Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე - ქართველი მძევლები


ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძეს საქართველოში უკვე პოლიტპატიმრებსა და სინდისის პატიმრებს უწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე

აცხადებს, რომ თუ დროულად არ მოხდა მათი გათავისუფლება, საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევს, რომ ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორება ქართულ მხარესთან. ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვლადიკავკაზის პროკურატურა. რუსეთის საელჩოსთან კი ქართველი კოლეგები და გულშემატკივრები საპროტესტო აქციას აგრძელებენ. რას ფიქრობენ საქართველოში ჟურნალისტების დაკავების შესახებ?

პოლიტიკური პატიმრები - ასე შეფასდა ,,რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფის დაკავების ფაქტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ. პარლამენტის წევრები ჩრდილო ოსეთში ქართველი ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებენ და რუსეთის სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდებენ ყველა უწყება ჩართონ ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის გათავისუფლების საქმეში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ეს ფაქტი რუსეთში პოლიტპატიმრების პრეცედენტს ქმნის. მაია ნადირაძის აზრით, როცა მსოფლიო ბესლანის ტრაგედიით არის შეძრწუნებული, რუსეთის ხელისუფლებას ჟურნალისტებისთვის არ უნდა ეცალოს:

[მაია ნადირაძის ხმა] ,,სხვა არაფერი ნანა ლეჟავას დატყვევებას არ შეიძლება ერქვას, თუ არა უკვე პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს მოვლენა, რაც მოხდა ბესლანში, თავისთავად ჩვენს პოლიტიკურ წრეებს და ჩვენს ფრაქციას კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი უახლოესი მეზობლის გამო იმ მოლოდინში, რომ მან შეიძლება ყველაფერი განახორციელოს.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა კონსოლიდირებულ მუშაობასაც გულისხმობს, - მიაჩნია მაია ნადირაძეს. ,,ახალი მემარჯვენეების” ლიდერი კი რუსეთის ხელისუფლებას ამ საკითხის დროულად ამოწურვისაკენ მოუწოდებს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინს სერიოზული პრობლემები შეექმნება, - აცხადებს დავით გამყრელიძე:

[დავით გამყრელიძის ხმა] ,,ამ შემთხვევაში რუსეთი და მისი ხელისუფლება განიცდის საოცარ დისკრედიტაციას, არამარტო საქართველოს მოსახლეობაში. ამას, მე მგონი, ძალიან მალე საერთაშორისო დიდი რეზონანსი ექნება და ისინი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიყენებენ საკუთარ თავს.”

,,სინდისის პატიმრები” - ასე უწოდებს ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძეს პარლამენტის წევრი კოტე გაბაშვილი. იგი ქართველი ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და უმკვეთრესი ნაბიჯებით იმუქრება:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,თავი დაანებონ ჩვენს გოგოს და ჩვენს ბიჭს, თავი დაანებონ და დროზე მოგვცენ, დაგვიბრუნონ, თორემ მე არ ვიცი სადამდე შეიძლება მივიდეს ეს. ჩვენ ვითხოვთ კიდევ, ვთხოვთ, დავიმცირებთ თავს კიდევ, თუ გნებავთ, ნებისმიერი ფორმით ვთხოვთ, მაგრამ თუ ეს არაფერი არ გამოვიდა, ნურავის ნუ გაუკვირდება უმკვეთრესი ჩვენი ნაბიჯები ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ არავის არ ვაშინებთ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ადამიანები - სინდისის პატიმრები - უცხოელი არ იყოს დაჭერილი რუსეთში და ესენი, მით უმეტეს, როცა ქართველები არიან.” (სტილი დაცულია)

ლეჟავასა და თეთვაძის დაკავების ფაქტს რეგიონის მცხოვრებნიც ეხმაურებიან. ფოთსა და ბათუმში ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გასაგზავნად.

[რესპონდენტის ხმა] ,,ეს არის უკანონობა ქართველი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული და ეს არის ქართველი ხალხის დევნა და რუსეთის დიქტატურამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი აგრესია, რომელსაც არასოდეს არ მალავდა ქართველების მიმართ.”(სტილი დაცულია)

ლეჟავასა და თეთვაძესთან შეხვედრა მოსკოველ ადვოკატებსაც სურდათ, მაგრამ ისინი, გამომძიებლის მითითებით, შენობიდან გამოაგდეს. ამის შესახებ ,,რუსთავი 2”-ის წამყვანი ნათია ლაზაშვილი საუბრობს. დაკავებული ჟურნალისტების ბედის გასარკვევად მოსკოვში გაემგზავრა ,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს:

[ნათია ლაზაშვილის ხმა] ,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა, რომელიც ახლა მოსკოვში იმყოფება, ხვალ, იურისტების საერთაშორისო კომისიის კომისარ და ცნობილ ადვოკატ კალინა მასკალენკოსთან ერთად, პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, თუმცა არაოფიციალური საუბრებიდან ყველა ორგანიზაციამ მოსკოვში, სადაც შეიძლებოდა პრესკონფერენციის გამართვა, ,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას უარი უთხრა.” (სტილი დაცულია)

,,რუსთავი 2”-ის თანამშრომლები თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ, აქციას დღესაც მართავენ. მას ქართველი კოლეგები და მხარდამჭერები უერთდებიან.
XS
SM
MD
LG