Accessibility links

logo-print

საქართველოს სავალუტო ბაზარზე პანიკის წინაპირობები შეიმჩნევა


როგორც ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობდნენ, ეროვნული ვალუტის კურსის ხელოვნურმა გამყარებამ უკუპროცესებს მისცა ბიძგი და ლარის კურსის

უეცარი ვარდნა დაიწყო. ბოლო 2 დღის მანძილზე ლარის კურსი, ამერიკის შეერთებული შტატების დოლართან შედარებით, 4-5 პუნქტით დაეცა. 9 სექტემბერს ამ მაჩვენებლის განსაზღვრა საქართველოს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის დამთავრების შემდეგ უნდა მომხდარიყო, თუმცა ვაჭრობა ჩაიშალა და ლარის კურსის ბედი სავალუტო ჯიხურებისა და ეგრეთ წოდებული სპეკულანტების ხელში გადავიდა.

9 სექტემბერს საქართველოს ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა ამერიკულ დოლარზე ისე გაიზარდა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში ლარის კურსის ვარდნა უმართავი გახდებოდა.

[ზაზა გრიგალაშვილის ხმა] ”ვაჭრობის ჩაშლის მიზეზი იყო ბირჟაზე არსებული წესები, როდესაც კურსის 5%-იანი მატების ზემოთ ვაჭრობა იშლება და ყველა გარიგება ანულირდება. იმისათვის, რომ ბირჟამ სპეკულაციური მოთხოვნები და სპეკულაციური მოწოდებები თავიდან აიცილოს ხოლმე და სავალუტო ბაზარს ეს მოვლენები თავიდან ააცილოს, ეს წესები იწყებს მოქმედებას.”

ეს იყო სავალუტო ბირჟის ექსპერტი ზაზა გრიგალაშვილი, რომლის მიერ ნახსენები წესები არც რეალურ ბაზარზე მოქმედებს და არც შავ ბაზარზე. იქ ლარის კურსი დახლოებით 9 პუნქტით დაეცა და, თუ 8 სექტემბერს 1 დოლარი 1 ლარი და 72 თეთრი ღირდა, 9 სექტემბერს 1 დოლარის ყიდვა 1 ლარად და 80 თეთრადაც კი გართულებული იყო.

ასეთი ვითარების ავკარგიანობაზე დისკუსიისთვის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამოიძახეს ქვეყნის ფინანსური პოლიტიკის მამები - ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე. ორივე იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების პროცესი კარგია და რომ ეროვნული ვალუტის კურსის მოულოდნელი ვარდნა უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟის ბრალია.

[ისმის კამათის ხმა]

[ირაკლი მანაგაძის ხმა] ”აჟიოტაჟი ტყდება ასეთი შეხვედრებით, სხვათა შორის. რაც უფრო გაგრძელდება ეკონომიკური საფუძველებიდან გაუაზრებელი განცხადებების გაკეთება, კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს აჟიოტაჟი.”
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”როგორც ჩანს, მაინც ეს აჟიოტაჟი უნდა გაგვევლო...”

ამ უკანასკნელმა, ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, პრესასაც უსაყვედურა ლარის კურსის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის პროვოცირება. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ბოლო დრომდე მიმდინარე ლარის გამყარების პროცესი მხოლოდ მდიდარ მოქალაქეებს აზარალებს, რომლებსაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ.
ნოღაიდელის გაანგარიშებით, ეს ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტია. არადა, 1 მილიონზე მეტი ქართველი საზღვარგარეთაა გახიზნული და იქიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებს. ანუ გარე შემოსავალზე საქართველოში დაახლოებით 4 მილიონი მოქალაქეა დამოკიდებული. ასევე, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას საბანკო ანაბრები უცხოურ ვალუტაში აქვს შენახული.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”მოსახლეობამ, ცხადია, ძალიან ძნელად და, ალბათ, ვერც დაიჯერა, როცა მას უმტკიცებდნენ, რომ, აი, თქვენ გამდიდრდით, იმიტომ რომ აქამდე 100 დოლარი 220 იყო და ახლა გახდა 170 ლარი. იმიტომ რომ 220 ლარით რასაც ყიდულობდა ადამიანი 6 თვის წინ, დღეს იმას 170 ლარით ვეღარ ყიდულობს. მეტსაც გეტყვით - 220-ითაც ვეღარ ყიდულობს, იმიტომ რომ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შემცირება არანაირად არ შეინიშნება. პირიქით, შეინიშნება ზრდა.”

ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის მიერ მოყვანილ ამ მარტივ მაგალითს ინფლაცია ჰქვია, რომლითაც ყველამ იზარალა და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველმა იმ ფენამ, რომელსაც შემოსავლები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში აქვს. ინფლაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძეც აღიარებს და ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “ინფლაცია არის 7 თვის განმავლობაში 5.5 % . ეს არის საკმაოდ ნორმალური კონტროლირებადი მაჩვენებელი...

თუმცა ასეთ პირობებში როგორ ახერხებდა ლარი გამყარებას, კვლავაც აუხსნელი რჩება. ამ გაუგებარ ვითარებას თან ახლავს უამრავი სხვა უარყოფითი ეკონომიკური შედეგი, რომელიც კიდევ უფრო გამრავლდება, თუ გამყარებული ლარის კურსის ბოლო დღეებში დაწყებულმა ვარდნამ პანიკა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG