Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პოლიტიკის გავლენიანი ფიგურები


საერთო აღიარებით, მიხეილ სააკაშვილი უაღრესად გავლენიანი პრეზიდენტია. იმავდროულად, იგი თავადაც ექვემდებარება გარკვეულ ზემოქმედებას საკუთარი გარემოცვის მხრიდან.

როგორ განლაგდნენ გავლენიანი ფიგურები ქართულ პოლიტიკურ და სახელისუფლო ინტერიერში? ვინ ვის გვერდით ან პირისპირ დგას და ვინ რომელ პოლიტიკურ თუ სახელისუფლო ცენტრს აძლიერებს?

საქართველოს ახალ ხელისუფლებას თავიდანვე სამი ლიდერი ჰყავდა: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. შესაბამისად, დღეს ქვეყანაში სამი პირობითი პოლიტიკური ცენტრი არსებობს. თუმცა, გადაწყვეტილებებზე გავლენის მიხედვით, მათი წონა და მნიშვნელობა განსხვავებულია.

მთავარ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის მიხეილ სააკაშვილი, თავის უშუალო გარემოცვასთან ერთად. შორიდან ძნელი სათქმელია, ვის ენდობა პრეზიდენტი და ვის აძლევს საშუალებას, რეალური გავლენა მოახდინოს პროცესებზე. მეტ-ნაკლები ალბათობით შეიძლება დასახელდნენ ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი. მათ შორის ყველაზე გავლენიანი ამ ეტაპზე ირაკლი ოქრუაშვილია.

პრეზიდენტის გარემოცვაში ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩუბინიშვილი. იგი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი არასოდეს ყოფილა, სხვისი გუნდის წევრებს კი პრეზიდენტი, როგორც წესი, არ ენდობა. ამიტომ მისმა დანიშვნამ ესოდენ საყრდენ თანამდებობაზე ბევრი ეჭვი და ვარაუდი გააჩინა. პრესაში გამოქვეყნდა ვერსია ჩუბინიშვილის შესაძლო გავლენიანი კავშირების შესახებ საქართველოს ფარგლებს გარეთ (კერძოდ, რუსეთში) და მას “რუხი კარდინალის” წოდებაც მიენიჭა.

მეორე პირობითი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი ზურაბ ჟვანიაა. მის ირგვლივ შემოკრებილია ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური გუნდი. ჯერჯერობით ჟვანია სუსტ სახელისუფლო ფიგურად გამოიყურება, რადგან იგი შეძლებისდაგვარად ცდილობს, ჩრდილში დარჩეს. ასეთ არჩევანს ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ჟვანია მეტისმეტად გამოცდილი პოლიტიკოსია და, ბუნებრივია, არ იჩქარებს: რაც შეიძლება დიდხანს დააკვირდება ახალგაზრდა პრეზიდენტის საქმიანობის ავ-კარგს და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავს მასთან სიახლოვის ხარისხს. ჯერჯერობით ჟვანია ახერხებს, რომ სააკაშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყოს, მაგრამ, იმავდროულად, არ იყოს ბოლომდე გაიგივებული სააკაშვილის უშუალო გარემოცვასთან და პრეზიდენტის პოლიტიკასთან. შესაბამისად, იგი ახერხებს, მეტ-ნაკლებად გაემიჯნოს პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე; გაემიჯნოს არა როგორც ხელისუფალი, არამედ - როგორც პოლიტიკოსი. ამგვარი პოზიცია აბსურდულად გამოიყურება დღეს, მაგრამ ხვალ, შესაძლოა, მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს.

მესამე პოლიტიკური და სახელისუფლო ცენტრის ლიდერი ნინო ბურჯანაძეა. იგი გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება, ვიდრე რევოლუციური სამეულის დანარჩენი ორი წევრი. პარლამენტი, ფუნქციურადაც და შემადგენლობის თვალსაზრისითაც, მეტად სუსტია და, ამ ფონზე, უდავოდ სუსტია ბურჯანაძის პოზიციაც და მისი გავლენაც. მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეს სამომავლოდ ორი ძლიერი საყრდენი აქვს. პირველი ის რეალობაა, რომ არსებულ და პოტენციურ ლიდერებს შორის ბურჯანაძე ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურაა სააკაშვილის შემდეგ; ჯერჯერობით იგი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც რეალური ალტერნატივა შეიძლება შეუქმნას ამჟამინდელ პრეზიდენტს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორი. რევოლუციურ სამეულში “სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე” თავიდან ძალები ასე გადანაწილდა: სააკაშვილი და ჟვანია ბურჯანაძის პირისპირ. მაგრამ თუკი სამკუთხედი მტკიცეა, ის მიდრეკილია ძალთა განლაგების მუდმივი ცვლილებისკენ. სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის სამკუთხედი მტკიცეა, რადგან მისი სამივე წევრი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირია. შესაბამისად, ბურჯანაძის პოლიტიკური ცენტრი ერთბაშად გაძლიერდება, თუკი სამკუთხედში ძალთა დღევანდელი განლაგება შეიცვლება და ან სააკაშვილს დასჭირდება ძლიერი მოკავშირე, ან ჟვანიას. ბურჯანაძის ცენტრი იმ შემთხვევაშიც გაძლიერდება, თუკი სააკაშვილის მიმართ ნდობა მოიკლებს. ყველაზე საინტერესო და არაპროგნოზირებადი მაინც ის ვითარებაა, თუკი სააკაშვილის რეიტინგი შენარჩუნდება, ან კიდევ მეტად გაიზრდება.

დამოუკიდებელი ძალა და გავლენა დღეს მხოლოდ პრეზიდენტსა და მის გარემოცვას აქვთ. დანარჩენი ორი ცენტრი პირობითად არსებობს და მოვლენების განვითარებას ელოდება. მართლაც, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ერთადერთი, რაც შეუძლებელია, სტატუს-კვოს უსასრულოდ შენარჩუნებაა.
XS
SM
MD
LG