Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენჭისყრის ახალი ტექნოლოგია


ოთხი წლის წინ შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა დღის წესრიგში დააყენა კენჭისყრის მოძველებული ტექნოლოგიის ახლით გამოცვლის საკითხი.

2000 წლის არჩევნებში ფლორიდის შტატში ხმების ხელახალი დათვლა გახდა საჭირო და ზოგიერთი საარჩევნო მანქანის გაუმართაობის გამო ეს პროცესი ხუთ კვირას გაგრძელდა. მთელი რიგი ქვეყნები კენჭისყრისთვის ელექტორნულ მეთოდს იყენებენ. ამ ტექნოლოგიის დანერგვას შეერთებულ შტატებშიც აპირებენ. თუმცა მის უპირატესობაში ბევრს ეჭვი ეპარება.

[კეტრინ ჰარისის ხმა] "ამგვარად, ვაცხადებ, რომ გუბერნატორმა ჯორჯ ბუშმა გაიმარჯვა და მოიპოვა ფლორიდის 25 შეალედური ამომრჩევლის ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში."

ეს გახლდათ კეტრინ ჰარისი, რომელსაც ფლორიდის შტატის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა 2000 წელს. სწორედ ამ არჩევნებში მოექცა ყურადღების ცენტრში ძველი, ქაღალდის ბიულეტენებზე დამყარებული კენჭისყრის სისტემა.

მოგვიანებით ამერიკაში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის ძალითაც კონკრეტულ შტატებს თანხა გამოეყოფა კენჭისყრის სისტემის მოდერნიზაციისთვის.

ნიდერლანდებში კენჭისყრაში წლების მანძილზე გამოიყენება მანქანური მეთოდი. ბელგიაში ივნისში გამართული კენჭისყრისას ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარმა ელექტრონულად მისცა ხმა. საფრანგეთში რამდენიმე ექსპერტიმენტი ჩატარდა ამ მიმართულებით. ინდოეთმა ახალი საარჩევნო მანქანები გამოიყენა წელს გამართულ საყოველთაო არჩევნებში.

ზემოხსენებული მანქანებიდან ზოგი არის განცალკევებით მდგომი დანადგარი ღილაკებით. ზოგი კი ციფრულ ტექნოლოგიაზე დამყარებული და კომპიუტერულ ქსელში ჩართული მანქანაა.

ახალი სისტემის მომხრეთა აზრით, ელექტრონულ კენჭისყრას მთელი რიგი უპირატესობა აქვს კონვენციურთან შედარებით. იგი ზოგავს დროს, ვინაიდან შედეგები ძალზე სწრაფად ხდება ცნობილი. მას უფრო იოლად ხმარობენ ხეიბრები. ამგვარი მონაცემების გაყალბება უფრო ძნელი უნდა იყოს, ვიდრე ქაღალდზე დაბეჭდილისა. და, როგორც ამტკიცებენ, ახალმა ტექნოლოგიამ ხელი უნდა შეუწყოს კენჭისყრაში მონაწილეთა რიცხვის ზრდას.

მაგრამ ახალი სისტემა ეჭვებსაც ბადებს. ამერიკელ ექსპერტთა თქმით, ელექტრონული სისტემის გამოყენება მთელ რიგ შემთხვევაში იძლეოდა უცნაურ შედეგებს. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი სისტემა გაყალბების შესაძლებლობასაც იძლევა, ვინაიდან ქაღალდის არარსებობის გამო ძნელია შემოწმდეს, როგორ იქნა მიცემული ხმა.

სექტემბრის ბოლოს ყაზახეთში ელექტრონული მანქანების მეშვეობით ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლება კმაყოფილია გამოცდების შედეგებით. თუმცა კრიტიკოსების აზრით, მანქანები ძალზე რთულია. თანაც ამომრჩეველთა ნაწილი თავს იკავებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისთვის მაგნიტური კოდის დართვისგან.

გასულ თვეში ახალ სისტემას მაღალი შეფასება მისცა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ რუშაილომ:
[რუშაილოს ხმა] "ვხედავთ მრავალ პლუსს ამ საშუალებათა გამოყენების ტექნიკური თვალსაზრისით. ჯერ ერთი, ინფორმაცია ძალზე სწრაფად მუშავდება და, მეორე - ჩვენი აზრით, შეუძლებელია გაყალბება, ვინაიდან ეს უბრალოდ ტექნიკურად არის შეუძლებელი."

რუშაილოს სიტყვები მეტ-ნაკლებად ეხმიანება ელექტრონული კენჭისყრის მომხრეთა მთავარ არგუმენტს, რომ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ამგვარი მეთოდის გაყალბების შემთხვევა. ამერიკაში ელექტრონული კენჭისყრის მომხრეთა ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ათი ათას დოლარ ჯილდოსაც კი დაჰპირდა ნებისმიერს, ვინც ამ სისტემაში შესვლას და მონაცემების მანიპულირებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG