Accessibility links

logo-print

ისლამის სხვა სახე: აგრესიული სტერეოტიპი, კომპლექსური სინამდვილე


დღევანდელ დღეს, ალბათ, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველაზე დიდ და გადაუჭრელ პრობლემად ტერორიზმს დაგისახელებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის ფენომენს ვრცელი ისტორია აქვს, ისტორიკოსთა უმეტესობა თანხმდება, რომ მისი პირველი გამოვლინებები უკვე მეშვიდე საუკუნეში გვხვდება. ალბათ, ისიც უდავოა, რომ ტერორიზმმა თანამედროვე ეპოქაში მიაღწია ყველაზე დიდ, გლობალურ მასშტაბებს. უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტებიდან გამომდინარე, მსოფლიო ალაპარაკდა საერთაშორისო ტერორიზმზე, რომელსაც სარჩულად რელიგიური ექსტრემიზმი უდევს. მე ამ ურთულეს პრობლემასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის გარკვევას შევეცადე.

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] “მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავამართლებ. უბრალოდ, არ შემეძლო იმ კადრების ყურება, როდესაც ის დამწვარი ბავშვები გამოჰყავდათ იმ სკოლიდან. ამის გამართლება არანაირად, არაფრით არ შეიძლება. მაგრამ მე ისიც კარგად ვიცი, რომ ეს მოვლენები არავითარ შემთხვევაში დაკავშირებული არ არის ისლამთან. პირიქით: ისლამის მიერ ყველანაირი აგრესია არის უარყოფილი. ისლამი არის რელიგია, რომელიც პირდაპირ აცხადებს: ‘ლა იქრა ჰაფიდ დინნი’ – არავითარი იძულება სარწმუნოებაში.”

ეს იყო აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც ისლამის და ძალადობის ურთიერთმიმართების საკითხებზე მესაუბრა. ჩვენს შეხვედრას წინ უძღოდა ბესლანში მომხდარი გამორჩეული სიმძლავრის ტრაგედია, რამაც, ცხადია, ამ თემებზე საუბარს მძიმე ფონი შეუქმნა. თუმცა ისლამი ამ შემთხვევამდეც უკვე დაკავშირებული იყო ძალადობასთან; უკანასკნელ წლებში ხომ ექსტრემისტი მუსლიმებისგან შემდგარი საერთაშორისო ტერორისტული ქსელები ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ გლობალურ საფრთხედ ისახება.

მაგრამ გიორგი ლობჟანიძესთან ჩემი შეხვედრის მიზანი ექსტრემისტული დაჯგუფებების, ისლამის განხრების ან ყურანის ინტერპრეტაციების შესახებ საუბარი არ ყოფილა. მთავარი, რაც მაინტერესებდა, კლასიკური ისლამის და ძალადობის ურთიერთმიმართება იყო და, ამდენად, გიორგის უშუალოდ ყურანში მოცემულ საკითხებზე ვთხოვე კომენტარი. პირველ რიგში, მას ვკითხე ჯიჰადის ცნების შესახებ, რომელსაც თანამედროვე მედია ისლამური სამყაროს ექსტრემისტი წარმომადგენლების მიერ დასავლეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ ‘წმინდა ომად’ სახავს. გიორგის ვთხოვე აეხსნა, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს ჯიჰადის იმ მნიშვნელობასთან, რომელიც ყურანშია მოცემული.

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] “რას ნიშნავს თვითონ ტერმინი ჯიჰადი – ეს, რასაკვირველია, არაბული ტერმინია, იმიტომ რომ თვითონ ყურანი არაბულად იქნა ზეგარდმოვლენილი, მუსლიმების რწმენით, და არაბულ ენაზეა დაწერილი. ეს არის ‘ჯჰდ’ ძირი, არაბული ‘ჯჰდ’ ძირიდან მომდინარე, მარტივად რომ ვთქვათ, და ნიშნავს მცდელობას. თავიდან ეს ტერმინი უკავშირდებოდა ყოველგვარ მცდელობას ალაჰის გზაზე. ეს ნიშნავს სულისმიერ მცდელობას, რომ ადამიანი დაუახლოვდეს უფალს. ნებისმიერი ქველი საქმე, ნებისმიერი სიკეთე ითვლებოდა ჯიჰადად – ანუ, როგორც შემდგომ გაიაზრეს, ბრძოლად სამოთხის მოპოვების გზაზე, ღმერთთან დაახლოების გზაზე. შემდგომ უკვე, როდესაც მუჰამედის სიცოცხლის პერიოდშივე ისლამს ძალიან დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდა, როგორც ახლად მოსულ და ახლად დამკვიდრებულ რელიგიას, ამან მიიღო ბრძოლის მნიშვნელობაც – ოღონდ არა ურწმუნოებთან, არამედ მოწინააღმდეგეებთან.”

