Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში


ქართულ საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები სულ რაღაც ერთ თვეში, 2004 წლის 3 ოქტომბერს,

გაიმართება. უკვე საბოლოოდ გაირკვა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეთა ვინაობა. ვლადისლავ არძინბას მემკვიდრეობას ერთმანეთს ეცილება ადგილობრივ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ხუთი კანდიდატი: რაულ ხაჯიმბა - სეპარატისტული ხელისუფლების მოქმედი პრემიერ-მინისტრი; სერგეი ბაღაფში -სახელმწიფო კომპანია “ჩერნომორენერგოს” პრეზიდენტი; სერგეი შამბა - ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი; ანრი ჯერგენია - ექს-პრემიერი და იაკუბ ლაკობა - სახალხო პარტიის ლიდერი. კანდიდატთა სიმრავლის მიუხედავად, მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ძირითადი ბრძოლა ორ კანდიდატს - რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშს შორის გაჩაღდება. პირველს კრემლის მხარდაჭერის იმედი აქვს, მეორეს კი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, გალის რაიონში დაბრუნებული ქართველების. რატომ?

თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სავარძლისათვის თავდაპირველად 7 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს ალექსანდრე ანქვაბს საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრა, ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ კი საარჩევნო კამპანიაზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დარჩენილი ხუთი კანდიდატიდან გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი პრემიერ- მინისტრს რაულ ხაჯიმბასა და სახელმწიფო კომპანია “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელს სერგეი ბაღაფშს აქვთ. ხაჯიმბასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია - მას კრემლი უჭერს მხარს. საინტერესოა რისი იმედი აქვს ბაღაფშს, რომელსაც იმის გამო, რომ მეუღლე ქართველი ჰყავს, ოპონენტები “პროქართველობას” სწამებენ.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “60 ათასამდე ცხოვრობს გალის რაიონში ქარველი, ყველაზე მეტნი არიან აფხაზეთში, შემდეგ მოდიან აფხაზები, სადღაც 45-50 ათასამდეა, და შემდეგ მოდიან სომხები - 45-50 ათასამდე ცხოვრობს. ანუ, თუ ქართველებმა პირი შეკრეს და ერთ რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა, ეს იქნება გადამწყვეტი. ეს ყველამ კარგად იცის.”

სწორედ ამ ქართული ხმების განეიტრალებაზე მუშაობს რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბი. გარდა იმისა, რომ პროქართველობა აფხაზეთში დღემდე საჩოთირო პოლიტიკურ ორიენტაციად მიიჩნევა, ბაღაფშისათვის გალელთა ხმების წართმევაზე პრეზიდენტობის სხვა კანდიდატი ანრი ჯერგენია და მისი ახლო ნათესავი, წლების განმავლობაში გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რუსლან ქიშმარია იზრუნებენ.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “ქიშმარიას შეუძლია ეს ხმები მოსწყვიტოს ბაღაფშს და მისცეს ჯერგენიას. ჯერგენია ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართველების ხმები დაიკარგება.”

თუმცა არის კიდევ ერთი საშუალება, რომელმაც ეთნიკურ ქართველთა ხმების განეიტრალება უნდა უზრუნველყოს. იგულისხმება გალში დაბრუნებულ დევნილთა რეალური რიცხოვნების ხელოვნური შემცირება. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება გალში დაბრუნებულ 12 ათასამდე ადამიანზე ლაპარაკობს. ამ მონაცემის შემოწმება მე საქართველოს უშიშროების სამინისტროს გალის განყოფილებაში ვცადე, პასუხად კი, აი, რა მივიღე:

[უშიშროების ოფიცრის ხმა] “არა, არა, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს! მე კომენტარს ვერ გავაკეთებ ამის თაობაზე!”

3 ოქტომბრის არჩევნებისადმი დაახლოებით მსგავს ზერელე დამოკიდებულებას ამჟღავნებენ აფხაზეთიდან დევნილი სხვა მოქალაქეებიც. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც რუსეთი გადაწყვეტს:

[აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცის ხმა] “ეს რუსზეა დამოკიდებული, ჩვენზე ჯერჯერობით არაფერია დამოკიდებული.”

დევნილთა დიდი ნაწილის ამ მოსაზრებას პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ ეთანხმება. მისი აზრით, თუ გალის ქართული მოსახლეობა იაქტიურებს, შესაძლოა, დღის წესრიგში მეორე ტურის დანიშვნის აუცილებლობა დადგეს. იქ კი ხაჯიმბას ბაღაფშზე გამარჯვება გაუჭირდება. კითხვას, თუ რა განსხვავებაა ამ ორ პოლიტიკოსს შორის, ზაქარეიშვილი ასე უპასუხებს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “თუ ხაჯიმბა მოვიდა, ეს იქნება აგრესიული ხაჯიმბა. საქართველოს მნიშვნელოვნად მეტ პრობლემას შეუქმნის ხაჯინბა, ვიდრე ქმნიდა არძინბა. ბაღაფში უფრო აფხაზია, უფრო აფხაზებისთვის ზრუნავს, ვიდრე ხაჯიმბა, რომელიც არის რუსეთის აგენტი. რასაც რუსეთი ეტყვის, იმას გააკეთებს ხაჯინბა, მაგრამ ბაღაფში მიიღებს აფხაზეთის სასარგებლო გადაწყვეტილებას, ანუ ბაღაფში უფრო უნარიანია წამოვიდეს მოლაპარაკებებზე დამოუკიდებლად რუსეთისაგან რაღაც გარკვეულ მომენტში.”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG