Accessibility links

ისევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი ბესლანის ტრაგედიას საქართველოს ხელისუფლება მეყსეულად გამოეხმაურა. კომენტარები გააკეთეს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა. ქვეყანამ გამოხატა

ოფიციალური თანაგრძნობაც. და აი, ტერაქტის შემდეგ რუსეთმაც, ასე ვთქვათ, მოიცალა საქართველოსთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოუწოდა საქართველოს, არ ეძებოს გარეშე მტერი რუსეთში.

ვიმედოვნებთ, თბილისი მიხვდება, რაოდენ კონტრპროდუქტიულია რუსეთის სახით გარეშე მტრის ძიება. საქართველოს ხელისუფლება მაშინ იპოვის რუსეთის მიერ მისთვის გაწვდილ მეგობრობის ხელს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვმა ეს სიტყვები მოაყოლა შეკითხვას, ხომ არ ხედავს ის ბესლანის ტერაქტის კვალს საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. მინისტრის პასუხში აზერბაიჯანი საერთოდ არ ფიგურირებს. სერგეი ლავროვი ბესლანის ტრაგედიას უკავშირებს ვითარებას სამხრეთ ოსეთში. “სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილ კრიზისსა და მძევლების აყვანას ჩრდილოეთ ოსეთში, დღემდე რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ რესპუბლიკაში, გარკვეულ მოსაზრებებთან მივყავართ და პოლიტიკოსები მოვალენი არიან, არ გამორიცხონ აზრი, რომ ეს შემთხვევითი არ არის”, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ არ იცნობს ასეთი აზრის დამადასტურებელ კონკრეტულ ფაქტებს.

ლავროვს მიაჩნია, რომ საქართველო ცალმხრივად და ძალისმიერად უდგება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა გაიცნობიერებს ასეთი მიდგომის უპერსპექტივობას. რაც შეეხება ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისურვა, რომ ის უფრო ეფექტიანი იყოს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ისე რომ იყოს ნორმალიზებული, როგორც პრეზიდენტებმა, პუტინმა და სააკაშვილმა, მოილაპარაკეს, სიტუაცია გაუმჯობესდებოდა, თქვა სერგეი ლავროვმა.

საქართველოს ხელისუფლებას ამ განცხადებისთვის ჯერ არ უპასუხია. საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 სექტემბერს არ იცოდნენ, აპირებდნენ თუ არა პასუხის გაცემას. რაც შეეხება პუტინისა და სააკაშვილის მოლაპარაკებას, გაუგებარია, რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრი. 2004 წელს რუსეთისა და საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთა არაერთი შეხვედრისას გაცხადდა, რას მოითხოვს რუსეთი საქართველოსგან: ზურგი აქციოს დასავლეთს, უარი თქვას ევროპის კავშირსა და ნატოში გაერთიანებაზე, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლითაც ივალდებულებს, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები არ განლაგდებიან მის ტერიტორიაზე, შევიდეს საბაჟო კავშირში რუსეთთან და საქართველოს საზღვრებზე რუსი მებაჟეებიც ჩააყენოს, შევიდეს რუბლის ზონაში. ამ მოთხოვნათა ფონზე, რუსეთმა უარყო საქართველოს შეთავაზება, 25 წლით დაეტოვებინა სამხედრო ბაზები საქართველოში და მათ საფუძველზე ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრები შეექმნა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას სიტყვიერად არა, მაგრამ მოქმედებით ლავროვის განცხადებისთვის პასუხი, გარკვეულწილად, გაცემული აქვს.
XS
SM
MD
LG