გიორგი ლობჟანიძის თქმით, ყურანი მკაცრად და მკაფიოდ განსაზღვრავს ჯიჰადის წარმოების წესებს:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] “ჯიჰადი არის არა თავდასხმითი, არამედ თავდაცვითი მოვლენა, იმიტომ რომ ყურანში მკაფიოდ არის ნათქვამი: ‘იბრძოლეთ ისე, როგორც ისინი გებრძვიან, და არასოდეს წამოიწყოთ ბრძოლა პირველებმა’. ჯიჰადის დროს არაფრით არ შეიძლება ბავშვების და მოხუცების მოკვდინება. გამორიცხულია. ჯიჰადის დროს შენ ებრძვი მხოლოდ მოწინააღმდეგეს, რომელსაც იარაღი აქვს ხელში. და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც პიროვნებისათვის, და საერთოდაც, არ შეიძლება გარემოს, ცოცხალი ბუნების განადგურება. ხე და ბალახიც კი არ უნდა გაანადგურო ჯიჰადის დროს.”

გიორგი ლობჟანიძე მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი მცდარი წარმოდგენა ისლამზე მას სხვა რელიგიების მიუღებლობას მიაწერს:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] “ქრისტიანებსაც და იუდეველებსაც ყურანში ჰქვიათ ‘აჰლალ-ქითაბ’. ეს დაახლოებით რომ ვთარგმნოთ, იქნება “ხალხი წიგნისა”, “საღვთო წერილის ხალხები”. ამიტომაც, თუკი აღიარებს ყურანი იმას, რომ ეს საღვთო წერილის ხალხებია, ის არ შეიძლება ქრისტიანებს და იუდეველებს მოიაზრებდეს როგორც ურწმუნოებს. შესაძლოა, შემდგომ განვითარდეს თეოლოგიური კამათები ამა თუ იმ საკითხზე და ეს ბუნებრივიც იქნებოდა – ყველა რელიგია თვითკმარია და ყველა აცხადებს პრეტენზიას ჭეშმარიტებაზე. აქედან გამომდინარე, ეს კამათი მუდმივად იქნებოდა,მაგრამ არა ის, რომ ისლამს ხაზი გადაესვა სხვა რწმენის არსებობისთვის.”

ექსტრემიზმი და აგრესია ბევრ იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას ახასიათებს და, ამ მხრივ, ისლამის ზოგიერთი ინტერპრეტაციაც არ არის გამონაკლისი. მაგრამ გიორგი ლობჟანიძე მიიჩნევს, რომ ისლამის, როგორც ასეთის, ერთმნიშვნელოვნად აგრესიულ რელიგიად წარმოჩენა, რაც დასავლეთს შუა საუკუნეებიდან ახასიათებს, ამ რელიგიის ზედაპირული და ევროცენტრისტული აღქმის შედეგია. უკანასკნელ პერიოდში მომძლავრებულ, ისლამის სახელით ჩადენილ, ძალადობრივ აქტებს კი იგი მსოფლიოს კოლონიურ წარსულს და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დღემდე არსებულ პოლიტიკურ და კულტურულ იერარქიებს უკავშირებს:

[გიორგი ლობჟანიძის ხმა] “ყველაფერი ამ სამყაროში, მე ასე მწამს, რაღაცა რაღაცის პასუხია აუცილებლად, აგრესია ბადებს აგრესიას. და ამიტომ იქნებ ამ აგრესიის მიზეზებზე დაფიქრებულიყო დასავლური სამყარო. რატომ წამოვიდა მუსლიმებისგან ეს აგრესია და რისი პასუხია ის თავის აფეთქებები, კონკრეტულად, რაც აღმოსავლეთის რეგიონში ხდება, და თუნდაც დღევანდელი მოვლენები რისი პასუხია. ეს არის ძალიან მძიმე, აღმოსავლეთის რეგიონის არაადეკვატური აღქმის შედეგი დასავლეთის მხრიდან, როცა დასავლეთი ყოველთვის უყურებდა აღმოსავლეთს როგორც კოლონიას, რომლისთვისაც თავზე შეიძლებოდა მოგეხვია ძალიან ბევრი რამ. სხვათა შორის, ახლა მე არ ვლაპარაკობ ისლამის პოზიციებიდან და იმიტომ უფრო ვაკრიტიკებ დასავლურ აზრს, რომ მის ნაწილად მოვიაზრებ თავს. დასავლურ აზრს, სამწუხაროდ, სჩვევია საკუთარი დანაშაულებების, კომპლექსების სხვისთვის გადაბრალება. ზოგ შემთხვევაში რაღაც განტევების ვაცი სჭირდება. ამ შემთხევაში ეს არის ისლამი. რასაკვირველია, ისლამსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, ანუ აღმოსავლურ სამყაროსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი კუთხიდან შევხედოთ და ჯობს, რომ რაღაცნაირად უფრო მიზეზები გავიაზროთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი.”

რაოდენ რთული და კომპლექსურიც უნდა იყოს დღევანდელ სამყაროში არსებული დაძაბულობებისა და აგრესიის მიზეზები, ალბათ, შეუძლებელია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ მათი გააზრება შეიძლება გახდეს ტერორთან ბრძოლის ეფექტური გზა. იქნებ სწორედ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დაუნახაობა იწვევდეს იმას, რომ ძალადობა და აგრესია მსოფლიოში შეუქცევად ხასიათს იღებს.
XS
SM
MD
LG