, როგორც მიგრაციის ექსპერტი ნიურკა პინიერო ამბობს, მსოფლიოში არსებობს მიგრაციის ლეგალიზების წარმატებული მაგალითებიც. ერთ-ერთი ეკვადორისა და ესპანეთის მაგალითი გახლავთ:

[პინიეროს ხმა]
"ჩვენ გვაქვს მუშახელის მიგრაციის პროგრამები. ერთ-ერთი – ეკვადორისა და ესპანეთის - ძალიან წარმატებულია. ეკვადორში მცხოვრები პოტენციური იმიგრანტები ეწერებიან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეკვადორის ოფისში. გვაქვს მონაცემთა ბაზა, რომელშიც 25 ათას პოტენციურ მიგრანტზეა ინფორმაცია. ესპანეთში მყოფი დამქირავებელი სწორედ ამ მონაცემთა ბაზიდან ირჩევს შესაფერის კანდიდატებს. ასეთი გზით ეკვადორიდან ესპანეთში 2000 კაცი წავიდა და მუდმივი კონტრაქტებით მუშაობს იქ. მათ სოციალური დაცვაც ეხებათ. არ უწევენ ექსპლუატაციას კონტრაბანდისტები, ან უპატიოსნო დამქირავებლები. ასეთი რამის გაკეთება შესაძლებელია – მიგრაცია ასეთი გზით უნდა იმართებოდეს".

ასე რომ, ევროკავშირის უკანონო მიგრაციით შეშფოთება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ღონისძიება, რასაც წევრი ქვეყნები გაატარებენ, მიგრანტთა შეჩერებისკენ იქნება მიმართული. საფიქრებელია, რომ ევროპის ბაზარზე არსებული მოთხოვნა და დაბალგანვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა ერთი ნაწილის ინტერესი ლეგალურ დონეზე უფრო წარმატებით შეჯერდება. მანამდე კი უკანონო მიგრანტებს სამშობლოს დატოვების სერიოზული მიზეზების მოგონება, მიმღები ქვეყნების სამართალდამცავებს კი მათი ნამდვილობის დაზუსტება და შეხედულებისდამიხედვით დაჯერება მოუწევთ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG