Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანის კრიზისმა ოსებისა და ინგუშების ურთიერთობა კვლავ დაძაბა


მუსლიმან ინგუშებსა და მათ მეზობელ ქრისტიან ოსებს შორის ისტორიულმა დაძაბულობამ, რომელიც 1992 წელს შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1994 წელს დაპირისპირებულ მხარეთა პრეზიდენტებმა ძველი წყენის დავიწყებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და დევნილი ინგუშების ოსეთში დაბრუნების შეთანხმებას ხელი სწორედ ქალაქ ბესლანში მოაწერეს. ბოლო მოვლენების გათვალისწინებით კი, იგივე ბესლანი, შერიგების ნაცვლად, ამჯერად უკვე დაძაბულობის გაღვივებასთან ასოცირდება.

ჩრდილოეთ ოსეთში ინგუშების მიმართ გაღიზიანება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბესლანის სკოლის შენობაში შეჭრილ შეიარაღებულ ადამიანებს შორის ინგუშების ყოფნა გახმაურდა. განრისხებული ოსები, შვილების სადისტურად დახოცვის გამო, ინგუშებს სამაგიეროს გადახდით ემუქრებიან.

როგორც რადიო “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახურის კორესპონდენტი ასლანბეკ დადაევი იტყობინება, ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. ის საუბრობს ინციდენტზე, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში, ეთნიკური ინგუშებით დასახლებულ სოფელ კარცაში, მოხდა:

{ასლანბეკ დადაევის ხმა} “იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ოსები, თითქოს, ცდილობდნენ სოფელში შეჭრას და იქ ხალხის დახოცვას თუ, ვინ იცის, რას. მაგრამ პოლიციამ მათი შეჩერება მოახერხა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ადგილობრივ ინგუშებს, თითქოს, ხელშეუხებლობის დაპირებაც მისცეს და უთხრეს: სოფლიდან არსად წახვიდეთ, აქ დარჩითო. სიტუაციის განსამუხტავად ოფიციალურ დონეზე ყველაფერი კეთდება, მაგრამ ხალხი ახლა შურისძიების გრძნობით არის შეპყრობილი და ეს მეტად სახიფათოა.”

პაველ ბაევი ოსლოში, საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის კავკასიის საკითხების სპეციალისტი, აცხადებს, რომ თუკი ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციის დასარეგულირებლად ყველა ღონეს არ მიმართავს, შესაძლოა, ჩრდილოეთ ოსეთში კონფლიქტის შემდეგ დაბრუნებული 300 ათასი ეთნიკური ინგუში ძალადობის რეალურ სამიზნედ იქცეს:

{პაველ ბაევის ხმა} “პრიგოროდნის რაიონში ინგუში მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობაა თავმოყრილი - ისინი, ვინც, ნებართვით თუ უნებართვოდ, დაბრუნდა საკუთარ სახლში. და ისინი ახლა, ბუნებრივია, რეგიონში მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილსა და ხალხში მოჭარბებული მრისხანების რეალურ სამიზნეს წარმოადგენენ.”

ჩრდილოოსებისა და ინგუშების დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მიწურულიდან იღებს, ანუ მას შემდეგ, რაც სტალინმა ჩეჩენ-ინგუშების ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლა. ჩეჩნებმა და ინგუშებმა შინ დაბრუნება მხოლოდ 1950 წლისთვის მოახერხეს, მაგრამ, საბჭოური ჩანაფიქრის შესაბამისად, ისინი ქონების გარეშე, მშრალზე დარჩნენ. სწორედ ამ პერიოდში უპირატესად ინგუშებით დასახლებული პრიგოროდნის რაიონი მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდა და სწორედ იქვე ჩაიმარხა პოტენციური კონფლიქტის ნაღმი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის ინგუშმა მოსახლეობამ ეთნიკურ ოსებს ტერიტორიებისა და უძრავი ქონების დაბრუნება კატეგორიულად მოსთხოვა. სწორედ ამ მიზეზით გაღვივდა დაძაბულობა, რომელიც 1992 წელს ამ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელ შეიარაღებულ კონფლიქტშიც კი გადაიზარდა.

12 წლის შემდეგ, როდესაც ომის ჭრილობა ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული, ექსპერტები შიშობენ, რომ ბესლანის ტრაგედიამ, შესაძლოა, ახალი ცეცხლი გააჩაღოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG